მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა

AutoSharing Option
ჰოკეის ისტორიაში ყველაზე პრინციპული დაპირისპირება მსოფლიოს თასის ნახევარფინალში შედგა: კანადა რუსეთის წინააღმდეგ. მასპინძელთა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, ამიტომაც ცოტა ვინმე თუ ვარაუდობდა, რომ რუსები შეძლებდნენ ფავორიტის დამარცხებას და ფინალში გასვლას.

ასეც მოხდა. მართალია, მეორე პერიოდში რუსეთი 72 წამით იყო წინ და ბოლო პერიოდისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, არავის შეპარვია ეჭვი კანადელების უპირატესობაში. ორი პერიოდის შემდეგ, დარტყმებში სხვაობა იყო - 33:15 კანადის სასარგებლოდ. რომ არა რუსების მეკარე ბობროვსკი, მატჩის ბედი საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე იქნებოდა გადაწყვეტილი. ყველაფერი კი
მესამე პერიოდის პირველ 10 წუთში გადაწყდა, როცა კანადელებმა სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს და 5:2 გავიდნენ წინ.

არ შედგა NHL-ის ვარსკვლავების - სიდნი კროსბისა და ალექსანდრ ოვეჩკინის დაანონსებული დუელი. კროსბი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ნახევარფინალში გოლი და ორი შედეგიანი პასი მიითვალა, რუსის ანგარიშზე კი ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო. შედარებისთვის, კანადელთა პირველ ხუთეულს 22 ზუსტი დარტყმა ჰქონდა: უებერს -6 , ვლასიკს - 2, მარშანს - 6, კროსბის - 4 და ბერჟერონს - 4.

საერთოდ, ოვეჩკინმა და რუსების კიდევ ერთმა ლიდერმა ევგენი მალკინმა მთლიანად ჩააგდეს ეს ტურნირი - მათ ოთხ მატჩში ექვს-ექვსი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.

კანადელებმა ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგეს იმ ტურნირებზე (ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს თასი), სადაც უძლიერესი ჰოკეისტები თამაშობენ. ამ გუნდის ბოლო მარცხი 2010 წლის 21 თებერვალს იყო, როცა ვანკუვერის ოლიმპიადაზე ჯგუფურ ეტაპზე წააგო აშშ-სთან.

1/2 ფინალი
კანადა-რუსეთი 5:3
1:0, 1:2, 3:1
გოლები: 1:0 კროსბი, 1:1 კუჩეროვი (ზაიცევი, მალკინი), 1:2 კუზნეცოვი (ტელეგინი, დადონოვი), 2:2 მარშანი (კროსბი, ბერჟერონი), 3:2 მარშანი (კროსბი, ბერჟერონი), 4:2 პერი (კუტური, ვლასიკი), 5:2 ტავარესი (გეტცლაფი, ვლასიკი), 5:3 პანარინი (კულიომინი, კუჩეროვი).
მეკარეები: პრაისი - ბობროვსკი.
დარტყმები: 47 (17-16-14) - 34 (7-8-19).
საჯარიმო დრო: 6 (4-0-2) - 6 (6-0-0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული