სანდრო ამინაშვილი: მთავარი დამნაშავე ტრავმები იყო

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების იმ ოთხეულში შედის, ვინც შარშანვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური.

ამის მიუხედავად, ერთი შეხედვით, ყველაზე მძაფრი კონკურენცია ამ წონაშია შენარჩუნებული, რადგან ტიტულოვანი კონკურენტი ჰყავს - ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი დავით მარსაგიშვილი, ვინც ევროპის წლევანდელ პირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა.

თუმცა ეს საკითხი მაინც მწვრთნელთა გადასაწყვეტია და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სამაგიეროდ, გთავაზობთ ინტერვიუს ამინაშვილთან, რომელიც ჯერჯერობით თბილისში ვარჯიშობს, როგორც ნაკრების სხვა
წევრები, მალე კი შეკრებაზე წავლენ, რასაც ამერიკული ტურნირი მოჰყვება.

- სანდრო, რას გეგმავთ უახლოეს მომავალში, რომელი შეჯიბრებების თუ შეკრებებისთვის ემზადებით ამჟამად და რამე პრობლემები ხომ არ გაქვთ მოსამზადებელ ეტაპზე?
- ვვარჯიშობთ ჩვეულებრივად, ყოველდღიურ რეჟიმში. ახლა შეკრებას დავიწყებთ, ივნისის პირველ ნახევარში კი ლოს ანჯელესში გამოვალთ მსოფლიოს თასზე. დანარჩენს მწვრთნელები გადაწყვეტენ, სად და როგორ გავაგრძელებთ მზადებას.

საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არაა და რაც იყო ადრე ტრავმები, ყველაფერი მოგვარდა. იყო პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ ეს სპორტის შემადგენელი ნაწილია. ჰაიმორიტიც მაწუხებდა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მოგვარდა, გამოსწორდა და მთელი შემართებით ვვარჯიშობ.

- მზადება ადრინდელი სისტემით გრძელდება თუ სიახლეებიც არის?
- ამ გეგმას მწვრთნელები გვიდგენენ ყველას იმის მიხედვით, რაში გვჭირდება დამატება - ფიზიკური მომზადება იქნება თუ სხვა ასპექტები. განწყობა კარგია და ვვარჯიშობ მთელი დატვირთვით.

- სანდრო, მიმდინარე სეზონი ვერ დაიწყეთ კარგად. რა იყო ამის მიზეზი, რითი ხსნით ამას?
- როგორც გითხარით, იყო პატარ-პატარა ტრავმები, რის გამოც რაღაც დამაკლდა სრულყოფილად მომზადებამდე, სეზონს მართლაც ვერ შევხვდი ფორმაში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა.

- ანუ მხოლოდ ტრავმა იყო დამნაშავე? ვარსკვლავური ავადმყოფობაც ხომ არ იყო შარშანდელი წარმატებული სეზონის შემდეგ?
- არა, დამიჯერეთ, რომ ეს თვისება არ მახასიათებს. ჩემი დამოკიდებულება ვარჯიშისადმი ისევ ისეთივეა - ბოლომდე თუ არ დაიხარჯე, შედეგი არ იქნება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანმრთელობის მხრივ იყო გარკვეული პრობლემები და ეს ყველაფერი ამან გამოიწვია...

- ალბათ, ძნელი იქნებოდა წარმატებული სეზონის შემდეგ ეს მარცხი. მალე შეძელით მისი დავიწყება?
- კი, არ იყო იოლი. ისედაც ცნობილია, რომ ლიდერობის შენარჩუნება გაცილებით ძნელია, ვიდრე - მისი მოპოვება. როცა ლიდერი ხარ, ყველა საგანგებოდ ემზადება შენთან შესახვედრად. თუმცა, საბედნიეროდ, მალევე დავივიწყე...

საერთოდ, ადამიანმა უნდა გააანალიზო მომხდარი, უნდა შეგეძლოს გარკვეული დეტალების შედარება და მომხდარიდან სწორი დასკვნა გამოიტანო. მეც ასევე ვაანალიზებდი მომხდარს, საბოლოოდ კი მაინც ის შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი დამნაშავე ტრავმები იყო.

- სამაგიეროდ, ახლა ოლიმპიადაზე წასასვლელად დიდი შიდა კონკურენციის დაძლევა მოგიწევთ. როგორ ფიქრობთ, სად გადაწყდება ეს კონკურენცია?
- კონკურენცია ძალიან კარგია, თუმცა ამ თემაზე საბოლოო სიტყვა მწვრთნელებმა უნდა თქვან, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემი საქმე ვარჯიშია და ვიჭიდავებ ყველგან, სადაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, დანარჩენზე კი ვერაფერს ვიტყვი.

- კარგით, მაგრამ, ალბათ, ოლიმპიადისთვის თქვენც ემზადებით, თუ გუნდში დაგაყენებენ. ინდივიდუალური მუშაობა ხდება კონკრეტულ ფალავნებზე?
- სხვათა შორის, მეც ხშირად ვუყურებ ჩემს შეხვედრებს და ვცდილობ, ამოვხსნა, სად რა შეცდომა დავუშვი, სად რა შეიძლებოდა, უკეთ გამეკეთებინა. ბუნებრივია, მწვრთნელებიც მაძლევენ რჩევებს და ისინიც მეხმარებიან.

- ოლიმპიადაზე მოხვედრის შემთხვევაში ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?
- ოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს და ყველა ანგარიშგასაწევია, თუმცა რუსი აბდულრაშიდ სადულაევი მაინც გამორჩეულია - მესამე წელიწადი მიდის, კაცს შეჯიბრება არ წაუგია. თუმცა, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, ოლიმპიადაზე მოულოდნელი შედეგები ხშირად ხდება და ფავორიტებს არცთუ იშვიათად აგებენ.

რა გითხრათ - ბრძოლა და მოგება ყველასთან შეიძლება. მთავარია, როგორ მოემზადები და როგორ მოინდომებ კონკრეტულ შეხვედრაში. კიდევ ვიმეორებ - მოგება ყველასთან შეიძლება და დაუმარცხებელი არავინაა.

- რაც ირაკლი მწითურმაც დაამტკიცა 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე იმავე სადუალევთან შეხვედრაში...
- ირაკლის 4-ქულიან გდებას გულისხმობთ? დიახ, ის მართლაც კარგი ეპიზოდი იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაუმარცხებელი არავინაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული