"თავისუფლებმა" ბუქარესტის და ბაქოს ტურნირებისთვის შემადგენლობები გაარკვიეს

AutoSharing Option
ნოემბერი საკმაოდ დატვირთული ექნებათ ჩვენს მოჭიდავეებს, რადგან თვის შუაწელში ზედიზედ ტარდება ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება - 18-19 ნოემბერს ბუქარესტში "ევროპის ერთა თასი" ტარდება, ზუსტად ერთ კვირაში კი ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი იმართება სამივე საჭიდაო სტილში.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელობამ რუმინეთში წამსვლელი შემადგენლობა ადრევე გაარკვია და "ლელოც" წერდა, რომ იქ ჩვენები უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდოდნენ. გარკვეული კითხვის ნიშნები რჩებოდა ბაქოს ტურნირთან დაკავშირებით, რადგან იქ მონაწილეობა კვოტირებულია - იწვევენ მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ან ოლიმპიადის მედალოსნებს.

რაკი ლიდერებს
"ევროპის ერთა თასზეც" უწევდათ გამოსვლა, გადასახედი იყო, სად აჯობებდა მათი ჭიდაობა, სად აჯობებდა მათ ნაცვლად სათადარიგოების გაშვება.

სამწვრთნელო შტაბი სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ბაქოში შერეული შემადგენლობა გაუშვას, ანუ ლიდერთა ნაწილი იჭიდავებს, ნაწილს კი სარეზერვოები შეცვლიან. ასე მაგალითად, არ იქნება ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), მაგრამ იჭიდავებს ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125).

როგორც გითხარით, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა კვოტირებულია, თუმცა ლიცენზირებული სპორტსმენის შეცვლა შეიძლება. ოღონდ ამასაც მთელი პროცედურები სჭირდება - მსოფლიოს ფედერაცია ცდილობს, პრესტიჟი აუმაღლოს ამ შეჯიბრებას და ამიტომ ტიტულოვან ფალავანთა ჭიდაობას მკაცრად მოითხოვს. ჩვენებმაც ისარგებლეს ამ წესით და უმეტეს წონებში შეცვალეს მონაწილე.

მაგალითად, ხინჩეგაშვილმა ორ წონაში მოიპოვა ბაქოს საგზური - 57-ში ოლიმპიადაზე და 61-ში - ევროპაზე, თუმცა რადგან ერთი კვირით ადრე ბუქარესტში ჭიდაობს, აზერბაიჯანში საერთოდ არ მიჰყავთ. 57-ში მას ოთარ გოგავა შეცვლის, ზედა წონაში კი - გიორგი რევაზიშვილი.

ჩვენმა ნაკრებმა წლეულს ამ ტურნირის ლიცენზია 8-დან 7 წონაში მოიპოვა, თუმცა მომპოვებელთაგან მხოლოდ სამი იჭიდავებს ბაქოში - ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86), ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97) და პეტრიაშვილი მძიმე წონაში.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ტლაშაძე (70) და მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) ზუსტად იმავე მიზეზით ისვენებენ, რითაც ხინჩეგაშვილი - წინა კვირას ისინიც ბუქარესტში ჭიდაობენ. თანაც, ტლაშაძეს დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონატიც უწევს არაოლიმპიურ წონაში.

ამ შემადგენლობიდან აღსანიშნავია მარსაგიშვილის გამოჩენა, ვისაც რამდენიმე თვეა, არსად უჭიდავია. ღმერთმა დაიფაროს ყველა ტრავმისგან, თორემ ეს შემადგენლობა საბოლოოა და მწვრთნელები ავადმყოფობის გარდა, სხვა მიზეზით დასახელებული ფალავნების შეცვლას არ აპირებენ.

ბაქოს ტურნირის ლიცენზია ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 65 კილოგრამში ვერ მოიპოვა და ამ წონაში არც გვეყოლება მონაწილე. არადა, ზურაბ იაკობაშვილი ევროპაზე ძალიან ახლოს იყო მიზანთან - ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო და მეხუთეზე გავიდა.

ცოტა რთულადაა საქმე "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებში, სადაც ჯერ კიდევ არ დაუსახელებიათ ბუქარესტში წამსვლელი შემადგენლობა, თორემ ბაქოსი გარკვეულია - მხოლოდ ევროპის მედალოსანი სამეული იჭიდავებს: ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ვინც ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანიცაა.

რაც შეეხება რუმინეთში გასამგზავრებელ გუნდს, ისინი არაოლიმპიურ წონებში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შესარჩევ შეჯიბრებას ელოდებიან, რომელიც დღეს, 2 ნოემბერს ტარდება.

რუმინეთში წასვლამდე ორივე ნაკრები ბორჯომში გაივლის შეკრებას - 6-15 ნოემბერს. ბუქარესტში უფრო ადრე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაფრინდებიან - 16-ში, რადგან ისინი უფრო ადრე იწყებენ შეჯიბრებას, "ბერძენ-რომაელები" კი 17-ში დაადგებიან იმავე გზას.

ევროპის ერთა თასი
რუმინეთი, 18-19 ნოემბერი
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ. დავით ტლაშაძე
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ. სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი

"ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი
ბაქო, 24-26 ნოემბერი
57 კგ. ოთარ გოგავა
61 კგ. გიორგი რევაზიშვილი
70 კგ. დიმიტრი ბასილაშვილი
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე
86 კგ. დავით მარსაგიშვილი
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. გენო პეტრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული