დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ პეკინის 2008 და ლონდონის 2012 წლების ოლიმპიური თამაშების შედეგების ხელახლა გადასინჯვა დაიწყო, რადგან თანამედროვე ლაბორატორიული საშუალებები ბევრად ზუსტი შემოწმების საშუალებას იძლევა.

აი, ამ დღეებში ცნობილი გახდა შემოწმების პირველი შედეგები - დოპინგი აღმოუჩინეს პეკინის ოლიმპიადის უზბეკ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში არტურ ტაიმაზოვს (120) და ლონდონის თამაშების ფინალისტს ამავე სტილის ჭიდაობაში, აწ გარდაცვლილ რუს ბესიკ კუდუხოვს (60). ამათგან ტაიმაზოვის ამბავი ჭორად ადრევე გავრცელდა და გაჩნდა იმედი, რომ დარღვევა ლონდონის თამაშების სინჯებშიც აღმოუჩნდებოდა, რითაც დავით მოძმანაშვილი (ჩვენებურმა მასთან წააგო ფინალი)
ისარგებლებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

შედეგად, ახლა რუსთა დაღესტნელი ფალავანი ბახტიარ ახმედოვი ისარგებლებს - სწორედ ის გამოცხადდება ოლიმპიურ ჩემპიონად. ვერცხლი ქართული ფესვების მქონე დავით მუსულბესს გადაეცემა, ვინც კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთში გაატარა, მაგრამ ჩინეთში სლოვაკეთის სახელით გამოდიოდა. ბრინჯაოს მედალს მიიღებს კუბელი დისნეი როდრიგესი - ისიც და მუსულბესიც ტაიმაზოვთან დამარცხდნენ.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კუდუხოვი ღრმა ბავშვობაში საქართველოდან იყო გადასული რუსეთში, ქართულიც იცოდა, თუმცა არ ლაპარაკობდა. რამდენიმე წლის წინათ ის ავტოავარიაში დაიღუპა, თორემ ვინძლო, კიდევ მოასწრებდა მესამე ოლიმპიადაზე გამოსვლას - წლეულს გახდებოდა 30 წლისა. თამაშებში მან პირველად პეკინში იჭიდავა და მესამეზე გავიდა, ლონდონში კი ერთი საფეხურით წინ წაიწია და ფინალში გავიდა, თუმცა აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან ვერაფერს გახდა (აღსანიშნავია, რომ ასგაროვი ახლახან რიო დე ჟანეიროშიც გავიდა ფინალში, მაგრამ ამჯერად დამარცხდა). ახლა კუდუხოვის ნაცვლად ვერცხლს ინდოელი იოგეშვარ დუტი მიიღებს, ბრინჯაოს - ჩრდილოკორეელი ჯონ მიონ რი.

საინტერესოა, რომ ტაიმაზოვიც და კუდუხოვიც ოსები არიან და ორივე ძირითადად ვლადიკავკაზში ემზადებოდა, თუმცა კუდუხოვი ბოლოს მოსკოვში ცხოვრობდა. ტაიმაზოვი ყოველთვის ცნობილი "ქიმიკოსი" იყო, ანუ აქტიურად იყენებდა წამლებსო და ცოტა გასაკვირია, ლონდონის სინჯი სუფთა რომ აღმოჩნდა.

თუმცა, სამწუხაროდ, უცხოური წყაროები არ ამბობენ, ჯერ საერთოდ შეამოწმეს თუ არა მისი ლონდონური სინჯი, მაგრამ, სავარაუდოდ, უკვე გააკეთებდნენ ამას. ოღონდ დავიტოვოთ იმედი, რომ ანტიდოპინგური სააგენტოს ექიმებს ის ჯერ მარაგში აქვთ და ჩვენც გამოვკრავთ სახეიროს ხელს.

ისე, ბედის ირონიაა, რომ პეკინში ეგრევე ვერ აღმოუჩინეს დოპინგი - დიდი ალბათობით, ლონდონში არც იჭიდავებდა. მაშინ საიდუმლო არავისთვის იყო, რომ წონის მუდმივი კლებით გატანჯული, ჯანმრთელობაშერყეული და, ფაქტობრივად, მუდმივად ექიმთა მეთვალყურეობით მცხოვრები 33 წლის ფალავანი მხოლოდ იმიტომ დარჩა სპორტში, რომ მესამედ მოეპოვებინა ოლიმპიური ჩემპიონობა. ამით ის გაუთანაბრდებოდა ალექსანდრ კარელინს, ალექსანდრ მედვედსა და ბუვაისა საიტიევს - ეს ამოცანა წარმატებითაც შეასრულა, თუმცა, რაც არ გერგება, არც შეგერგებაო და ახლა ისევ მოუწევს ჩამოქვეითება.

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, ძველი სინჯების გადასინჯვით სარგებელი ვერ მივიღეთ, მაგრამ შანსი დაკარგული არაა - მოარული ხმებით, დადებითი პასუხი კიდევ სამ სპორტსმენს, მავან ყაზახ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ოლიმპიურ მედალოსანზეც მოვიდაო, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებენ. სამაგიეროდ, არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანის შემთხვევაში ჩვენც ავიწიოთ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. თანაც, სინჯების გადასინჯვა ჯერ ისევ გრძელდება, თუმცა აქ, თეორიულად, საწინააღმდეგო საშიშროებაც არსებობს, მაგრამ ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ბადეში ჩვენები არ მოხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ან აქამდე სადიყვნენ თუ დოპინგზე ჩავარდა რატო მოძმანას არმისცეს რა სტატისტიკები მოყავთ ვერ გავიგე ვისი ვისაშია რაა
vaskulat
14:51 02-09-2016
0
მაინც ვერ მივხდი რატომ არ შეხვდა მოძმანაშვილს ეს ტიტული, ესეც ჩავარდა.ცოტა გასაგებად დაწერეთ.
თორნიკე
13:58 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული