თამაშების რაოდენობა კარიერაში
რეკორდი: 1767 - გორდი ჰოუ
გრეტცკი: 1487
ჰოუმ საკუთარი კარიერა 52 წლამდე გააგრძელა და მასთან გაჯიბრება შეუძლებელია, თუმცა გორდის დროს რეგულარული ჩემპიონატი 10-15 მატჩით მოკლე იყო. გრეტცკიმ მხოლოდ ერთხელ ჩაატარა რეგულარულში 60 მატჩზე ნაკლები (1992-93), მაგრამ 1994 წელს ლოკაუტიც რომ აეცილებინათ თავიდან, ლიდერთან მიახლოებას მაინც ვერ შეძლებდა. მეორე მხრივ, ჰოუს მთავარი რეკორდი - ქულების რაოდენობა კარიერაში - გრეტცკიმ
გამარჯვებების რაოდენობა სტენლის თასზე
რეკორდი: 11 - ანრი რიშარი
გრეტცკი: 4
რიშარმა შვიდი საჩემპიონო ბეჭედი იმ დროს მოიგო, როცა ლიგაში მხოლოდ ექვსი კლუბი თამაშობდა და მის კლუბთან - "მონრეალთან" კონკურენცია არავის შეეძლო, მაგრამ, თუ არ გავითვალისწინებთ "კანადიენსის" მაშინდელი თაობის წარმომადგენლებს, უეინი პირველი მაინც არ იქნებოდა. NHL-ში გუნდების რაოდენობის გაზრდის შემდეგ რვაჯერ მოიპოვა სტენლის თასი ჟაკ ლემერმა, შვიდჯერ - სერჟ სავარმა. გრეტცკის თანაგუნდელებს - გლენ ანდერსონსა და მარკ მესიეს 6-6 ტიტული აქვთ.
რომ არა "ლოს ანჯელესში" ტრეიდი, უეინი თავის ოთხ გამარჯვებას კიდევ 2-3 სტენლის თასს დაუმატებდა, მაგრამ რიშარის რეკორდს მაინც ვერ გააუმჯობესებდა, რადგან ლიგაში კლუბების გაზრდილი რიცხვის პირობებში, ამის გაკეთება შეუძლებელია.
გოლების რაოდენობა პლეი ოფის ერთ გათამაშებაში
რეკორდი: 19 - იარი კური, რეჯი ლიჩი
გრეტცკი: 17
1975-76 წლების სეზონი კარიერის პიკი იყო ფილადელფიელი ლიჩისთვის. ის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა 61 გოლით, მოიგო "კონ სმიტ ტროფი", ფინალში წაგების მიუხედავად, აგრეთვე დაამხო ივან კურნუაიეს რეკორდი პლეი ოფში გატანილი გოლების რაოდენობით. იარი კურის ამ რეკორდის გაუმჯობესების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა. "ჩიკაგოსთან" ნახევარფინალის შემდეგ მის ანგარიშზე 18 შაიბა იყო და წინ ელოდა ფინალური სერია, მაგრამ ფინელი ვერ გაუმკლავდა ზეწოლას და მხოლოდ გაიმეორა რეკორდი.
მაშინ გრეტცკიმ ფინალურ სერიაში 7 გოლი გაიტანა და "ოქროს მატჩში" რვა დარტყმა შეასრულა, მაგრამ საჭირო რაოდენობის შაიბა მაინც ვერ დააგროვა. მაგრამ მას სრული უფლება აქვს, თანარეკორდსმენად მიიჩნიოს თავი. იმ პლეი ოფში კურიმ გოლების სამი მეოთხედი გრეტცკის პასებით გაიტანა. 1993 წელს უეინს "მონრეალთან" ფინალური სერიის მესამე მატჩის შემდეგ 15 შაიბა ჰქონდა, მაგრამ სერია მალე დასრულდა.
გოლების რაოდენობა ერთ მატჩში
რეკორდი: 7 - ჯო მელოუნი
გრეტცკი: 5 (ოთხჯერ)
"ედმონტონის" ვარსკვლავმა არაერთხელ მიიტანა იერიში "ბულდოგების" სნაიპერის მიერ 1920 წელს დამყარებულ რეკორდზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ხუთი შაიბით შემოიფარგლა. ყველაზე ახლოს წარმატებასთან 1984 წლის დეკემბერში იყო. "სენტ ლუისთან" მატჩში, გრეტცკის ხუთი გოლი მესამე პერიოდის მეექვსე წუთისთვის ჰქონდა გატანილი და მაინც ვერ შეძლო მელოუნის რეკორდის თუნდაც გამეორება.
ქულების რაოდენობა ერთ მატჩში
რეკორდი: 10 - დერილ სიტლერი
გრეტცკი: 8 (ორჯერ)
იგივე სიტუაციაა ამ რეკორდთან დაკავშირებით. 1976 წლის 7 თებერვალს დერილ სიტლერმა გაიტანა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო - გამოიყენა 10-დან ექვსი დარტყმა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა. მის "ტორონტოს" გაუმართლა, რადგან "ბოსტონს", რომელმაც 4:10 წააგო, კარში ახალბედა დეივ რისი ედგა. ამის შემდეგ ეს გოლკიპერი NHL-ში აღარ გამოჩენილა. გრეტცკი რვა ქულაზე შორს არასოდეს წასულა.
1984 წლის იანვარში გენიალურმა კანადელმა "მინესოტასთან" მატჩის 38-ე წუთისთვის პოკერი გაიფორმა და ოთხი შედეგიანი პასიც შეასრულა, მაგრამ მესამე პერიოდში ქულაც ვერ აიღო.
ქულებისა და გოლების რაოდენობა პლეი ოფის მატჩში
რეკორდი: 5 და 8 - მარიო ლემიე
გრეტცკი: 4 და 7
ერთ სათასო შეხვედრაში ხუთი გოლი 1919 წელს გაიტანეს და უკვე შემდეგ გაიმეორეს ნიუსი ლალონდის რეკორდი მორის რიშარმა, სიტლერმა, ლიჩმა და მარიო ლემიემ. 1987 წელს გრეტცკიმ 7 ქულა (1+6) დააგროვა "ლოს ანჯელესთან" (13:3) მატჩში, მაგრამ ეს რეკორდი დიდხანს არ ყოფილა ძალაში. ერთი წლის შემდეგ ერთი ქულით მეტი აიღო ვაშინგტონელმა პატრიკ სუნდსტრიომმა, 1989 წელს კი "სუპერმარიომ" ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა "ფილადელფიასთან" გიჟურ მატჩში.
ყველაზე მეტი გოლი სეზონში დებიუტანტისთვის
რეკორდი: 76 - ტეემუ სელიანე
გრეტცკი: 51
NHL-ში ჩატარებულ პირველ სეზონში გრეტცკიმ 51 გოლი გაიტანა და 137 ქულა დააგროვა, მაგრამ იმის გამო, რომ მანამდე WHA-ში თამაშობდა, 19 წლის ფორვარდს ოფიციალურად დებიუტანტის სტატუსი არ მიანიჭეს. მაგრამ ახალბედაც რომ ყოფილიყო, მაიკ ბოსის რეკორდი (53 შაიბა) მისთვის მაინც მიუღწეველი იქნებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი ამ დუეტს დიდი მანძილით გაუსწრო სელიანემ. ფინელმა რეკორდი სეზონში რიგით 63-ე მატჩში დაამხო, ჩემპიონატის ბოლომდე კი გოლების ფანტასტიკური რაოდენობა შეაგროვა - 76.
გამარჯვების გოლების რაოდენობა სეზონსა და კარიერაში
რეკორდი: 16 - ფილ ესპოზიტო, 122 - იარომირ იაგრი
გრეტცკი: 12 და 91
"ედმონტონში", რომელიც მეტოქეებს 10:6 ან 8:5-ის მსგავსი ანგარიშებით უგებდა, გამარჯვების შაიბის გატანა ნებისმიერს შეეძლო - ანდერსონს (85 ასეთი გოლი), კურის (72), პოლ კოფის (44) ან მარკ მესიეს (92). გრეტცკის პოზიციები 90-იანი წლების დასაწყისში შეირყა, როცა ხუთი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 გადამწყვეტი შაიბა გაიტანა. "დიადმა" ფილ ესპოზიტომდე მისვლა ვერ შეძლო, შემდეგ კი მას გაუსწრეს რეკიმ, მოდანომ, ფიოდოროვმა, აიზერმანმა, ჰალმა და იაგრმა.
გრეტცკის 10 რეკორდი, რომელთა გაუმჯობესება შეუძლებელია:
2857 ქულა რეგულარულ ჩეპიონატში (მოქმედ ჰოკეისტებს შორის საუკეთესოა იარომირ იაგრი - 1730)
894 გოლი რეგულარულ ჩემპიონატში (იარომირ იაგრი - 697)
92 გოლი ერთ ჩემპიონატში (გრეტცკის შემდეგ მეორე შედეგი ბრეტ ჰალს აქვს - 86)
215 ქულა ერთ ჩემპიონატში (მეორე შედეგი გრეტცკის შემდეგ: მარიო ლემიე - 199)
51 მატჩი მინიმუმ ერთი ქულით
163 პასი ერთ ჩემპიონატში (მეორე შედეგი გრეტცკის შემდეგ: მარია ლემიე - 114)
50 მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიქი
382 ქულა პლეი ოფში (მოქმედ ჰოკეისტებს შორის საუკეთესოა იარომირ იაგრი - 199)
122 გოლი პლეი ოფში (იარომირ იაგრი - 78)
47 ქულა პლეი ოფის ერთ გათამაშებაში (მეორე შედეგი გრეტცკის შემდეგ: მარია ლემიე - 44)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"