დანია VS საქართველო - "ჯვაროსნები" გაბრაზებული სკანდინავიელების წინააღმდეგ

AutoSharing Option
10 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დანიას დაუპირისპირდება.

შეხვედრა კოპენჰაგენის სტადიონ "თელია პარკენზე" თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

ვლადიმირ ვაისი დანიას შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა. ტრავმირებული ფეხბურთელების გრძელ სიას ლევან მჭედლიძეც დაემატა, რომელმაც გიბრალტარის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი კი ითამაშა, თუმცა ვარჯიშზე დაშავდა და გუნდს კოპენჰაგენში არ გაჰყოლია.

საქართველოს ნაკრებს ახლა მხოლოდ ორი ფორვარდი ჰყავს - ვატო არველაძე, რომელმაც გიბრალტართან სადებიუტო გოლი გაიტანა და ელგუჯა ლობჯანიძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთი შეხვედრა
აქვს გამართული.

პრობლემებია დაცვაშიც, სადაც საქართველოს ორი გამორჩეული ცენტრალური მცველი აკლია - საბა კვირკველიას და დავით ხოჭოლავას სახით. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 3 ცენტრალური მცველია - გურამ კაშია, გია გრიგალავა და ლაშა დვალი.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა.

მდგომარეობა ჯგუფში

საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 3 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც პირველ ორში - შვეიცარიასთან (0:2) და ირლანდიასთან (0:1) დათმო, რამდენიმე დღის წინ კი თბილისში გიბრალტარს სძლია (3:0).

რაც შეეხება დანიას, სკანდინავიელებმა ორი შეხვედრა გამართეს და ორივე ფრედ დაასრულეს, ჯერ შვეიცარიასთან (3:3), შემდეგ კი ირლანდიასთან.

ამგვარად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს და დანიაზე წინ იმყოფება, თუმცა ჩვენს მომავალ მეტოქეს მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გუნდი
1. ირლანდია 3 2 1 0 3-1 7
2. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
3. საქართველო 3 1 0 2 3-3 3
4. დანია 2 0 2 0 4-4 2
5. გიბრალტარი 2 0 0 2 0-4 0

ისტორია

საქართველო და დანია ერთმანეთს ისტორიაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა ჩვენი მეტოქეების მხარესაა - 2 გამარჯვება და 1 ფრე.

პირველად ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2004 წელს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. სწორედ თბილისში დაკარგული ქულების გამო ვერ მოახერხეს სკანდინავიელებმა მუნდიალზე მოხვედრა.

მეორე მატჩი ამავე ტურნირის ეგიდით გაიმართა. გამარჯვება გაბრაზებულ დანიელებს დარჩათ, რომლებმაც საქართველოს დიდი ანგარიშით, 6:1 სძლიეს.

რაც შეეხება მესამე შეხვედრას, ის 2013 წელს გაიმართა. ამხანაგურ მატჩში "ჯვაროსნები" 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა.

ვინ რა თქვა

მატჩამდე ერთი დღით ადრე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარმა მწვრთნელებმა მომავალი შეხვედრა შეაფასეს.

დანიის ნორვეგიელმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ საქართველოს ნაკრები შეაქო და თქვა, რომ ეს გუნდი შეტევაში კარგად თამაშობს.

"საქართველოდან კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, თუმცა მთლიანად გუნდს ვაფასებ.

მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. თუ მათ დროს და სივრცეს მისცემ, იციან ამის გამოყენება. ისინი კარგად თამაშობენ შეტევაში", - განაცხადა ჰაიდემ.

მომავალი მეტოქის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა დანიელთა ლიდერმა კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე ტექნიკური გუნდია და გულშემატკივარი ლამაზ თამაშს იხილავს.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, სლოვაკი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრები ჭკვიანური ფეხბურთის თამაშს ეცდება, რადგან დანიის დონის გუნდთან სუპერშემტევი თამაში არ შეიძლება.

გურამ კაშიამ კი განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ისეთი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომ ყველაფერს თავს გაართმევენ.

"დღევანდელ დროში, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ხარ, ხარ კაცი. არ უნდა გჭირდებოდეს ვეტერანების დარიგება. არავის ჭკუის დარიგება არ უნდა გჭირდებოდეს.

ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე. ისეთი ბიჭები გვყავს, რომ თავს გაართმევენ", - განაცხადა კაშიამ.

altგურამ კაშია: ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე

altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა, ლობჟანიძემ ითამაშოს - კვარაცხელიაც, ალბათ, ითამაშებს

altკრისტიან ერიკსენი: საქართველოს ნაკრები ირლანდიაზე უფრო ტექნიკურია, უკეთესი თამაში იქნება

altდანიის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ


ცვლილებები

ცვლილებები იქნება ორივე გუნდში. გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ ამის შესახებ თავად ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალ შეხვედრაში 2-3 ცვლილებას უნდა ველოდეთ.

გასული მატჩის მეორე ტაიმის სტარტზე ტრავმა მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი დანიასთან ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს და არ არის გამორიცხული, მისი ადგილი საბა ლობჟანიძემ დაიკავოს, რომელიც დანიურ ფეხბურთს და "თელია პარკენს" კარგად იცნობს.

სავარაუდოდ, შეიცვლება ცენტრალური ფორვარდიც. ელგუჯა ლობჯანიძე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც მეორე სართულზე კარგად თამაშით გამოირჩევა.

ვაისმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარ შანსს დაელოდება. არ არის გამორიცხული, ეს შანსი სწორედ მას მიეცეს.

ცვლილებები იქნება დანიის შემადგენლობაშიც. ირლანდიასთან მატჩში სკანდინავიელებმა არაერთი მომენტი გააფუჭეს.

altსაქართველოს ნაკრებთან მატჩამდე დანიამ ირლანდიას ვერ მოუგო [VIDEO]

სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-4-2): შმეიხელი, კიაერი, ხრისტენსენი, დალსგაარდი, ლარსენი, დელანი, ჰოიბერგი, შონე, ერიქსენი, დოლბერგი, პოულსენი.

საქართველო (4-5-1): ლორია, კაშია, გრიგალავა, კაკაბაძე, ხარაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე, მერებაშვილი, ლობჯანიძე

 

ფაქტები
  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ბოლოს გიბრალტარს სძლია (3:0). ეს 2015 წელს მოხდა.
  • დანიის ნაკრები ოფიციალურ მატჩში საკუთარ მოედანზე ბოლოს 2016 წელს მონტენეგროსთან (0:1) დამარცხდა.

altსაქართველოს ნაკრებთან მატჩამდე დანიამ ირლანდიას ვერ მოუგო [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
ოღონდ უზრდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.
sdfffff
18:27 10-06-2019
0
სისულელეებს ლაპარაკობ.სასტიკ წნეხში უნდა ამყოფო.
sdfffff
18:26 10-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული