ქართული ცეცხლი ინგლისურ ყინულზე - ელენე გედევანიშვილი ევროპაში მესამეა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბოლო წლებია, სპორტის ზამთრის სახეობების ისტორიას ეს გოგონა წერს! ელენე გედევანიშვილი, რომელიც ახლახან 22 წლის გახდა, პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის სახოებებში ევროპის ჩემპიონატის მედალი მოიპოვა - ეს ორი წლის წინათ იყო, ახლა ელენემ, ბრიტანულ შეფილდში კარიერაში თავისივე მიღწევა გაიმეორა.

ის ამიერიდან ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.

შაბათს ელენემ ორი პირადი რეკორდი დაამხო, თავისუფალ პროგრამაში მოპოვებული ქულებისა და ორი დისციპლინის ჯამში. პირველი შარშანდელია, მსოფლიოს ჩემპიონატის, როცა ქართველმა მოციგურავემ 104,63 ქულა დაიმსახურა. ახლა მისი რეკორდი თავისუფალ პროგრამაში 108,79 ქულაა. საოცარია, მაგრამ
ფაქტია - რაც ელენეს სუსტი წერტილი იყო, მის ძლიერ მხარედ იქცა. ორი დისციპლინის ჯამში გედევანიშვილმა 165,93 ქულა დააგროვა და ქულა-ნახევრით გააუმჯობესა 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის მიღწევა.

შაბათს გედევანიშვილმა ენდრიუ ლოიდ ვებერის "ოპერის მოჩვენების" მუსიკის ფონზე ისრიალა. ტექნიკური ელემენტების სეგმენტში მან მსაჯებისგან 51,18 ქულა დაიმსახურა, პროგრამულში - 57,61. ჩვენებურზე უკეთ თავისუფალი პროგრამა მხოლოდ იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა (120,33 ქულა) და 17 წლის რუსმა პოლინა კორობეინიკოვამ (114,72) შეასრულეს.

სამზე მეტი ქულით ჩამოიტოვა ელენემ ფინელი კიირა კორპი (105,14) და ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი, იდენტური ქულები). ქსენია მაკაროვას კი ძალიან ბევრით აჯობა (თითქმის 7 ქულით) და ეს იყო მთავარი - ჩვენებურმა, რომელიც მეოთხე იყო მოკლე პროგრამის შემდეგ, რუსი კონკურენტი პოდიუმიდან განდევნა. ის კი არა, ქულაც და  კორპისაც ჩამოიტოვებდა და ვერცხლის მედალს მოიპოვებდა...

ევროპის ჩემპიონი (მეოთხედ!) გახდა 24 წლის კაროლინა კოსტნერი, ის შეფილდში ფაქტობრივად უკონკურენციო იყო, შოსტაკოვიჩისა და მოცარტის მელოდიებზე შესრულებულმა პროგრამებმა მას ჯამში 183,55 ქულა მოუტანა. 23 წლის კორპიმ 166,94 ქულა დააგროვა, ელენემ - 165,93. პოლინა კორობეინიკოვა, რომელიც სენსაციური იყო შაბათს, მისთვის სადებიუტო ჩემპიონატზე მე-4 ადგილზე გავიდა.

კვარცხლბეკი
1. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 183,55
2. კიირა კორპი (ფინეთი) 166,94
3. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 165,93
4. პოლინა კორობეინიკოვა (რუსეთი) 164,13
5. ვიქტორია ჰელგესონი (შვედეთი) 160,82
6. ქსენია მაკაროვა (რუსეთი) 159,59
7. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 158,78
8. ვალენტინა მარკეი (იტალია) 146,84
9. ირეტ სილეტი (საფრანგეთი) 145,50
10. ჯოში ჰელგესონი (შვედეთი) 145,11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ელენე... ეს წელი კიდევ უფრო წარმატებით გაგევლოს...
ალექსი
14:44 30-01-2012
0

სიახლეები პოპულარული