ჯერ არ მოგვიგია - დანია-საქართველოს შეხვედრების ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოსა და დანიის ნაკრებების ურთიერთდაპირისპირება 3 შეხვედრას ითვლის. აქედან 2 დანიაში გაიმართა, ერთი - საქართველოში. 3-ვე შეხვედრაში საქართველოს სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა, დანიას კი მხოლოდ 1 - მორტენ ოლსენი.

საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა 2004 წლის 17 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი ალან ჟირესი წვრთნიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. შეხვედრას დაახლოებით 20 000 გულშემატკივარი დაესწრო.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-7 წუთზე გახსნეს. იონ
დალ ტომასონმა შესანიშნავად ითამაშა, საჯარიმოში გვერდი ორ ქართველ ფეხბურთელს აუარა და აკაკი დევაძე უშანსოდ დატოვა - 0:1.

33-ე წუთზე ასათიანმა ითამაშა ძალიან კარგად მოედნის ცენტრში, რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, იაშვილთან გაითამაშა ბურთი და მარცხენა ფლანგზე კობიაშვილს გააყოლა. კობიმ "თავზე დაასვა", ძალიან კარგი პასი გააკეთა საჯარიმოში და გიორგი დემეტრაძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

64-ე წუთზე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ. მოედნის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსთან გაკეთებული პასი ისევ იონ დალ ტომასონს მიუვიდა და "მილანის" თავდამსხმელმა ისევ გაიტანა - 1:2.

76-ე წუთზე კი ისევ ბრწყინვალედ ითამაშა მალხაზ ასათიანმა. ცენტრში ერთი მოძრაობით მოატყუა ტომას გრავესენი (რომელიც 2005 წელს მადრიდის "რეალში" გადავიდა), მას ერთი მცველიც მიაყოლა და "ასტონ ვილას" კიპერ ტომას სორენსენს ლამაზი გოლი გაუტანა - 2:2.

მეორე შეხვედრა ჩვენთვის არც ისე სასიამოვნოდ გასახსენებელი გახლავთ. 2005 წლის 7 სექტემბერს "თელია პარკენზე" დანიამ დიდი ანგარიშით მოგვიგო - 6:1.

მაშინ ჩვენს ეროვნულ გუნდს გაიოზ დარსაძე წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მე-20 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, წითელი ბარათი ზურაბ ხიზანიშვილმა მიიღო. უმცირესობაში მყოფებმა 1 გოლის გატანა შევძელით, თავი გიორგი დემეტრაძემ გამოიჩინა.


იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მე-6 ადგილი დავიკავეთ და მხოლოდ ყაზახეთს ვაჯობეთ. პირველ ადგილზე კი უკრაინა გავიდა.

უკანასკნელი შეხვედრა ჩვენსა და დანიელებს შორის 2013 წელს გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა ოლბორგის სტადიონზე ჩატარდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. თამაში ჩვენთვის ძალიან კარგად მიდიოდა, მე-5 წუთზე ანგარიში ირაკლი ძარიამ გახსნა - 1:0.

77-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა, საჯარიმოდან ბურთის ამოტანის ნაცვლად ის პირდაპირ ნიკლას პედერსენს "დაასვა" ფეხზე და ამ უკანასკნელმაც 30-35 მეტრიდან ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი - 1:1.

მატჩის 89-ე წუთზე მასპინძლებს გამარჯვება კრისტიან ერიკსენმა მოუტანა. დააახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა - 2:1.


სამწუხაროდ, დანიასთან გამართული 3 შეხვედრიდან ვერცერთის მოგება ვერ შევძელით. 2-ში დავმარცხდით, 1 ფრედ ვითამაშეთ. დღეს, 10 ივნისს, მეოთხე მწვრთნელით მეოთხე შეხვედრაში პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ვითამაშებთ. შეხვედრა კოპენჰაგენში, "თელია პარკენზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისში გამართულ შეხვედრას (2:2) ვესწრებოდი.დანიელებმა ბოლო წამებზე მესამე გაგვიტანეს და გული კინაღამ გამიჩერდა,მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა.ასათიანი მართლა მაგარი მოთამაშე იყო,ტიპს ყველა რგოლში მაღალ დონეზე შეეძლო თამაში.ნეტა ახლაც გვყავდეს მასეთები.
ქობულეთელი
20:09 10-06-2019
0
Asatiani magari igroki iyo maseti aravin argvyavs exlaa
Bacho
17:50 10-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული