ასპარეზობა ქალებმა გახსნეს. ფინალურ ოცდაოთხეულში გასასვლელად 29 ქვეყნის 37 წარმომადგენელი იბრძოდა.
ურიგოდ არ უასპარეზია ორგზის ევროპის ბრინჯაოსპრიზიორ ელენე გედევანიშვილს, რომელმაც მოკლე პროგრამით 54.78 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გავიდა. ჩვენებური სამ რუსს, ორ იტალიელსა და ერთ ფრანგს ჩამორჩა. 70.73 ქულით პირველ ადგილზეა ადელინა სოტნიკოვა.
18 წლის მოსკოველმა სტუდენტმა შარშან სადებიუტო ევროპის ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, მსოფლიოზე კი მე-9 ადგილს დასჯერდა. ახალგაზრდებში იგი 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2012 წლის ბრინჯაოსპრიზიორია.
ლიდერს 0,76
68.97 ქულით მესამე ადგილზეა 26 წლის იტალიელი კაროლინა კოსტნერი, რომელიც 2006 წლიდან ევროპის ჩემპიონატების კვარცხლბეკიდან არ ჩამოსულა: ხუთჯერ (2007, 2008, 2010, 2012, 2013) კონტინენტის ჩემპიონი გახდა, ორჯერ მეორე (2009, 2011) და ერთხელ მესამე (2006) ადგილებზე გავიდა. კოსტნერს მაღალი მაჩვენებლები აქვს მსოფლიოს ჩემპიონატებშიც: შარშანწინ პირველი იყო, 2008 და 2013 წლებში მეორე ადგილი ხვდა, 2005 და 2011 წლებში კი მესამე ადგილი დაიკავა.
მოკლე პროგრამის შემდეგ 64.09 ქულით მე-4 ადგილზეა 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი, 23 წლის ალიონა ლეონოვა (რუსეთი).
მეხუთე-მეექვსე ადგილებზე მოდიან ფრანგი მაე ბერენის მეიტე (58.64) და იტალიელი ვალენტინა მარკეი (57.38). მერვე-მეათე ადგილებს ელენა გლებოვა (ესტონეთი, 54.68), ჯოში ჰელგესონი (შვედეთი, 54.25) და ნატალი ვაინცირლი (გერმანია, 53.02) ინაწილებენ. ქალები თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებენ.
15 იანვარსვე მოკლე პროგრამით ისრიალეს მოცეკვავე წყვილებმა. სამწუხაროდ, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს ანგელინა ტელეგინამ და ოთარ ჯაფარიძემ, რომლებმაც 42.07 ქულით 29 დუეტს შორის 27-ე ადგილი დაიკავეს და, ცხადია, ფინალში ვერ მოხვდნენ. 69.58 ქულით იტალიელები - ანა კაპელინი და ლუკა ლანოტე დაწინაურდნენ. 0.04 ქულით ნაკლები აქვთ რუსებს - ელენა ილინიხსა და ნიკიტა კასალაპოვს, რომლებიც მეორე ადგილზე არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"