ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს გააკეთა, თავისუფალ ჭიდაობაში აზერბაიჯანელი ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვია (97), ვინც ჭიდაობას თავი დაანება და თავისუფალ ჭიდაობაში ჩრდილო ოსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
33 წლის ფალავანმა "გედის სიმღერა" რიო დე ჟანეიროში იმღერა, სადაც ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე იყო კარიერის უმთავრეს მიზანთან - ოლიმპიურ ჩემპიონობასთან, მაგრამ ოცნების ასრულება ამერიკელმა
ხვავრიელი ტიტულების მიუხედავად, ის მაინც უიღბლოთა კატეგორიას ეკუთვნის, რადგან სამ ოლიმპიადაზე მოიპოვა მედალი, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი მაინც ვერ გახდა. უიღბლობაზე მიუთითებს ისიც, რომ ოთხჯერ იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოიგო.
ამის მიუხედავად, ზედმეტია კამათი იმაზე, რომ ფრიად შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა - 3 მედალი ოლიმპიადაზე, 5 - მსოფლიოზე (ერთხელ მესამეზე გავიდა) და ამდენივე - ევროპაზე! ეს ყველაფერი მის სტაბილურობაზე მიუთითებს და ასაკის მიუხედავად, ასეთი კონკურენტის გამოკლება შვებაა წონის ყველა ლიდერისთვის.
გოზიუმოვი ეროვნებით ოსია და 2006 წლამდე რუსეთის სახელით ჭიდაობდა, მერე კი აზერბაიჯანს მიაშურა და მის ნაკრებში 10 წელიწადი გაატარა, რადგან რუსეთში კონკურენტად ჰაჯიმურატ გაცალოვი ჰყავდა. ისინი ორივენი ვლადიკავკაზიდან არიან, სადაც გოზიუმოვიც ხშირად ჩადიოდა მოსამზადებლად და ერთადაც ვარჯიშობდნენ. სწორედ აზერბაიჯანში გადასვლას უკავშირდება მისი გვარის ცვლილება - შეცდომით თუ რუსულის გავლენით პასპორტში გაზიუმოვი ჩაუწერეს, არადა, როგორც თავად რამდენჯერმე განაცხადა, რეალურად გოზიუმოვია.
გოზიუმოვი ჩვენი ფალავნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო. ფაქტობრივად, მას ჩვენების სამ თაობასთან მოუწია პაექრობა - ჯერ ლუკა კურტანიძე იყო, მერე - გიორგი გოგშელიძე, ბოლოს კი ელიზბარ ოდიკაძე. ამათგან ყველაზე მეტი შეხვედრა გოგშელიძესთან ჩაატარა. ის ოდიკაძესაც ჰყავს დამარცხებული, თუმცა მერე ოსმა რამდენიმე პრინციპული შეხვედრაც მოუგო. მათ შორის - პირველი ევროპული თამაშების ფინალიც შარშან, ბაქოში.
თუმცა გოზიუმოვი აზერბაიჯანელთა ნაკრებში მომხდარი ერთადერთი ცვლილება არაა - ფედერაციის გადაწყვეტილებით, პოსტები დატოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიპულა აბსაიდოვმა და "ბერძენ-რომაელთა" ირანელმა დამრიგებელმა ჯამშიდ ჰაიდარაბადიმ. მათ ნაცვლად მოვიდნენ, შესაბამისად, ფირდოუსი უმუდოვი და აკიფ ალიევი.
მოსკოვის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი უმუდოვი დაღესტნელი ავარია, ვინც წინა ოლიმპიურ ციკლშიც წვრთნიდა ჩვენს მეზობლებს და ლონდონის თამაშების შემდეგაც დაატოვებინეს ეს პოსტი, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთში აზერბაიჯანს მხოლოდ ორი ოქრო ჰქონდა და ორივე "თავისუფალთა" ნაკრებმა მოიპოვა.
კულუარებში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელები ავარელის პოლიტიკურმა აქტიურობამ გააღიზიანა - იგი თურმე ჩრდილო აზერბაიჯანის რაიონებს დაღესტნიდან მიტაცებულ ტერიტორიებად მოიხსენიებდა (დაღესტნელებს მართლაც აქვთ ამ მიწებზე დავა). თუმცა ეს იქით იყოს, ჩვენთვის კი ცუდი ამბავია, რომ უმუდოვმა ახალი სამწვრთნელო შტაბი დაასახელა, რომელშიც ქართველი მწვრთნელი დავით ხურცია აღარ ჩანს.
დასასრულ, გეტყვით, რომ ბულგარეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ფინალისტი სერაფიმ ბარზაკოვი დანიშნეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"