საბა კვირკველია: თუ კარგი შემოთავაზება მექნება ევროპიდან, რატომაც არა?

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Sports24-მა საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველ საბა კვირკველიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საიტერესო საკითხზე ესაუბრა.

კვირკველია უკვე 2.5 წელია "ლოკომოტივშია" და ამ ხნის განმავლობაში გახდა რუსეთის ჩემპიონი, მოიგო თასი და მისი გუნდი ახალი სეზონიდან კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მისი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნობელ არუსტამიანის ინფორმაციით, კვირკველიას მსურველმა კლუბმა კონტრაქტის მიხედვით მინიმუმ 3.6 მლნ ევრო უნდა გდაიხადოს.

თუმცა აქვე გეტყვით, რომ ადრე კვირკველიას სატრანსფერო ფასი 15 მლნ ევროსაც აღწევდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რუსეთში სეზონის დასრულების შემდეგ ნაკრებში გამოძახებამდე რამდენიმე უქმე დღე გამოგივიდათ, როგორ დაისვენეთ?
- ეგრევე საქართველოში წავედი. თუმცა ნაკრებში ტრავმის გამო არ ვითამაშებ. გახსოვთ, "უფასთან" მატჩში რომ 15 წუთით გამოვედი, მაშინ დავიზიანე კუნთი. სერიოზული არაფერია, მაგრამ დასვენება მჭირდება. მინდოდა თამაში - 3-4 დღე ვივარჯიშე და ექიმებიც მამზადებდნენ, მაგრამ ერთი დღით ადრე სახლში მომიწია წასვლა. ახლა შინ ვარ ოჯახთან ერთად. ნაკრების თამაშის დროს სტადიონზე წავალ და ტრიბუნიდან ვუგულშემატკივრებ. შეკრებამდე საქართველოში ვიქნები. შეიძლება რამდენიმე დღით ოჯახთან ერთად სადმე წავიდე.

- სამი კერძი, რომელიც უნდა გასინჯო საქართველოში...
- პირველი - აუცილებლად აჭარული ხაჭაპური. შემდეგ ხინკალი და მესამე ღორის მწვადი.

- სტამბულში ისეთი ხმაური იყო, რომ პრესლოჟაში ერთმანეთის არ გვესმოდა. "გალათასარაის" სტადიონის ატმოსფერო ყველაზე მეტად გამოირჩევა თქვენს კარიერაში?
- იქ ნამდილად მაგარი ატმოსფეროა, მაგრამ ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება "ენფილდმა" მოახდინა, როცა "რუბინის" შემადგენლობაში ვიყავი და "ლივერპულთან" ფრედ ვითამაშეთ. როგორ მღერიან - ეს უბრალოდ არარეალურია! გამოდიხარ და გესმის You`ll never walk alone და სიამოვნებას იღებ. აი, ისინი ნამდვილად ფეხბურთით ცხოვრობენ.

Sportall.Ge

- ზამთარში "ლოკოში" კიდევ ერთი ქართველი მოვიდა - ხვიჩა კვარაცხელია. ის ამ თაობის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია საქართველოში?
- ერთი-ერთი. მას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. ყველა მონაცემი ხვიჩას აქვს. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება.

- კვარაცხელია იჯარით არის. არ ელაპარაკეთ სიომინს (მწვრთნელი) ან კიკნაძეს (აგენტი) სრულყოფილ კონტრაქზე?
- მინდა, რომ "ლოკოში" დარჩეს, მაგრამ ჩემი, როგორც ფეხბურთელის მხრიდან არასწორი იქნება, რამე ვთხოვო და რჩევა მივცე მათ. ეს არც არის საჭირო - ყველამ ნახა, როგორ თამაშობს. მენეჯერი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს განიხილავენ და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- თქვენს მომავალზე რას გვეტყვით? 2021 წლის ზაფხულამდე გაქვთ კონტრაქტი, გისაუბრიათ თუ არა კლუბში მის გახანგრძლივებაზე?
- ამაზე არავისთან მისაუბრია. 2 წელი დამრჩა, ამიტომ დრო მაქვს.

- გაზაფხულზე ნობელ არუსტამიანმა თქვა, რომ პირველი ივლისიდან თქვენს კონტრაქტში გაწერილია მინიმალური თანხა 3.6 მლნ ევრო. ეს სიმართლეა?
- თუ ნობელმა თქვა... პლუს-მინუს, ეგრეა.

- გასულ წელს წერდნენ, რომ თქვენით ინგლისური პრემიერლიგის კლუბები იყვნენ დაინტერესებულები. ევროპაში რომ დაგიძახონ, წახვალთ?
- "ლოკოში" უკვე 2.5 წელია ვარ და ყველაფერი მოვიგე. თუ კარგი შემოთავაზება მექნება ევროპიდან, რატომაც არა? სხვა ქვეყანაში ტიტულის აღებაც შეიძლება სცადო. ჩემპიონი გახდე, თასი მოიგო და დასრულდეს - ეს ჩემზე არ არის, მე ასეთი არ ვარ. გამარჯვებები მწყურია! რაც უფრო მეტი ტიტულია, მით უკეთესი.

- ანუ, თუ წასვლაა, მაშინ მხოლოდ ტოპ-კლუბში?
- გადარჩენისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. იდეალურ ვარიანტში მსურს ტოპ5-ის რომელიმე ჩემპიონატში თამაში და მინიმუმ ევროპა ლიგისთვის ვიბრძოდე. რა თქმა უნდა, რთულია იქ მოხვედრა, მაგრამ თუ იქნა კლუბისთვისა და ჩემთვის საინტერესო წინადადება, მაშინ დავფიქრდები. ეს კარიერაში შესაძლოა კარგი ნაბიჯი იყოს.

- მაგალითად, ხვალ თქვენზე ინგლისური პრემიერლიგის კლუბი გამოვიდა, მაგრამ არა ტოპ-5-დან. არც კი განიხილავთ?
- არა, რატომ? ნებისმიერ წინადადებას განვიხილავ, მხოლოდ "ჩელსიში" გადავალ ან არსად - ასე საკითხს არ ვაყენებ. თუ ნორმალურ პირობებსა და გუნდს შემომთავაზებენ, რატომაც არა? განვიხილავ.

- მართალია, რომ შეგეძლოთ გასული სეზონის შემდეგ წასვლა?
- 2-3 ვარიანტი იყო - ინგლისიდან და გერმანიიდან. ერთ-ერთი მათგანი "ლესტერი" იყო. რატომ არ წავედი? ამოცანა გვქონდა - ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა. გუნდი კარგად გააძლიერეს. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ დარჩენა ჯობდა.

- ინგლისში მინიმუმ ერთი გუნდია, სადაც არ წახვალათ - "უოტფორდი"...
- რატომ, რადგან იქ ხავიერ გრასიაა? მოიცათ, ეს ფეხბურთია და ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც აქ უმეტესობა ვფიქრობდით "ლესტერში" არ გადასვლა შეცდომა იყო. ლოკო სამწუხაროდ საბასთვის და ჩვენთვისაც ჩაფლავდა ლიგაზე, რისი ალბათობაც იყო. საბას უფრო დაფიქრებულად მართებდა გადაწყვეტილების მიღება. იმედია შემდეგში უფრო მეტად დაფიქრედბა. ევროპაში რომ მეტი წინსვლა და განვითარებაა ეს აშკარაა ყველასთვის. წარმატებები საბა.
Geo_Dinamo
18:54 07-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული