ფოტო: fb.com/georgianfencing
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, 17-22 ივნისის ჩათვლით, ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ შეჯიბრებაზე 9 სპორტსმენით წარდგება. აქედან 7 ვაჟი და 2 გოგონა იქნება. მათგან 7 ხმლით ასპარეზობაში გამოვა, ხოლო დანარჩენი 2 მოფარიკავე რაპირით იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ხმალი. ვაჟები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია
რაპირა. ვაჟები: ლაშა გალუაშვილი, ლუკა ღაღანიძე
ხმალი. გოგონები: თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი
მედლებისთვის ბრძოლის გარდა, ქართველ მოფარიკავეებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაც შეუძლიათ.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ განაცხადა, რომ მოფარიკავეთა მთავარი მიზანია ოლიმპიადაზე გუნდური ლიცენზიის მიღება. ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოს ვაჟ მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 4-ეულში მოხვდეს.
იმედიანადაა განწყობილი საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო ბაზაძე:
"შარშან და შარშანწინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ახლა მინდა, რომ გავაუმჯობესო შედეგი და ოქროს მედლის მოპოვების შანსი მაქვს. თუმცა, უმნიშვნელოვანესი მიზანი მაინც გუნდური ასპარეზობაა. მიმაჩნია, რომ კარგი შანსები გვაქვს საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".
თეოდორა კახიანი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი მოფარიკავე გახდა, ვინც ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ისახავს მიზნად:
"ევროპის ჩემპიონი 2 წლის წინ გავხდი და ეს ძალიან დიდი ტიტულია, თუმცა ეს მხოლოდ მოტივაციას მაძლევს, რომ ამაზე არ გავჩერდე. მინდა გავიმეორო მიღწეული და შემდეგ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. მე გამარჯვების გარდა სხვა არცერთი ადგილი არ მაკმაყოფილებს".
საქართველოს ნაკრები გერმანიაში 15 ივნისს გაემგზავრება. პირველად ინდივიდუალურად გამოვლენ, ხოლო 21 ივნისიდან უკვე შეჯიბრების გუნდური ნაწილი დაიწყება.