ბოლო რეპეტიცია გავლილია

AutoSharing Option

ლინდსი ვონი ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს


სამთო მოთხილამურეებმა დაასრულეს მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც დღეს გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში დაიწყება.

ქალებს კურორტ ცვიზელში (გერმანია) სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამინდმა, რის გამოც მსოფლიოს თასის მე-16 ეტაპი ერთი დღის დაგვიანებით დასრულდა.

აქ ბოლოს სლალომში შეჯიბრი ოთხი წლის წინ ჩატარადა და გამარჯვება მარლის შილდმა მოიპოვა. ავსტრიელმა გაიმეორა ეს წარმატება, რაშიც გასაკვირი არაფერია. წელს შილდი მეშვიდედ გავიდა სლალომის სტარტზე და მეხუთე გამარჯვებას მიაღწია. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დისციპლინას გამორჩეული ფავორიტი ჰყავს.

რა თქმა უნდა, გერმანელ გულშემატკივრებს ცვიზელში

მსოფლიოს თასის ლიდერის მარია რიშის გამარჯვება სურდათ, მაგრამ გერმანელმა პირველი ცდა ვერ დაასრულა და ბრძოლას გამოეთიშა. არადა, ცვიზელში არ გამოდიოდა გერმანელის მთავარი კონკურენტი ლინდსი ვონი და შესაბამისად, რიშმა საერთო ჩათვლაში კიდევ უფრო წინ გასვლის შანსი დაკარგა.

სამაგიეროდ გერმანულმა პუბლიკამ მეორე დღეს გაიხარა. მათი იმედები გაამართლა გიგანტურ სლალომში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორია რებენსბურგმა. მან თავის საყვარელ დისციპლინაში პირველი ცდა ბრწყინვალედ გაიარა, მეორე დაშვებისას, მართალია, უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ ორი ცდის ჯამში მაინც ნახევარ წამზე მეტი მოუგო უახლოეს კონკურენტს.
რებენსბურგის იოლი გამარჯვება იმითაც იყო განპირობებული, რომ გიგანტურ სლალომში მსოფლიოს თასის ლიდერი ტესა ვორლი მხოლოდ მეათე ადგილზე გავიდა.

* * *

თუ ცვიზელში მაყურებელმა ლოგიკური შედეგები იხილა, ავსტრიის ჰინტერშტოდერში ყველაფერი პირიქით იყო. აქ სუპერგიგანტსა და გიგანტურ სლალომში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ორივეჯერ სენსაცია დაფიქსირდა. გამარჯვებები ნაკლებად ცნობილმა ავსტრიელებმა მოიპოვეს.

ჰანეს რაიჰელტი სუპერგიგანტში უძლიერესთა შორის არასოდეს შედიოდა, მაგრამ ვირაჟებით დახუნძლულ ტრასას სწორედ ის მოერგო ყველაზე კარგად. მან მეათემ აიღო სტარტი და ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.

ყველა გააკვირვა ამერიკელი ბოდე მილერის მესამე ადგილმა. როგორც ჩანს, რამდენიმე კვირიანმა პაუზამ არ იმოქმედა ამ პოპულარული მოთხილამურის სპორტულ ფორმაზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოდე ერთ-ერთი ფავორიტი იქება.
რაც შეეხება საერთო ჩათვლის ლიდერ ივიცა კოსტელიჩს, მან გაზარდა საერთო ჩათვლაში თავისი უპირატესობა. ხორვატი მეხუთე მივიდა ფინიშთან, რაც მისთვის ძალიან კარგი შედეგია.

მეორე დღეს გიგანტურ სლალომში გათამაშდა პირველობა და ამჯერად ყველა გააკვირვა ფილიპ შერგჰოფერმა. მან ორი ბრწყინვალე დაშვება განახორციელა და კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპი. მის ტრიუმფს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამ სეზონში გიგანტური სლალომის ლიდერმა ტედ ლიჯეტიმ ეს სტარტი აშკარად ჩააგდო. ამერიკელი ორი ცდის ჯამში მე-13 ადგილზე გავიდა.

* * *

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ლინდსი ვონს, მას ჯერ კიდევ აწუხებს გასულ კვირას მიღებული ტრავმა, რის გამოც, ამერიკელი გამოტოვებს პლანეტის პირველობის პირველ სტარტს - სუპერგიგანტს.

"მინდა ტიტულის დაცვა, მაგრამ ტრავმა არ მაძლევს ამის საშუალებას. იმედი მაქვს, მალე უკეთ ვიგრძნობ თავს", - ამბობს მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი.

ცვიზელი (გერმანია)
სლალომი. ქალები
1. მარლის შილდი (ავსტრია) - 1:55.19; 2. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - +0.68; 3. ტანია პოუტაინენი (ფინ) - +1.78; 4. მანუელა მოელგი (იტალია) - +2.41; 5. სარკა ზარობსკა (ჩეხ) - +2.63; 6. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +2.76...
გიგანტური სლალომი
1. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - +1:36.96; 2. ფედერიკა ბრინიონე (იტა) - +0.53; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +0.89; 4. ანემონ მარმოტანი (საფ) - +0.97; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.97; 6. ანდრეა ფიშბახერი (ავსტრია) - +1.08...
საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 1256 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 1100; 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 678; 4. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 676; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 574; 6. მარლის შილდი (ავსტრია) - 544...
ჰინტერშტოდერი (ავსტრია)
კაცები
სუპერგიგანტი
1. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) - 1:43.91; 2. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) - +0.34; 3. ბოდე მილერი (აშშ) - +0.93; 4. კარლო იანკა (შვეიც) - +1.15; 5. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - +1.19; 6. ალექსის პინტურალი (საფ) - +1.24...
გიგანტური სლალომი
1. ფილიპ შერგჰოფერი (ავსტრია) - 2:46.44; 2. ჩიეტილ იანსრუდი (ნორ) - +0.17; 3. კარლო იანკა (შვეიც) - +0.20; 4. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) - +0.21; 5. მარკ ბერტო (შვეიც) - +0.41; 6. დიდიე კუში (შვეიცარია) - +0.47...
საერთო ჩათვლა
1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1249; 2. დიდიე კუში (შვეიცარია) - 725; 3. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 713; 4. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 703; 5. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 575; 6. კარლო იანკა (შვეიც) - 574...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული