ვონს ამინდმა უღალატა

AutoSharing Option
დრამატულად დასრულდა მსოფლიოს თასზე ლინდსი ვონისა და მარია რიშის ხუთთვიანი მარათონული დაპირსპირება. ამერიკელს სულ რაღაც სამი ქულა არ ეყო გენერალურ კლასიფიკაციაში გასამარჯვებლად და მსოფლიოს თასის ზედიზედ მეოთხედ მოსაპოვებლად.

თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოთხილამურის დავაში ბუნება ჩაერია და ცუდი სამსახური გაუწია ლინდსის. მოგეხსენებათ, წვიმის გამო გაუქმდა სუპერ-გიგანტი - ვონის ერთ-ერთი საყვარელი დისციპლინა, რომელშიც ხშირად ამარცხებს რიშს და წელს ექვსიდან ოთხი დაშვება ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ აქ ვონი გაზრდიდა სხვაობას კონკურენტთან და გაიადვილებდა საქმეს სლალომისა და გიგანტური სლალომის
წინ.

შემდეგი დისციპლინა სლალომი იყო, რომელშიც ვონი ყველაზე სუსტი გახლავთ. სწორედ ამ რბოლის შემდეგ დაიბრუნა საერთო ჩათვლაში ლიდერობა რიშმა. ის ფინიშზე მეოთხე მივიდა, ვონი კი მე-13 იყო, რის შემდეგაც საერთო ჩათვლაში ამერიკელის 27-ქულიანი უპირატესობა 3-ქულიან ჩამორჩენად იქცა, მაგრამ წინ იყო გიგანტური სლალომი და ლინდსის პირველი ადგილის დაბრუნების იმედი ჰქონდა, მით უმეტეს, თანაბარი ქულების შემთხვევაში მსოფლიოს თასის მფლობელად ვონი ცხადდებოდა, რადგან ამ სეზონში რიშზე მეტი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

მაგრამ ძლიერი წვიმისა და ნისლის გამო ეს ეტაპიც გაუქმდა და რიშმა პრაქტიკულად უბრძოლველად მოიპოვა კარიერაში პირველად "ბროლის გლობუსი". თუმცა გერმანელის ტიტულს დაუმსახურებელს ვერ ვუწოდებთ. ის მთელი სეზონის განმავლობაში უგებდა ვონს და მხოლოდ ბოლოსკენ მოუკლო, როცა მარტის დასაწყისში იტალიის კურორტ ტარვიზიოში ვონს სამი დღის განმავლობაში სამი სტარტის მოგების საშუალება მისცა და 196-ქულიანი უპირატესობა გაფლანგა.

სხვათა შორის, მსოფლიოს თასის გენერალურ კლასიფიკაციში სამქულიანი სხვაობა მეორედ დაფიქსირდა. პირველად ეს 2005 წელს მოხდა, როცა შვედმა ანია პერსონმა გაუსწრო ლეგენდარულ ხორვატ იანიცა კოსტელიჩს.

რიში მესამე გერმანელი ქალია, ვინც "ბროლის გლობუსი" მოიპოვა. მანამდე სეზონის მოგება შეძლეს როზი მიტერმაიერმა (1976) და კატია ზაიცინგერმა (1996, 1998). მარია სტაბილურობის ხარჯზე გახდა სეზონის ტრიუმფატორი. როგორც გითხარით, მან 2010-11 წლების სეზონში ვონზე ორით ნაკლები სტარტი მოიგო, თანაც არც დისციპლინაში არ მოუპოვებია "ბროლის მცირე გლობუსი", ლინდსი კი სამ კატეგორიაში - სუპერკომბინაციაში, სწრაფდაშვებსა და სუპერგიგანტში იყო პირველი, უბრალოდ ამერიკელს ცუდი სამსახური გაუწია სლალომში სუსტმა გამოსვლამ.


ლენცერჰაიდი (შვეიცარია)
სლალომი. ქალები
1. ტინა მაზე (სლოვენ) - 1:29.33 (44.08+45.25); 2. მარლის შილდი (ავსტრია) - 1:29.38 (43.38+46.00); 3. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - 1:29.97 (44.92+45.05); 4. მარია რიში (გერ) - 1:29.99 (43.87+46.12); 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 1:30.00 (44.29+45.71); 6. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 1:30.07 (44.40+45.67)...

საერთო ჩათვლა

1. მარია რიში (გერ) - 1728 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 1725; 3. ტინა მაზე (ნორ) - 1139; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 992; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 976; 1. მარლის შილდი (ავსტრია) - 756...

სლალომი. კაცები
1. ჯულიანო რაცოლი (იტა) - 1:25.72 (41.99+43.73); 2. მარიო მატი (ავსტრია) - 1:25.75 (41.27+44.48); 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - 1:25.97 (41.46+44.51); 4. მარკ ჯინი (შვეიც) - 1:26.17 (42.62+43.55); 5. მაიკლ იანიკი (კან) - 1:26.19 (42.66+43.53); 6. ანდრე მიურერი (შვეიც) - 1:26.33 (41.93+44.40)...

საერთო ჩათვლა
1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1356; 2. დიდიე კუში (შვეიცარია) - 956; 3. კარლო იანკა (შვეიც) - 793; 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 789; 5. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - 727; 5. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 723...

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი ლინდსი ჩოგბურთელი არ არის )) იხილეთ მეორე აბზაცი =))
ketilis msurveli
01:43 30-05-2011
0

სიახლეები პოპულარული