სამთო თხილამურები: ბოლო რეპეტიცია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

AutoSharing Option
ქალებს შორის მსოფლიოს თასის გათამაშება შვეიცარიის სანკტ-მორიტცში გაგრძელდა, სადაც 23 წლის მასპინძელმა ლარა გუტმა სწრაფდაშვებაში საუკეთესო დრო აჩვენა და სეზონში მეორე რბოლა მოიგო. გამარჯვებულის შედეგი იყო წუთი და 43.82 წამი. საერთო ჩათვლაში გუტი 450 ქულით მეხუთე ადგილს იყოფს ავსტრიელ კატრინ ცეტელთან.

სწრაფდაშვებაში მეორე ადგილი ავსტრიელმა ანა ფენინგერმა დაიკავა, რომელმაც გამარჯვებულთან 0.32 წამი წააგო. აღსანიშნავია, რომ ფენინგერს ამ სეზონში არც ერთი მოგება არ აქვს, თუმცა ექვსჯერ დაიკავა მსოფლიოს თასის ეტაპებზე მეორე ადგილი და ამის წყალობით გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

სენსაციური
აღმოჩნდა უნგრელი ედიტ მიკლოშის მესამე ადგილი. მას მეორე სასტარტო ნომერი ჰქონდა და საბოლოოდ, კარიერაში პირველად მოიპოვა პოდიუმზე ადგილი.

რაც შეეხება ფავორიტ ლინდსი ვონს, რომელმაც გასულ კვირას კარიერაში 63-ე ეტაპი მოიგო და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა, მან ტრასის შუაში შეცდომა დაუშვა და მხოლოდ 23-ე დრო აჩვენა. მიუხედავად ამისა, ამერიკელი ლიდერობს სწრაფდაშვების ჩათვლას.

ეს იყო ბოლო ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც თებერვლის დასაწყისში ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში დაიწყება.

* * *
მამაკაცები ასევე სწრაფდაშვებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს ავსტრიის კიტცბუელში. სახელგანთქმულ ჰანენკამის ტრასის მანძილი ცუდი ამინდის გამო შეამცირეს, თუმცა რბოლას 50 ათასი მაყურებელი დაესწრო.

ეტაპი წლევანდელ სეზონში ჩქაროსნული დისციპლინების ლიდერმა ჩეტილ იანსრუდმა მოიგო. ნორვეგიელმა სულ მცირედით - 0.02 წამით აჯობა იტალიელ დომინიკ პარისს. მესამე იყო ფრანგი გიიერმო ფაიედი.

ამ მოგებით იანსრუდმა 82 ქულით შეამცირა სხვაობა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერთან, ავსტრიელ მარსელ ჰირშერთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული