NHL. პლეი ოფი: გოლების წვიმა "პიტსბურგისგან"

AutoSharing Option
საფინალო სირენის შემდეგ, რომელმაც 7:3 დააფიქსირა "პიტსბურგის" სასარგებლოდ, "ოტავას" 39 წლის ფორვარდმა დანიელ ალფრედსონმა ყინულიდან შაიბა აიღო და თან წაიღო გასახდელში.

"ეს ჩემი შვილებისთვის. იმისთვის, რომ ნამდვილად დავბრუნებულიყავით სერიაში, დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ პირიქით მოხდა", - განაცხადა განაწყენებულმა შვედმა. შაიბა, რომელიც მან სუვენირის სახით აიღო, შემთხვევითი არ არის: ფორვარდმა პლეი ოფის მატჩებში თავისი მეასე ქულა მოიპოვა. მეხუთე შეხვედრა პიტსბურგში გაიმართება, სადაც დიდი ალბათობით, "პინგვინები" მოიგებენ სერიას და გაიფორმებენ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის საგზურს.

ვეტერანი ალფრედსონისთვის, რომელსაც არ აქვს კონტრაქტი მომავალი
სეზონისთვის, სავარაუდოდ, ეს იყო ბოლო მატჩი საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.

"პინგვინზის" ფანტასტიკური შედეგიანობა გასაკვირი არ ყოფილა გულშემატკივრებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ელოდნენ "პიტსბურგისგან" გოლების წვიმას, რადგან ამ გუნდს ძალიან ძლიერი შეტევითი ხაზი აქვს. თავად ჰოკეისტები კი აცხადებდნენ, რომ მესამე მატჩის მეორე ოვერტაიმში წაგება შემთხვევითობა იყო და ისინი ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენებას აპირებენ "ოტავასთვის".

მატჩი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველ ნაწილში "ოტავამ" იღბლისა და მეკარე კრეიგ ანდერსონის ბრწყინვალე თამაშით წარმატებით მოიგერია სტუმრების ყველა შეტევა და რიცხობრივ უმცირესობაში გახსნა ანგარიში. პირველი პერიოდი "სენატორებმა" 2:1 მოიგეს.

მეორე პერიოდის სტარტზე, 40 წამის ინტერვალით, კუნიტცისა და იგინლას გოლებმა სათავე დაუდო "ოტავას" განადგურებას. მესამე 20-წუთეულში "სენტორზი" დაიშალა, როცა ჯერ პერიოდის მეორე წუთზე გაუშვა, შემდეგ კი წუთისა და 50 წამის ინტერვალით სამი შაიბა მიიღო საკუთარი კარში - 7:2. "ოტავას" საცოდაობის კულმინაცია გახდა მეექვსე შაიბა, როცა კროსბიმ მარტომ მოატყუა სამი მეტოქე და ისე შეაგდო.

მატჩის შემდეგ უცნაური პრესკონფერენცია ჰქონდა "ოტავას" მთავარ მწვრთნელს, პოლ მაკლინს - ჟურნალისტებთან მისი შეხვედრა 13 (!) წამი გაგრძელდა. მწვრთნელი რეპორტიორებთან გავიდა, ხელში თამაშის ოქმი ეჭირა. "ყველაფერი აქ არის, - მიუთითა მაკლინმა ფურცელზე. - ეს არის 7:3. პიტსბურგში შევხვდებით ერთმანეთს". ამის შემდეგ მწვრთნელმა დატოვა დარბაზი.

ოტავა-პიტსბურგი 3:7
2:1, 0:2, 1:4
გოლები: 1:0 მ. მიხალეკი-2 (ალფდერსონი-6, ბენუა-3), 1:1 ჯ. ნილი-2, 2:1 ტარისი-5 (სილვერბერგი-2, ე. კარლსონი-6), 2:2 კუნიტცი-4 (დუპუი-3, ლეტანგი-8), 2:3 იგინლა-3 (ლეტანგი-9, ჯ. ნილი-3), 2:4 ჯ. ნილი-3 (კროსბი-7, ლეტანგი-10), 2:5 დუპუი-7 (კუკი-2), 2:6 კროსბი-7 (ტაილერ კენედი-2), 2:7 იგინლა-4 (ი. იოკინენი-3, ლეტანგი-11), 3:7 ალფდერსონი-4 (ე. კარლსონი-7).
სერია: 1-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: ბენეფისი არ შედგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული