მსოფლიოს ფედერაციის კალენდარში წლეულს სულ სამი შეჯიბრებაა შეტანილი და სამივე მაის-ივნისზე მოდის. პირველი მათგანი ბათუმში 6-7 მაისს გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირია, რომელიც ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის ტარდება.
ამას ისევ "ბერძენ-რომაელთა" შორის მსოფლიოს ჩემპიონის - თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრება მოჰყვება,
მესამე და დასკვნითი შეჯიბრება ზემოხსენებული "დიდი პრიზია", რომელიც უფროსებში ტარდება და თანაც, ვაჟთა ორივე საჭიდაო სტილში, ანუ "ბერძენ-რომაელებსა" და "თავისუფლებში".
"დიდი პრიზი" ერთგვარი კომპენსაციაა საქვეყნოდ ცნობილი ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირებისთვის, რომელსაც ერთ დროს არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატსაც უწოდებდნენ (კონკრეტულად - თავისუფალ ჭიდაობაში), თუმცა ბოლო წლების ძნელბედობამ ეს შეჯიბრებებიც შეიწირა. ახლანდელ შეჯიბრებას მთლად ასე არ ეწოდება, თუმცა ჩვენი ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ, მანუჩარ კვირკველიას ხელმძღვანელობით, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ისევ მიეღო დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება, მერე კი, იქნებ იმ სახელოვან ვეტერანთა სახელების მინიჭებაც მოხერხდეს.
ბარემ აქვე წლის უმთავრეს შეჯიბრებებზეც ვთქვათ უფროსებსა თუ ასაკობრივ გუნდებში.
პირველხარისხოვან შეჯიბრებათაგან ყველაზე ადრე 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რომელსაც 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით უნგრული სომბათჰეი უმასპინძლებს. იგი სამივე საჭიდაო სტილში - გოგონებში, ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ბიჭებს შორის ტარდება.
მას ისევ ევროპის ჩემპიონატი მოსდევს, ოღონდ უკვე უფროსებს შორის, ოღონდ ის ამჯერად არა მარტ-აპრილში, არამედ გაცილებით გვიან - 2-7 მაისს სერბულ ნოვი სადში გაიმართება. თუმცა წლეულს კონტინენტური პირველობების ჩემპიონატთა უმეტესობა მაისში ტარდება, აპრილში მხოლოდ აფრიკის ჩემპიონატია. მსოფლიოს ჩემპიონატი უფროსებში 21-26 აგვისტოს პარიზშია ჩანიშნული.
ახალგაზრდებში, 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატი გერმანულ დორტმუნდში 27 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება, მსოფლიოს პირველობას კი 1-6 აგვისტოს ფინური ტამპერე უმასპინძლებს.
ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 25-30 ივლისს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქი სარაევო იქნება, მსოფლიოს პირველობისა კი - ათენი, 5-10 სექტემბერს.
როგორც ვხედავთ, ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია ასაკობრივ გუნდებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს ისევ დიდი სიმჭიდროვით, ერთმანეთთან გაუმართლებლად ახლო-ახლო ატარებს: ჭაბუკებშიც და ახალგაზრდებშიც ევროპის პირველობიდან მსოფლიოს ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთთვიანი შუალედია.
არა, ამათ არც 21-ე საუკუნე შველით და არც არაფერი!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"