ჯვაროსნები - ანუ გალაშქრება ერთა ლიგაზე

AutoSharing Option
"სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!" - ხალხით გადაჭედილი სტადიონი და ერთიანი, ვულკანისებური ქუხილი ჩვენი ნაკრების ყველა სახიფათო თუ ნაკლებად სახიფათო მომენტზე…

ეს ის მუხტია, რაც ამდენი ხნის მანძილზე აკლდა ქართულ ფეხბურთს. ყველა მომენტის მუხტს შენს სხეულზე რომ გრძნობ, როგორ აწვება შინაგანი გულის ფეთქვა გარეგანს, როგორ ერწყმის ეს ორი ერთმანეთს და როგორ გარდაიქმნება ერთიან გულის ფეთქვად. მთელი სტადიონი ერთი დიდი გულივით რომ ფეთქავს… ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ახლა განსაკუთრებით…

თამაშის დასრულებამდე მიტოვებული სტადიონებიც გვახსოვს, მაგრამ წყალს გავატანოთ ეგ ძველი გამოცდილება… ჩვენ ერთი გუნდი
ვართ! ჩვენ "ჯვაროსნები" ვართ და სისხლის ბოლო წვეთამდე ერთად უნდა ვიდგეთ… ვიდგეთ გულზე მარჯვენახელმიდებულები, ჩვენი ბიჭების მხარდამხარ, ჩვენ ჩვენი ვალი უნდა აღვასრულოთ! ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ქართველებისთვის Deus Vult-ის საპირწონედ იქცა. ეს სიტყვები უდიდეს ძალას ღვრის თითეული ქართველი გულშემატკივრის სულში და თავისი სიდიადის ზეგავლენით სტადიონებს ავსებს… ტელევიზორებთან ატყვევებს გულშემატკივრებს…

Sportall.Ge

ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - სამივეს მოუგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და იმედი გაჩნდა… იმედის მკრთალად მოკაშკაშე სხივმა მოგვიკაკუნა დარაბებზე, რომელი დარაბების მიღმაც გაზაფხულის მაგივრად, ცივი და ბნელი ზამთარი იყო…

ერთა ლიგაზე ქართველი "ჯვაროსნების" გალაშქრებამ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა, რაც ყველაზე დიდ დამსახურებად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ამ ჩემპიონატს.

სხვა ნაკრებების გულშემატკივრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრობენ, ჩვენ კი ჯგუფური ეტაპი გვესახება იმედების კორინთოდ, მაგრამ ეს დასაწყისია…

ფერფლად ქცევის გარეშე თავიდან დაბადება შეუძლებელია. საქართველოც ამ ეტაპზეა, ახლა იღვიძებს, ახლა უახლოვდება სტანდარტებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ჩაკვეტაძის გოლი ვნახოთ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რომ გაუტანს გერმანიას, ესპანეთს ან არგენტინას…

Sportall.Ge

იბერიის გაბრწყინებამდე იქნებ ქართული ფეხბურთი გავაბრწყინოთ და შემდეგ, იბერიის გაბრწყინებით დაქანცულებს, ქართული ფეხბურთი გვანუგეშებს და გაგვახარებს… ერთა ლიგაზე გავიბრძოლეთ და ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. კონსტანტინეპოლის რა გითხრათ, მაგრამ ნურ-სულთანი ნამდვილად ავიღეთ...

ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლაა წინ და იმედჩასახულებს ახლა მხოლოდ გამარჯვება გვინდა. Deus Vult! კი არადა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

ავტორი: საბა ხიმშიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 22 /
არა ივერია,არამედ სწორედაც რომ იბერია,ივერია რუსული ვარიანტია ამ ეთნონიმისა
ბაჩი
15:14 05-06-2019
0
ლორია , კვირკველია, კაშია, ხიჭოლავა, კანკავა, კვეკვესკირი, ქვილითაია, კვარაცხელია. სასტავის 11 კაციდან 8 სამეგრელოს წარმომადგენელია. ეს ისე ხუმრიბით. ყველა ერთი ვართ გენაცვალეთ მიყვარხართ წარმატებები ნაკრებს
SAMEGRELO
23:56 03-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული