"ჩიკაგოს", რომელმაც ბრწყინვალე სტილში მოიგო რეგულარული სეზონი, ერთ ნაბიჯი უკლია გავარდნამდე. "ბლეკჰოქსმა" სამი მატჩი წააგო იმ გუნდთან, რომელიც დიდი გაჭირვებით მოხვდა პლეი ოფში.
ამ სერიაში ჩიკაგოელთა სათამაშო სისტემის ყველა ის კომპონენტი მოიშალა, რასაც გუნდისთვის წარმატება მოჰქონდა. გუნდის მძლავრმა შეტევამ ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ორი შაიბა გაიტანა ჯიმი ჰოვარდის კარში. ვეღარ შველის გუნდს მეკარე კორი კროუფორდი, რიცხობრივ უპირატესობაში თამაში კი მეტოქის მიერ ზონიდან მოშორებული შაიბის დევნას დაემსგავსა.
ყველაზე ცუდი "ბლეკჰოქსისთვის" ის ფაქტია, რომ გუნდის ლიდერები თამაშობენ განსაკუთრებით ცუდად. ასე მაგალითად, კაპიტანმა ჯონათან ტეივზმა უშნო სპექტაკლი მოაწყო მატჩის შუაში, როცა ყვანჯით სამჯერ არააკურატულად ითამაშა. ერთხელ ჯოხით მეტოქე ჰოკეისტი დრიუ მილერი შეაჩერა, ორჯერ კი სახეში მოარტყა ყვანჯი აბდელკადერსა და ფილპულას. და ამ სამი გაძევებიდან ერთ-ერთი "დეტროიტმა" გამოიყენა. რიცხობრივ უპირატესობაში იაკუბ კინდლის მიერ გატანილი გოლი გამარჯვებისა აღმოჩნდა.
დეტროიტი-ჩიკაგო 2:0
გოლები: 1:0 კინდლი-1 (კოლაიაკოვო-1, ფრანცენი-2), 2:0 ქლირი-3 (ფილპულა-4).
სერია: 3-1
* * *
"რეინჯერსს" მეოთხე მატჩის წინ უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა - კიდევ ერთი წაგება და ნიუიორკელები დაემშვიდობებოდნენ სტენლის თასს. ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელებისას ყველა გააკვირვა "რეინჯერსის" დამრიგებელმა ჯონ ტორტორელამ - მან თადარიგში დატოვა ვარსკვლავური ფორვარდი, 60-მილიონიანი კონტრაქტის მფლობელი ბრედ რიჩარდსი. მაგრამ მწვრთნელის ეს ნაბიჯი გასაგებია. ბოლო დროს, თავდამსხმელის თამაში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა: ბრედმა 10 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და უკანასკნელ შეხვედრებში მეოთხე შეტევით სამეულში მცირე სათამაშო დროს იღებდა. სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ რიჩარდსმა ტორტორელასთან ერთად "ტამპა ბეის" შემადგენლობაში 2004 წელს სტენლის თასი მოიგო და თან მაშინდელი პლეი ოფის MVP გახდა. მწვრთნელის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა.
მეორე პერიოდის შუაში "რეინჯერები" ორი შაიბით აგებდნენ, მაგრამ მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა, ოვერტაიმში კი ტორტოლერას პროტეჟემ კრის კლაიდერმა რიკ ნეშის დიაგონალური პასი გამოიყენა და თავისიანებს სერიაში პირველი მატჩი მოაგებინა.
რეინჯერსი-ბოსტონი 4:3 (ო)
0:0, 1:2, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ჰორტონი-5 (კრეიჩი-12, მარჩანდი-6), 0:2 კრუგი-3 (სეგუინი-2, ჰორტონი-6), 1:2 ჰაგელინი-3 (ბრასარი-9, ჰამრლიკი-1), 2:2 სტეპანი-4, 2:3 სეგუინი-1 (დ. ჰემილტონი-3, ხარა-9), 3:3 ბ. ბოილი-3 (სტეპანი-1, ბრასარი-10), 4:3 კრაიდერი-1 (რიკ ნეში-4, მაკდონაჰი-3).
სერია: 1-3
* * *
"ლოს ანჯელესმა", რომელმაც ორ გასვლით შეხვედრაში გაფლანგა სერიაში ლიდერობა, ისევ ჩართო საქმეში მთავარი იარაღი - მეკარე ჯონათან კუიკი. "კინგზის" გოლკიპერმა მეტოქის 24-ივე დარტყმა მოიგერია და წლევანდელ პლეი ოფში მესამე "შათაუტი" შეასრულა. კუიკისთვის ეს იყო სტენლის თასზე 27-ე გამარჯვება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. ჯონათანმა სახელგანქმულ კელი ჰრუდის გაუსწრო.
ლოს ანჯელესი-სან ხოსე 3:0
0:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 კოპიტარი-2 (ჯასტინ უილიამსი-2, კლიფორდი-1), 2:0 ვოინოვი-4 (ტ. ლუისი-2), 3:0 ჯ. კარტერი-5 (მ. რიჩარდსი-8).
სერია: 3-2
"კოლორადო" ლეგენდას ჩააბარეს
ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე პატრიკ რუა "კოლორადო ეველანშის" მთავარი მწვრთნელი გახდა. გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ ლეგენდას ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც ჩააბარა.
წინა მთავარი მწვრთნელი ჯო საკო აპრილის ბოლოს გაანთავისუფლეს მას შემდეგ, რაც გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში.
ბოლო რვა სეზონის განმავლობაში რუა "კვებეკ რემპატსის" მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად მუშაობდა. ეს კლუბი კვებეკის ჰოკეის ლიგაში გამოდის.
დიდების დარბაზის წევრი რუა მეექვსე მთავარი მწვრთნელია "ეველანშის" ისტორიაში.
* * *
ამასობაში, მწვრთნელის გარეშე დარჩა “ვანკუვერ კენაქსი”. პლეი ოფში მორიგი წარუმატებლობა ძვირად დაუჯდა ალან ვინიოს, რომელიც გუშინ თანამდებობიდან გადააყენეს. მასთან ერთად, გუნდი დატოვეს მისმა თანაშემწეებმა.
ვინიომ, რომელიც “კენაქსს” 2006 წლიდან ედგა სათავეში, ექვსჯერ გაიყვანა გუნდი პლეი ოფში, ერთხელ ფინალამდე მივიდა, ორჯერ მოიგო “პრეზიდენტის თასი” (რეგულარული ჩემპიონატის ტიტული) და ხუთჯერ - ჩრდილო-დასავლეთი დივიზიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: გოლების წვიმა "პიტსბურგისგან"