დოპინგი: უკრაინელებს სხვებიც დაუმატეს

AutoSharing Option
ფოტოზე: მაგომედმურად გაჯიევი
დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ანდრეი კვიატკოვსკი (65), ალან ზასეევი (125) და ბელორუსი იუსუპ ჯალილაუ (125) დოპინგზე ჩავარდნენ.

ამ ამბავზე "ლელოც" წერდა, ოღონდ ჩვენ მხოლოდ გავრცელებულ ხმებს და იმ ფაქტს ვეყრდნობოდით, რომ სტამბოლში გამართულ ბოლო სალიცენზიო ტურნირზე ამ ქვეყნებმა სამივე დასახელებულ წონაში ახალ-ახალი მონაწილე გააგზავნეს, იმის მიუხედავად, რომ სერბეთში სამივეს უკვე მოპოვებული ჰქონდა საგზურები.

ახლა ამის თაობაზე უკვე ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამაც დაწერა, ანუ ამბავი ნამდვილია, თუმცა აღნიშნულმა წყარომ სიას კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი
დაუმატა, რომელთაგანაც ერთი ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა - ჩავარდა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი (ოღონდ არაოლიმპიურ კატეგორიაში - 70 კილოგრამში), პოლონელთა ნატურალიზებული დაღესტნელი მაგომედმურად გაჯიევი (65).

შეგახსენებთ, რომ სწორედ გაჯიევმა დაგვიმარცხა ევროპული პირველობის ფინალში დავით ტლაშაძე, ვისაც შარშანაც მოუგო ევროპულ თამაშებზე. ევროპირველობის შემდეგ გაჯიევმა ოლიმპიადაზე მოხვედრის იმედით 65-მდე დაიკლო და სერბულ ზრენჯანინში გამართული ევროპული საკვალიფიკაციო ტურნირიც მოიგო, თუმცა სწორედ იქ აღმოაჩნდა დოპინგი...

მსოფლიოს ფედერაციის საიტი წერს, რომ 65 კილოგრამში გაჯიევსა და კვიატკოვსკის გაუუქმდათ სერბეთში ნაჩვენები შედეგი, ჩამოერთვათ ლიცენზია, რომელიც მეხუთეზე გასულ საქართველოსა (ზურაბ იაკობაშვილი) და სომხეთს (დავიდ საფარიანი) გადაეცათ, რადგან ნახევარფინალში გაჯიევმა სომეხს, უკრაინელმა კი ჩვენს ფალავანს მოუგო.

თუმცა იაკობაშვილმა მომდევნო კვირაში მონღოლეთში თვითონაც მოიპოვა საგზური - გამოდის, იქ გაგზავნის ხარჯი ჩვენმა ფედერაციამ ტყუილად გაიღო, თურმე ლიცენზიას ისედაც მოგვცემდნენ. თავის მხრივ, იაკობაშვილს ჩამოართვეს მონღოლეთში მოპოვებული კვოტა და ის ბულგარეთს გადასცეს, რადგან ჩვენებურმა ნახევარფინალში იქაურთა ფალავან ბორის ნოვაჩკოვს აჯობა.

თუმცა, მაგომედოვის გამოკლებით, ყველაზე მეტად სომხეთმა და პირადად საფარიანმა იხეირეს - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ულიცენზიოდ იყო დარჩენილი, ახლა კი ტუზი დაეცა. სხვათა შორის, ის მონღოლეთში იაკობაშვილმა დაამარცხა. საფარიანი ტიტულოვანი კია, მაგრამ წონის დაკლება ძალიან უჭირს და ისე ვეღარ ქუხს...

შერისხულთა სიაში კიდევ რამდენიმე მოჭიდავე მოხვდა: ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან ყირგიზი ჟანარბეკ კენჟიევი (85), ქალებში მონღოლი სუმიია ერდენეჩიმეგი (53) და უკრაინელი ოქსანა ჰერჰელი (58), ვინც ამათ შორის ყველაზე ტიტულოვანია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ფინალისტია.

თუმცა არაა გამორიცხული, ეს სია კიდევ გაიზარდოს, რადგან ჯერჯერობით გამოქვეყნდა მხოლოდ ორი რეგიონული სალიცენზიო შეჯიბრების - ევროპის და აზიის შედეგები, რომლებიც, შესაბამისად, სერბეთსა და ყაზახეთში გაიმართა. მონღოლეთსა და თურქეთში გამართულ ტურნირებზე ჯერ დასკვნები არ დადებულა.

დასასრულ, გეტყვით, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ლაპარაკი ისევ მელდონიუმზეა. ჩანს, ისინი მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის შემდეგაც იღებდნენ ამ წამალს, როცა დოპინგის სიაში შეიტანეს, თორემ მანამ მიღებულებზე საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ამნისტია გამოაცხადა, რაც ჩვენს მოჭიდავეებსაც შეეხოთ და ექვსივე მათგანი სასჯელს გადაურჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული