გაირკვა "თავისუფალთა" ნაკრების შემადგენლობა, რომელიც "ევროპის თასზე" იასპარეზებს

AutoSharing Option
გაირკვა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც "ევროპის თასზე" იასპარეზებს:

ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა (ორივე - 57), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე (61), ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი (65), დავით ტლაშაძე (70), იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი (ორივე - 74), სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური (86), ელიზბარ ოდიკაძე (97), გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი (125).

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ადრე ყოველთვის მოსკოვში ტარდებოდა და თანაც - ოქტომბერში, წლეულს კი პირველად შეუცვალეს ადგილიც და დროც - მოსკოვიდან ბუქარესტში გადაიტანეს, კალენდარში ადგილი კი ოქტომბრის ნაცვლად 18-19 ნოემბერს
გამოუძებნეს.

ასეთი გადანაცვლების გამო საერთაშორისო კალენდარში მეტისმეტი სიმჭიდროვე გაჩნდა - ამ ტურნირს ზუსტად ერთ კვირაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრება, ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ეტაპი მოსდევს, რომელიც 24-26 ნოემბერს ბაქოში იმართება. თუმცა როგორც ზემოდასახელებული შემადგენლობიდან ჩანს, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ აქცენტი რუმინეთის ტურნირზე გააკეთა და ძირითად გუნდს იქ აგზავნის.

ცხადია, ერთ კვირაში მათ მეორე ასეთ ძლიერ ტურნირზე არ აჭიდავებენ, ოღონდ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაქოში გამოსვლა ლიმიტირებულია, როგორც ეს წინა წლებში იყო - იწვევენ მხოლოდ ევროპის წლევვანდელი პირველობისა და ოლიმპიადის მედალოსნებს.

თუმცა ძნელად, მაგრამ გამონაკლისის კატეგორიით, გარკვეული შეღავათების გაცემა სხვებზეც ხდება, ოღონდ ჩვენებს ბაქოში წამსვლელი გუნდი ჯერ არ დაუსახელებიათ. ისინი აპირებენ, გარკვეული საკდრო ცვლილებები შეიტანონ გუნდში - შეიძლება, ვიღაც დაასვენონ (მით უფრო, კანდიდატებს წინა კვირას ბუქარესტში ექნებათ ნაჭიდავები), ვიღაც შეცვალონ, ვირაც ზედა წონაში დააყენონ და ასე შემდეგ. ეს საკითხი საბოლოოდ თვის ბოლოს დადგინდება.

როგორც ვხედავთ, ბუქარესტში ყველა უძლიერესი ქართველი ფალავანი იასპარეზებს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ტრიუმფატორთა თავკაცობით - ოლიმპიური ჩემპიონი ხინჩეგაშვილიც იქნება და მესამე პრიზიორი პეტრიაშვილიც. ალბათ, დააკვირდით, რომ ხინჩეგაშვილი 61 კილოგრამშია დასახელებული, რომელიც მისთვის უცხო წონა ნამდვილად არაა - ოლიმპიადის წინაც ხშირად ჭიდაობდა იქ და წლეულს ამ წონაში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.

ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე გამოცხადდა, რომ თამაშების შემდეგ ის 61-ში გადავიდოდა და ახალ ოლიმპიურ ციკლს იქ ჩაატარებდა. ეს ასეც იქნება, თუმცა როგორც ნაკრების მწვრთნელმა დავით პოღოსიანმა გვითხრა, სპორტსმენის სურვილის შემთხვევაში მას საერთაშორისო ტურნირებზე არც 57-ში ჭიდაობას დაუშლიან. საქმე ისაა, რომ ამ რანგის შეჯიბრებებზე ზედმეტი 2 კილოგრამის დაშვება ნებადართულია ანუ 59 კილოთიც შეუძლია იქ ჭიდაობა. თუმცა ვიმეორებთ - ეს ეხება მხოლოდ საერთაშორისო ტურნირებს, აი, ევროპა-მსოფლიოზე კი, შესაძლოა, 57-მდე არც დააკლებინონ.

ჩვეულებისამებრ, სეზონის მიწურული სატურნირო აქტივობებით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ამას უფულობაც დაემატა. ამიტომ ჯერ გადაჭრით ვერ ამბობენ, წავლენ თუ არა ნოემბერში ყაზახურ თარაზში გასამართავ კუნაევის მემორიალზე, ანაც ხარკოვში საკლუბო ტურნირზე თუ სხვა შეჯიბრებებზე.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ "თავისუფლები" არ ჩაატარებენ მსოფლიოს ჩემპიონატის შიდა შესარჩევ ტურნირს იმ ორ არაოლიმპიურ წონაში - 61-70-ში, თუმცა აქ უფულობა არაფერ შუაშია. მიზეზი ისაა, რომ ამ წონების ლიდერებს - ბექა ლომთაძეს და ტლაშაძეს სოლიდური კონკურენტები არ ჰყავთ. ამიტომ მათ ავტომატურად გაინაღდეს გამოსვლა 10-11 დეკემბერს ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე.

"თავისუფალთაგან" განსხვავებით, გეგმები ჯერ ბოლომდე არ დაულაგებიათ "ბერძენ-რომაელებს" - ისინი დღეს შეიკრიბებიან ფედერაციაში და საბოლოოდ დადგინდება, რომელ ტურნირებში და რა შემადგენლობებით მიიღებენ მონაწილეობას. "ევროპის თასზე" და "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ეტაპზე ესენიც გამოვლენ, მაგრამ წასაყვან ფალავანთა სია დასაზუსტებელია.

სამაგიეროდ, ბერძენ-რომაელები ატარებენ არაოლიმპიურ წონებში შიდა შესარჩევ შეჯიბრებას, ოღონდ ამათთან ის ორი წონა 71 და 80 კილოგრამებია. ეს შეჯიბრება 1-2 ნოემბერს თბილისში, სპორტკომლექს "არენაში" ჩატარდება.

თუმცა მანამდე ერთ ტურნირს ჩაეყრება საფუძველი - 26 ოქტომბერს თბილისში, ფალავანთა კლუბში ჩატარდება ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, უდროოდ გარდაცვლილი ვლადიმერ ადეიშვილის ხსოვნის ტურნირი. იგი ახალგაზრდებს შორის გაიმართება და წლეულს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, მომავალში კი არაა გამორიცხული, საერთაშორისო რანგი შეიძინოს. ამჯერად ეს შეჯიბრება ერთდღიანი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
kakula რამ გაგაბოროტა? ლადო საქართველოს სიამაყეა და მთლი საქართველო ლადოს გვერდდზე იდგება აწ და მარადიის!
seqtantebs!
16:03 18-10-2016
0
ხინცჰაგასჰვილს საქარტველოსჰი აგარავინ ქომაგობსს. ტკუილად იცჰიდავებსსს,მაინც ვერ ოიგებს ამ ტურნირსს და ვერცერტს
kakula
14:08 18-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული