NHL. ფინალი: დასაწყისისთვის სამი ოვერტაიმი

AutoSharing Option
სტარტი აიღო ჰოკეის ეროვნული ლიგის გადამწყვეტმა სერიამ "ჩიკაგოსა" და "ბოსტონს" შორის, რომელმაც უნდა გამოავლინოს სტენლის თასის მფლობელი. პირველი მატჩი "ბლეკჰოქსმა" მოიგო - მასპინძლებს ამისთვის სამი ოვერტაიმის ჩატარება დასჭირდათ.

პირველმა მატჩმა გაამართლა მაყურებელთა იმედები. მოულოდნელად, პირველი წუთებიდან ინიციატივა "ბოსტონმა" მოიპოვა და მატჩის პირველი ნახევარი "ჩიკაგოს" საკმაოდ გაუჭირდა. პირველი პერიოდის შუაში იარომირ იაგრმა დაამტკიცა, რომ ტყუილად არ იხსენებდა მატჩის წინ 20 წლის წინანდელ ამბებს, როცა "პიტსბურგთან" ერთად ითამაშა სტენლის თასის ფინალში. ვეტერანმა ბრწყინვალე პასი მისცა მარტო დარჩენილ მარჩანდს, რომელმაც ზუსტად დაარტყა, მაგრამ
კორი კროუფორდმა
შეძლო შაიბის დაჭერა.

და მაინც, "ბოსტონის" მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. მოგვიანებით, მილან ლუჩიჩმა კარის სიახლოვეს დამატებაზე ითამაშა კარგად და დააწინაურა სტუმრები. მანვე, მეორე პერიოდის სტარტზე განავრცო "დათვების" უპირატესობა - საშუალო დისტანციიდან ძლიერად და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა. "ჩიკაგოს" მაქსიმალურად დახარჯვა მოუწია თამაშის გასათანაბრებლად და მეორე და მესამე პერიოდებში ჯოელ კენევილის გუნდმა ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულა.

მესამე პერიოდის ბოლომ და ოვერტაიმმა, ალბათ, ყველას გაახსენა წლევანდელი პლეი ოფის პირველი წრის მატჩი, რომელშიც "ბოსტონმა" 1:4-დან მოუგო შეხვედრა "ტორონტოს". "დათვებმა" ათ წუთში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ დამატებით დროში მოამთავრეს საქმე. დაახლოებით იგივე გააკეთა ფინალის პირველ მატჩში "ჩიკაგომ" - მესამე პერიოდის შუაში ორშაიბიანი ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა.

ბოლანდისა და ოდუიას გოლები "ჩიკაგოს" მეთოდური ზეწოლის შედეგი იყო, თუმცა მასპინძლების უპირატესობა მხოლოდ სტატისტიკური ციფრებით გამოიხატებოდა. ოვერტაიმებმა კი მასპინძლების მეკარის კორი კროუფორდის (დამატებით დროში 29 დარტყმა უკუაგდო) გმირობის ფონზე ჩაიარა, რომელმაც უამრავი სახიფათო მომენტი მოიგერია. ყველაფერი 113-ე წუთზე მორჩა, როცა ბოლანდის შორეულ დარტყმას ენდრი შოუმ მიმართულება შეუცვალა.

მატჩის შემდეგ, ბოსტონელებს განსაკუთრებული იმედგაცრუება არ გამოუხატავთ წაგების გამო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლოდ ჟულიენმა თავისი გუნდის შარშანწინდელი გამარჯვება გაიხსენა, როცა "ბოსტონმა" 0:2-დან მოიგო გადამწყვეტი სერია.

"დათვებისთვის" ამ წაგებაზე გაცილებით უსიამოვნო იყო ფორვარდ ნათან ჰორტონის დაკარგვა, რომელმაც მასპინძლების მცველთან ნიკლას ჰაილმარსონთან შეტაკებისას მიიღო ტრავმა და მოედანზე არ დაბრუნებულა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ჰორტონი მეორე მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ჩიკაგო-ბოსტონი 4:3 (3ო)
0:1, 1:1, 2:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ლუჩიჩი-4 (ჰორტონი-11, კრეიჩი-13), 0:2 ლუჩიჩი-5 (კრეიჩი-14), 1:2 საადი-1 (მარიან ჰოსა-8), 1:3 პ. ბერჟერონი-6 (სეგუინი-4, ლუჩიჩი-11), 2:3 ბოლანდი-1 (შოუ-4), 3:3 ოდუია-3 (კრუგერი-2, ფროლიკი-4), 4:3 შოუ-5 (ბოლანდი-2, როჟსივალი-2).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ფინალი ბოსტონი VS ჩიკაგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული