თუ როგორ აფასებს საკუთარ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ქართველი მოფარიკავე და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, ამის შესახებ Sportall.ge-ს ესაუბრა:
"ჯგუფური ეტაპი გავიარე უმაღლეს დონეზე. ექვსიდან ექვსივე შეხვედრა მოვიგე. ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონებით იყო დაკომპლექტებული.
ჯგუფის შემდეგ შევხვდი ჩემს გუნდელს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. მიშა მარდალეიშვილი ძალიან ძლიერია და მასაც შეეძლო, დარწმუნებული ვარ, მედლის მოპოვება, ერთმანეთს რომ არ შევხვედროდით, თუმცა მას კიდევ წინ აქვს ყველაფერი.
1/8-ფინალში უნგრელ სპორტსმენს ვეფარიკავე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია და უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დამაჯერებლად, 15:8 დავამარცხე.
1/4-ფინალში კიდევ უნგრელი მოფარიკავე შემხვდა. ეს ბიჭიც 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონია და ამასაც საკმაოდ დამაჯერებლად მოვუგე - 15:10.
სამწუხაროდ, ნახევარფინალში დავმარცხდი, მაგრამ მე დამარცხებულად არ ვთვლი თავს. რა თქმა უნდა, ეს სპორტია და ასეთი რაღაცებიც ხდება. ჩემი თავისგან მაქსიმალურ შედეგს ველოდებოდი, თუმცა ამჯერად ბრინჯაოს მედალს დავჯერდი. შემდეგში აუცილებლად მოვიპოვებ ოქროს. ვისთანაც დავმარცხდი, არაერთხელ მომიგია მაგ სპორტსმენთანაც და მომავალშიც ასე იქნება.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ბრინჯაოს მედალი ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის, საკმაოდ ბევრი ქულა დავაგროვე და რეიტინგშიც გავიმყარე პოზიციები. წინ გველოდება გუნდური შეჯიბრება და ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები, რომ მაქსიმალურს მივაღწიოთ", - აღნიშნა ბაზაძემ.
ინფორმაციისთვის, 1/2-ფინალში სანდრო რუსეთის წარმომადგენელთან, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოსპრიზიორთან, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორთან, 25 წლის კამილ იბრაგიმოვთან, რომელიც FIE-ს რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა, 11:15 დამარცხდა და მესამე პოზიცია დაიკავა.
ბაზაძემ იქამდე თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს 15:12, უნგრელ ტამაშ დეკშის 15:8, შემდეგ ასევე უნგრელ ანდრაშ სზატმარის 15:10 სძლია და მთლიანობაში ტურნირზე 9 მეტოქეს მოუგო.
ბაზაძე მიჯრით მესამედ გახდა ევროპირველობის ბრინჯაოსპრიზიორი.
ავტორი: რუსკა კილასონია