NHL. პლეი ოფი: ფინალი ბოსტონი VS ჩიკაგო

AutoSharing Option
სერიის მეოთხე მატჩის წინ, "პიტსბურგის" დამრიგებელი დენ ბილსმა ამბობდა, რომ მისი გუნდი შორს არ იხედებოდა - მთავარი მიზანი აღნიშნული მატჩის მოგება და სერიის პიტსბურგში დაბრუნება იყო. თუმცა "პინგვინების" დამრიგებელს არ აუხსნია, როგორ აპირებდა ამის გაკეთებას, მით უმეტეს, რომ გუნდის ლიდერებმა - ევგენი მალკინმა და სიდნი კროსბიმ წინა სამ მატჩში ვერც ერთი (!) ქულის აღება ვერ შეძლეს.

"ბოსტონს" ერთი პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი. წინა მატჩში ფეხი მოიტეხა ფორვარდმა გრეგორი კემპბელმა და მას შემცვლელად კასპარს დაუგავინში მოუძებნეს, სხვა მხრივ, "დათვების" რიგებში ყველაფერი უცვლელი
იყო.

რაც შეეხება მეოთხე თამაშის ხასიათს, ის არ განსხვავდებოდა წინა სამი მატჩის სცენარისგან. "პიტსბურგი", თავისი ფორვარდების მონდომების მიუხედავად, შეტევაში ვერაფერს ახერხებდა, "ბრუინზი" კი ძალიან კარგი კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს. მასპინძლების სტრატეგიამ ისევ გაამართლა: "ბოსტონმა" ჩაახშო "პინგვინების" შეტევები, მისი მცველების უძლიერესმა დარტყმებმა კი შედეგი გამოიღეს.

მესამე პერიოდის დასაწყისში ადამ მაკუეიდმა ცისფერი ხაზიდან გაისროლა და ეს დარტყმა გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში და სერიაში. შაიბა ოდნავ შეეხო ჯერომ იგინლას ყვანჯს და ისე შევარდა ტომაშ ვოკოუნის კარის ცხრიანში. არადა, ჩეხმა მეკარემ მთელი მატჩი იდეალურად ჩაატარა. მატჩის მშვენება გახდა ბოლო წუთებზე "პიტსბურგის" შტურმი, "ბოსტონის" მცველების თავდადება, უმწეობისგან გაგიჟებული მალკინი და კროსბი...

რთული ასახსნელია, რა დაემართა ამ ოთხ მატჩში "პიტსბურგს". ამ გუნდს აღნიშნულ სერიაში ყველაზე მაღალი შედეგიანობა ჰქონდა - 4.27 გოლი პლეი ოფში, მაგრამ "ბოსტონის" კარში ოთხი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. "პინგვინზი" აბსოლუტური ლიდერი იყო რიცხობრივი უპირატესობის რეალიზაციის მხრივ (28.2 პროცენტი), "დათვების" წინააღმდეგ კი 15-დან 15 შანსი გააფუჭა, რაც მეორე შემთხვევაა საკლუბო ისტორიაში. "პიტსბურგმა" მესამედ წააგო "მშრალი" ანგარიშით სერია, თანაც ბოლოს, 0:4 ანგარიში შორეულ 1979 წელს დაფიქსირდა და მაშინაც, "პინგვინებს" "ბოსტონმა" მოუგო.

რაც შეეხება "ბოსტონს", არ შეიძლება არ აღინიშნოს მეკარე ტუუკა რასკის ფანტასტიკური თამაში, რომელმაც 136-დან 134 დარტყმა მოიგერია. "ბრუინზმა" მეთოთხმეტედ მოიგო სერია "მშრალი" ანგარიშით და 2011 წელს, სტენლის თასის მოგების შემდეგ, ისევ გავიდა ფინალში.

ბოსტონი-პიტსბურგი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 მაკუეიდი-2 (მარჩანდი-9, პ. ბერჟერონი-6).
სერია: 4-0

* * *

სტენლის თასის მეორე ფინალისტი გახდა "ჩიკაგო ბლეკჰოქსი", რომელმაც ხუთ მატჩში მოუგო მოქმედ ჩემპიონს "ლოს ანჯელესს".

მეოთხე მატჩში გამარჯვებამ შესამჩნევად აუმაღლა განწყობა "ჩიკაგოს". ხუმრობა საქმე არ იყო სტუმრად "კინგზის" დამარცხება - ასეთი რამ პლეი ოფის ზედიზედ 15 მატჩის განმავლობაში ვერავინ შეძლო,

კარგ ხასიათზე ყოფნის საბაბი "ლოს ანჯელესსაც" ჰქონდა: მწყობრში ჩადგა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მაიკ რიჩარდსი, რომელიც პირველი მატჩიდან მოყოლებული არ თამაშობდა ტვინის შერყევის გამო. მისი როლი სერიის მეხუთე მატჩში საკმაოდ დიდი აღმოჩნდა.

შეხვედრა "მეფეებისთვის" ძალიან ცუდად დაიწყო: მეექვსე წუთისთვის მასპინძლებს ორი გოლი ჰქონდათ გატანილი, თავად კალიფორნიელები კი ძალიან ცუდად მოქმედებდნენ საკუთარი კარის სიახლოვეს. პირველ რიგში, "ლოს ანჯელესის" რიგებში შეცდა მეკარე ჯონათან კუიკი, რომელმაც მცველი დანკან კიტის შორეული დარტყმა გაუშვა, ცოტა ხანში კი დამატებაზე აჯობა ყველას პატრიკ კეინმა.

არავის ეგონა, რომ "ლოს ანჯელესი" თამაშის ბედის შემოტრიალებას მოახერხებდა, მაგრამ "კინგზის" ჰოკეისტებმა გამონახეს თავის თავში ბოლომდე ბრძოლის საშუალებაა. დუაიტ კინგის მიერ რიცხობრივ უმცირესობაში გატანილმა გოლმა სტუმრებს დამატებითი ემოციური მუხტი მისცა და უკვე მესამე პერიოდის სტარტზე ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

როცა კეინმა ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე თავისი მეორე შაიბა გაიტანა და კვლავ გაიყვანა წინ "ჩიკაგო", "ლოს ანჯელესი" ისევ ჩამოწერეს. და ჩემპიონმა ისევ გადაავადა "სიკვდილი". საფინალო სირენამდე 10 (!) წამი რჩებოდა, როცა რიჩარდსმა შორეული დარტყმით 3:3 გახადა ანგარიში. საბოლოოდ, ყველაფერი მეორე ოვერტაიმის შუაში გაირკვა, როცა ჯონათან ტეივზისა და კეინის გასვლა ერთი მცველის წინააღმდეგ, განსაცვრიფრებელი სიმშვიდით იქნა გამოყენებული.

წინ გველის ფინალი "ბოსტონსა" და "ჩიკაგოს" შორის. ეს იქნება ტრადიციათა ნამდვილი ბრძოლა. პირველად 1979 წლის შემდეგ, ფინალში გავიდნენ ე. წ. "დიდი ექვსეულის" გუნდები, თუმცა "ბრუინზსა" და "ბლეკჰოქსს" გადამწყვეტ სერიაში ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უთამაშიათ.

რაც შეეხება "ლოს ანჯელესს", სტენლის თასის მოქმედმა მფლობელმა ზედიზედ მეცამეტედ ვერ შეძლო ტიტულის დაცვა.

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 4:3 (2ო)
2:0, 0:1, 1:2, 1:0
გოლები: 1:0 კიტი-2 (როჟსივალი-1), 2:0 კეინი-4 (ტეივზი-7, ბიკელი-4), 2:1 დ. კინგი-2 (ჯასტინ უილიამსი-3, კუიკი-1), 2:2 კოპიტარი-3 (ჯ. კარტერი-7, მ. რიჩარდსი-9), 3:2 კეინი-5 (ბიკელი-5), 3:3 მ. რიჩარდსი-3 (კოპიტარი-6, ვოინოვი-7), 4:3 კეინი-6 (ტეივზი-8).
სერია: 4-1

ფინალის განრიგი
12 ივნისი ჩიკაგო-ბოსტონი
15 ივნისი ჩიკაგო-ბოსტონი
17 ივნისი ბოსტონი-ჩიკაგო
19 ივნისი ბოსტონი-ჩიკაგო
22 ივნისი ჩიკაგო-ბოსტონი
24 ივნისი ბოსტონი-ჩიკაგო
26 ივნისი ჩიკაგო-ბოსტონი

კანადამ სოჭისთვის მწვრთნელი დანიშნა
როგორც TNS ამტკიცებს, "დეტროიტ რედ უინგზის" დამრიგებელი მაიკ ბებკოკი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე კანადის ნაკრების დამრიგებელი იქნება. 50 წლის სპეციალისტი კანადას 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადაზეც ხელმძღვანელობდა და გუნდს ოქროს მედლები მოუტანა.

სხვათა შორის, ბებკოკი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც მოგებული აქვს ოლიმპიადის ოქრო, მსოფლიოს ჩემპიონატი (2004) და სტენლის თასი (2008 წელს "დეტროიტთან" ერთად). მას ასევე გაუმარჯვია მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (1997).

ბებკოკის სამწვრთნელო შტაბში შევლენ "სენტ ლუისისა" და "ბოსტონის" დამრიგებლები - კენ ჰიჩკოკი და კლოდ ჟულიენი, აგრეთვე "ბაფალოს" ყოფილი მწვრთნელი ლინდი რაფი.

გონჩარი "დალასში" წავიდა
ვეტერანი რუსი მცველი სერგეი გონჩარი, რომლის კონტრაქტი "ოტავა სენატორზთან" ამ სეზონის შემდეგ იწურება, კარიერას კვლავ NHL-ში გააგრძელებს. გაცვლის შედეგად, ეს ჰოკეისტი "დალას სტარზის" რიგებში აღმოჩნდა, "ოტავამ" კი ამის სანაცვლოდ 2013 წლის დრაფტის მეექვსე რაუნდში არჩევანის უფლება მიიღო.

გონჩარის კონტრაქტი "დალასთან" ორწლიანი იქნება და მცველი ჯამში 5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"დალასმა" ამ გარიგების განხორციელება იმის გამო იჩქარა, რომ გონჩარს აქტიურად ეპატიჟებოდა ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში მაგნიტოგორსკის "მეტალურგი".

"ედმონტონმა" მწვრთნელი გაუშვა
დიდი გეგმები აქვს "ედმონტო ოილერზის" ახალ გენერალურ მენეჯერს კრეიგ მაკტავიშს, რომელმაც ჯერ საჯაროდ გამოაცხადა რამდენიმე მოთამაშის ტრეიდის შესახებ, შემდეგ კი მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტა.

"მენავთობეების" აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა რალფ კრუგერმა მხოლოდ ერთი წელი იმუშავა გუნდში, ახლა კი ვარაუდობენ, რომ მას დალას იკინსი შეცვლის, რომელიც ადრე წარმატებით მუშაობდა ამერიკის ჰოკეის ლიგაში (AHL).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი გავარდნის პირასაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული