დისკვალიფიკაცია ოლიმპიადამდე

AutoSharing Option
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა შვედეთის ნაკრების მცველი ალექსანდრ ედლერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოკეისტი გამოტოვებს 2014 წლის ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირის საწყის ორ შეხვედრას.

ედლერი დაისაჯა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, კანადასთან მატჩში გამოჩენილი უხეშობის გამო. პირველი პერიოდის მე-16 წუთზე მცველმა ტრიბუნების დამცავ ბარიერს მიაჯახა მეტოქე ფორვარდი ერიკ სტაალი და თან მუხლში ჩაარტყა მას. კანადელი მოედანზე აღარ დაბრუნებულა, ედლერი კი მატჩის ბოლომდე გააძევეს მოედნიდან. მოგვიანებით მას ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მისცეს. საბოლოოდ, წლევანდელი პირველობა სწორედ შვედების გამარჯვებით დასრულდა.

ასე რომ, თუ ედლერი მოხვდება შვედების საოლიმპიადო განაცხადში, მაშინ მას მოუწევს ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან და შვეიცარიასთან მატჩების გამოტოვება და მოედანზე ლატვიასთან შეხვედრისთვის დაბრუნდება.

ედლერი 2006 წლიდან იცავს "ვანკუვერ კენაქსის" ღირსებას. გასულ სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მან 45 მატჩი ჩაატარა და 22 ქულა (8+14) დააგროვა.

* * *
"ვაშინგტონ უიზარდსმა" თავის საწვრთნელ ბანაკში მიიწვია 19 წლის ავსტრალიელი ფორვარდი ნათან უოკერი, - იტყობინება ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ასე რომ, ამ მოთამაშეს აქვს შანსი გახდეს პირველი ავსტრალიელი ჰოკეისტი NHL-ის ისტორიაში.

გასული სეზონი უოკერმა აშშ-ის იუნიორთა ლიგაში (USHL) გაატარა, სადაც კლუბ "იანგსტაუნის" შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და 27 ქულა (7+20) დააგროვა. პროფესიულ კარიერას ავსტრალიელი ფორვარდი ჩეხურ "ვიტკოვიცეში" იწყებდა.

* * *
ბუკმეიკერებმა 2013-14 წლების სეზონში სტენლის თასის მოპოვების მთავარი ფავორიტები დაასახელეს. მათი აზრით, NHL-ის მთავარი პრიზის მოგების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ ჩემპიონ "ჩიკაგო ბლეკ ჰოქსსა" და "პიტსბურგ პინგვინზს" აქვთ. ჩიკაგოელების გამარჯვებაზე კოეფიციენტი 7.0-ს უდრის, "პიტსბურგისა" - 7.5-ს.

ასევე ფავორიტებად მოიხსენიებიან: "ბოსტონი" (11.0), "ლოს ანჯელესი" (13.0) და "სენტ ლუისი" (13.0). შემდეგ მოდიან: "დეტროიტი" (17.0), "ვანკუვერი" (17.0), "სან ხოსე" (19.0), "ედმონტონი" (21.0), "მინესოტა" (21.0) და "რეინჯერსი" (21.0).

ბუკმეიკერთა აზრით, მოგების ყველაზე დაბალი შანსი აქვთ: "ბაფალოს" (101.0), "კალგარისა" (101.0) და "ფლორიდას" (151.0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული