ფიგურული ციგურაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: გადამწყვეტი ბრძოლის წინ

AutoSharing Option
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 29 მარტს დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელზეც გაისად კორეაში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.

საქართველოდან ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, რომელმაც ორიოდე თვის წინათ რიგიანად ისრიალა ევროპის ჩემპიონატზე და მე-6 ადგილი დაიკავა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ოლიმპიადის ლიცენზიის მიღება არ უნდა გაუჭირდეს - კორეის საგზურს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის 18 საუკეთესო მოციგურავე დაიბევებს.

წყვილთა თანრიგში კი, მოცეკვავე დუეტი გვეყოლება - ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი. მათ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ, თუმცა სპორტში ყველაფერი
ხდება და ჩვენი წყვილიც იმედიანადაა განწყობილი. აქაც ოლიმპიურ ლიცენზიას 18 საუკეთესო წყვილი მიიღებს.

მონაწილენი ჰელსინკიში ორი დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ზოგს პირდაპირ შეჯიბრების დაწყების წინ ურჩევნია ჩამოსვლა, ზოგიც რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და აქ განაგრძობს მზადებას. მორის ყვითელაშვილი პირველთა შორისაა.

მორის ყვითელაშვილი:
"ვეცდები, უკეთესად და უფრო სუფთად ვისრიალო, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. მთავარია, სრულად ვაჩვენო, რა შემიძლია. მზადებისას იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან იდეალურად არსად არაფერი ხდება. ერთი სიტყვით, მთავარია, კარგად გამოვიდე და ვნახოთ, რა გამოვა".

ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი კი, ჰელსინკიში შეჯიბრების დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდნენ და დღეში ორჯერ ვარჯიშობდნენ.

Sportall.Geალექსეი შუმსკი:
"მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ძალიან მაგარი ამბავია. ამ შეჯიბრებაზე დებიუტანტები ვართ, ახლახან კი ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა დებიუტი. სამწუხაროდ, იქ მსაჯი არ გვყავდა, რომელიც ჩვენს ინტერესებს დაიცავდა და აქაც ასეა.

ევროპის ჩემპიოინატის შემდეგ მწვრთნელი გამოვიცვალეთ. ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, იგორ შპილბანდი გვავარჯიშებს. შესაბამისად, პროგრამას უფრო სტაბილურად ვასრულებთ, უფრო თავდაჯერებულები ვართ.

ცხადია, ძნელია, ორ თვეში ერთი წლის საკეთებელი გააკეთო, მაგრამ ვეცადეთ, ელემენტების კორექცია საუკეთესო ვარიანტამდე მიგვეყვანა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის ვერ ვიბრძოლებთ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალი წყვილი ვართ და სათანადოდ არ გვიცნობენ. მიზანია - მსაჯებს თავი დავამახსოვროთ, უკეთ გაგვიცნონ. შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის აღებაც გაგვიჭირდება.

სექტემბერში გერმანიის ქალაქ ობერსდორფში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც დამატებით ექვსი ლიცენზია გათამაშდება. იქ შევეცდებით, რომ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვოთ".

ტატიანა კოზმავა:
"ძნელია, ორ თვეში თვალსაჩინო პროგრესს მიაღწიო. გვინდა, ქომაგებსა და მსაჯებს ვანახოთ, რა შეგვიძლია, ჩვეულებრივად, ლაღად ვისრიალოთ და რაც შეიძლება, ცოტა შეცდომა დავუშვათ.

ჩვენ ახალი წყვილი ვართ, დანარჩენები კი დიდი ხანია, ერთად არიან და მათთან მეტოქეობა ძალიან ძნელია. ფავორიტები საფრანგეთის, კანადის, იტალიის და რუსეთის წყვილები არიან. ჩვენთვის მათთან ბრძოლა ჯერ ადრეა. თავად განსაჯეთ, ფრანგების წყვილი, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, თავის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-17 ადგილს დასჯერდა. ახლა კი, პლანეტაზე საუკეთესოა".

ცხადია, მოციგურავეთა მსოფლიო ფორუმზე იმყოფება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტები, ოფიციალური პირები. კონფერენციაზე იმსჯელეს ფიგურული ციგურაობის განვითარების პერსპექტივებზე, მენეჯმენტსა და სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე.

მაკა გიორგობიანი:
"მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა და პლანეტის საუკეთესო მოციგურავეებთან ერთად ასპარეზობა უკვე კარგი მოვლენაა საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებისთვის. ჰელსინკიში ორ დისციპლინაში, ვაჟებში და მოცეკვავე წყვილებში გვყავს მონაწილეები. აქ ასპარეზობის უფლების მოპოვება საკმაოდ რთულია, საამისოდ მაღალი ქულების მიღებაა საჭირო.

მოცეკვავე წყვილებში იმის მოლოდინი, რომ ოლიმპიადის ლიცენზიას მივიღებთ, არ გვაქვს. იმედია, მოგვიანებით, ობერსდორფის საერთაშორისო ტურნირზე მაინც იბრძოლებენ საამისოდ, სადაც დამატებით ექვსი ლიცენზია გათამაშდება.

მეტი იმედი გვაქვს ვაჟთა ტურნირში მოასპარეზე მორის ყვითელაშვილისა. ის უნდა ეცადოს, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. საამისოდ საჭიროა, გაუძლოს დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს, რადგან ვაჟებში სერიოზული კონკურენციაა და ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება. ეს იცის ყველამ და იცის მორისმაც. ამიტომ სწორედ მის ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ლიცენზიის მოპოვებას.

ორიოდ სიტყვას ჰელსინკიში გამართულ საერთაშორისო ფედერაციის კონფერენციაზეც გეტყვით. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გამოდგა. განიხილეს სახეობის შემდგომი განვითარების პროგრამა და საშუალება მომეცა, ამის თაობაზე ჩემი მოსაზრება გამეცნო კონფერენციის მონაწილეებისთვის. იმედი მაქვს, ის გაზიარებული და გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო ფედერაციის მიერ. კონკრეტულად კი, ყურადღება გავამახვილე იმ ქვეყნების დახმარებაზე, სადაც ფიგურული ციგურაობა სათანადოდ არაა განვითარებული.

არსებობს სპეციალური პროგრამა თავისი დაფინანსებით, რომელიც მწვრთნელთა სემინარებისთვისაა განკუთვნილი. შევთავაზე, რადგან ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ სემინარებზე მწვრთნელთა საკმარისი რაოდენობის გაგზავნას, საერთაშორისო ფედერაციამ პირიქით, ჩვენთან და სხვა განვითარებად ქვეყნებში გამოგზავნოს სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე მწვრთნელთა დიდ ჯგუფს ჩაუტარებენ სემინარს.

ეს ფინანსების ეფექტურად ხარჯვის ყველაზე კარგი ვარიანტია, მით უფრო, რომ სემინარის ჩატარება რეგიონული პრინციპითაც შეიძლება. ვნახოთ, იმედია, ჩემს მოსაზრებებს გაითვალისწინებენ".

ჩვენების განრიგი
30 მარტი
ერთეულეები, ვაჟები
13:30-18:40 მოკლე პროგრამა (დრო თბილისისაა)

31 მარტი
მოცეკვავე წყვილები
12:00-17:00, მოკლე პროგრამა

1-ლი აპრილი
ერთეულები ვაჟები
11:50-16:00, თავისუფალი პროგრამა

მოცეკვავე წყვილები
17:35-21:00, თავისუფალი პროგრამა.

ბესიკ ჯანგავაძე ჰელსინკიდან

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული