ჭიდაობა. ინდოეთის ლიგა: ქართული დუელი დელიში

AutoSharing Option
2 იანვარს სტარტი აიღო ინდოეთის საკლუბო ლიგამ - "პრო-ლიგა", რომელშიც ოთხი ქართველი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ამ უძვირეს საკლუბო ლიგაში რვა კლუბი ასპარეზობს, რომლებიც ფალავნებს აუქციონზე ყიდულობენ. მონაწილეთა შორის 24 ინდოელი და ამდენივე უცხოელი ფალავანია, რომელთაგანაც 12 ვაჟია და ამდენივე ქალი. კლუბებში ცხრა წონითი კატეგორიაა, რომელთაგანაც ხუთი ვაჟებისაა - 57, 65, 70, 74 და 97 წონითი კატეგორიები, ოთხი კი ქალებისაა - 48, 53, 58 და 75.

წლევანდელ დრაფტზე ინდურმა კლუბებმა თავიდან სამი ქართველი იყიდეს - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი
(57), ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) და ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97), თუმცა მათ მოგვიანებით სათადარიგოებიდან ევროპის ვერცხლისმედალოსანი დავით ტლაშაძეც (70) დაემატა, რადგან უზბეკმა ბეხზოდ აბდურახმანოვმა იუარა პრო-ლიგაში ჭიდაობა.

ტურნირი მთლიანად ინდოეთის დედაქალაქ დელიში ტარდება და ის "კედელი-კედელზე" პრინციპით იმართება. მან სტარტი 2 იანვარს აიღო და 19-ში დასრულდება. 16 იანვრის ჩათვლით, წინასწარი შეხვედრები გაიმართება, დღეში ერთი პაექრობა, რომლის შემდეგაც გამოვლინდება ოთხი საუკეთესო გუნდი, რომლებიც 17-18-ში ნახევარფინალებში იჭიდავებენ, ხოლო 19-ში ამ ყველაფრის გვირგვინი - ფინალური შეხვედრაა.

აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილი ამ ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია - მასში 70 580 დოლარი გადაიხადა "პუნჯაბი როიალსმა". ოდიკაძე და მაქარაშვილი "ჯაიპურ ნინჯასმა" შეიძინა და 3 იანვარს სწორედ ეს კლუბები შეხვდნენ ერთმანეთს.

ჯაიპურელებმა 5:2 იმარჯვეს, პირადი პაექრობა კი სამივე ქართველმა მოიგო: ჯაიპურელთა კაპიტანმა ოდიკაძემ 12:0 აჯობა ინდოელ კრიშან კუმარის, მაქარაშვილმა ასევე ინდოელი ჯიტენდრა 12:4 დაამარცხა, ხინჩეგაშვილმა კი 8:5 დაჯაბნა კიდევ ერთი მასპინძელი უტკარშა კალი.

ლიგის პირველი პაექრობა გუშინწინ გაიმართა და საკმაოდ დაძაბულიც გამოდგა - "ჰარიანა ჰამერსმა" 4:3 მოუგო "მუმბაი მაჰარატხის". ჰარიანელთაგან თავიანთი შეხვედრები მოიგეს ინდოელმა რაჯნეეშმა (57), რუსმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა აბდუსალამ გადისოვმა (97), ქალთა შორის ოლიმპიადის მესამეპრიზიორებმა, შვედმა სოფია მატსონმა (53) და ტუნისელმა მარვა ამრიმ (58), მუმბაელთაგან კი მოიგეს ქალებში კანადელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ერიკა ვაიბმა (75), აზერბაიჯანელმა ოლიმპიურმა ბრინჯაოსმედალოსანმა ჯაბრაილ ჰასანოვმა (74) და პრო-ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ინდოელმა რაჰულ ავარემ (61).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული