ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა

AutoSharing Option
საქართველოს მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრების წევრებს კარგი საჩუქარი გაუკეთა ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ხვიჩა მაქაცარიამ - პარასკევს სპორტსმენებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ესტუმრა და თითოეულ ოლიმპიელს, ანუ 11-ვე ათლეტს საჩუქრად 1000-1000 დოლარი გადასცა.

იმედია, ეს კარგი სტიმული აღმოჩნდება მოჭიდავეებისთვის და რიო დე ჟანეიროს თამაშებში წარმატებით გამოვლენ.

ამასთან, მაქაცარიამ დააფინანსა ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილის გამგზავრებაც. მას უკვე გაუკეთეს აკრედიტაცია და ის უბრალოდ კი არ დაესწრება თამაშებს, როგორც რიგითი მაყურებელი, არამედ გუნდთან ერთად იქნება და ჩვეულებრივ იმუშავებს სპორტსმენებთან.

აქამდე აკრედიტაცია
სამ მწვრთნელს ჰქონდა - რევაზ მინდორაშვილს, არჩილ ქიტიაშვილს და ნუგზარ სხირელს. ამათგან მინდორაშვილი და ქიტიაშვილი სანაკრებო მწვრთნელები არიან, როგორც ბედინეიშვილი, სხირელს კი ორი მოსწავლე ჰყავს გუნდში - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, წინა ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125).

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში ბედინეიშვილსაც ორი პირადი შეგირდი ჰყავს - ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86).

მოგეხსენებათ, ჩვენი მოჭიდავეები ოლიმპიადისთვის მზადების დასკვნით ეტაპს დუშეთსა და ბაზალეთზე გადიან, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.

"ბერძენ-რომაელთა" ხუთივე ლიცენზიანტი - ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი ტრიუმფატორი იაკობ ქაჯაია (130) ბაზალეთზე ცხოვრობს, ხოლო ლეიბზე სავარჯიშოდ დუშეთში ჩადის, სადაც სათადარიგო ფალავნები ემზადებიან.

ბრაზილიაში პირველად ისინი მიფრინავენ და შეკრებასაც უფრო ადრე ისინი ამთავრებენ. მათ დღეს საკონტროლო შეხვედრები ექნებათ და ამით შეკრებაც დამთავრდება.

ეს გუნდი რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად 4 აგვისტოს, გამთენიისას გაფრინდება.

"თავისუფლები" მთელი გუნდით, ანუ გაფართოებული შემადგენლობით დუშეთში არიან.

შეგახსენებთ, რომ ისინი ოლიმპიურ თამაშებში სრული გუნდით მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ექვსივე ლიცენზია მოიპოვეს: ბრაზილიაში ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (65), მაქარაშვილი, ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე (97) და პეტრიაშვილი იჭიდავებენ.

მათ 5 აგვისტოს ექნებათ საკონტროლო შეხვედრები, შეკრებას 6-ში დაამთავრებენ, ბრაზილიის შორეულ გზას კი 8 აგვისტოს, გამთენიისას დაადგებიან.

სამხრეთ ამერიკაში ორივე გუნდი ფრანკფურტის გავლით მიფრინავს. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ გუნდებში პრობლემა არაა, ყველა ჯანმრთელადაა და სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს. იმედია, საკონტროლო შეხვედრებიც გართულებების გარეშე ჩაივლის და ჩვენი მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული