მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გიორგი გოგშელიძის კლუბი "ჩემპიონიც" გამოდის

AutoSharing Option
ფოტოზე: ელიზბარ ოდიკაძე
ძიუდოსგან განსხვავებით, ჭიდაობაში საკლუბო სისტემა შედარებით ნელა იკვლევს გზას, თუმცა ამ დღეებში იქაურ მცირერიცხოვან კლუბებს კიდევ ერთი შეემატა - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონობამდე აღზევებულმა გიორგი გოგშელიძემ (მოგეხსენებათ, პეკინში მის მძლეველ უზბეკ თეიმურაზ თიგიევს დოპინგის გამო ვერცხლის მედალი ჩამოართვეს) კლუბი "ჩემპიონი" ჩამოაყალიბა, რომელიც პირველ საბრძოლო ნათლობას დღეს და ხვალ (30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს) ხარკოვში მიიღებს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.

ეს ტურნირი იქ წლეულს მესამედ გაიმართება და ამჯერად მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო კლუბი იასპარეზებს. შეჯიბრება გუნდური ფორმატით
- "კედელი-კედელზე" ჩატარდება.

დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, ხვალ კი ფინალური პაექრობებია. საპრიზო ფონდი ფრიად სოლიდურია - გამარჯვებული ჯილდოდ 25 000 დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 15 000-ს, მესამეადგილოსნები - თითო 10 000 დოლარს.

გოგშელიძემ თავის კლუბში შერეულ შემადგენლობას მოუყარა თავი - ახალგაზრდებსა და ეროვნული ნაკრების სარეზერვო ფალავნებს, 97 კილოგრამში კი ნაკრების ლიდერი, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძეც ჭიდაობს. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს მხოლოდ ორი უცხოელის დამატება შეუძლიათ, თუმცა "ჩემპიონში" მხოლოდ ქართველები იასპარეზებენ - ეს კლუბი ბოლო კვირებში შეიქმნა და გოგშელიძეს უცხოელთა დასამატებლად ფინანსები რომც ჰქონოდა, დრო არ ეყოფოდა.

ხარკოვში იასპარეზებს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (61), თუმცა არა ქართულ, არამედ ამერიკულ კლუბ "ტიტანი მერკურის" შემადგენლობაში, მაგრამ ხარკოვში ჩვენს კლუბთან ერთად გაფრინდა.

საინტერესოა, რომ "ტიტანში" რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის კიდევ ერთი გამარჯვებული, ამერიკელი კაილ სნაიდერი (97) გამოდის, ანუ ოდიკაძეს კვლავ ეძლევა შანსი, ისეთივე ჩინებული 4-ქულიანი გდება გაუკეთოს, როგორიც ბრაზილიის ოლიმპიადაზე ჩაუტარა.

აქვე გეტყვით, რომ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულია, როცა ირანული კლუბის შემადგენლობაში ამერიკელებს მოუგო და კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

ჩემპიონი
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ. შოთა ფარტენაძე
65 კგ. ლევან ქელეხსაშვილი
70 კგ. ალექსანდრე ჯაჭვაძე
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე, ნიკოლოზ კენჭაძე
86 კგ. ნოდარ ეგაძე
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. გიორგი მეშვილდიშვილი
მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე
მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული