ჩინეთის ციგურაობის ასოციაციის საიტზე 9 სპორტსმენის ასაკობრივი მონაცემები არ ემთხვევა საერთაშორისო კავშირის მონაცემებს (ISU). ეჭვქვეშ მოქცეულ სპორტსმენებს შორის არიან 2006 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები ფიგურულ სრიალში წყვილებს შორის ჩჟან დანი და ჩჟან ხაო, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები იუნიორთა შორის იმავე დისციპლინაში სიუი ვენცზინი და ხან ცუნი.
ISU-ს წესების მიხედვით, ოლიმპიადებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაშვებულნი არიან სპორტსმენები არაუმცირეს 15 წლისა, სხვა ზრდასრულ სპორტსმენთა შეჯიბრებებზე 14, იუნიორებს შორის 13-დან 19-მდე (ერთეულთა სრიალი) და 21 (წყვილთა სრიალი) წლამდე.
ფედერაციის საიტის ინფორმაციით, ჩჟან დანი
1987 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა, ანუ 2002 წელს ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ის მხოლოდ 14 წლის იყო. მაშინ მან ჩჟან ხაოსთან ერთად ოლიმპიადაზე 11-ე, მსოფლიოს პირველობაზე კი 9-ე ადგილი დაიკავა. ჩჟან ხაო 1982 წლის 6 თებერვალს დაიბადა და მისი ასაკი, პირიქით, დაშვებულ ლიმიტს აღემატებოდა 2003 წლის იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელზეც წყვილმა გაიმარჯვა. ხსენებული წყვილის აქტივში ასევე სამი მსოფლიოს ჩემპიონატის "ვერცხლია" – 2006, 2008 და 2009 წელს.
ISU ინფორმირებულია ხსენებულ სიტუაციაზე და ჩინეთის ციგურაობის ასოციაციას მოსთხოვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცელი ინფორმაცია მიაწოდოს.
წელიწადზე ნაკლების ხნის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩინეთის ქალთა ნაკრებს სპორტულ გიმნასტიკაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლები ჩამოართვა იმის გამო, რომ ერთ-ერთ სპორტსმენს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ასაკის გამო არ ჰქონდა.
მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.