ჩემპიონატის ნახევარი მიილია და უკვე ის ეტაპი იწყება, როდესაც კლუბებს უკვე განსაზღვრული მიზანი აქვთ, რისთვის მოუწევთ ბრძოლა ტურნირის დასრულებამდე.
რუსთავი-დილა
"რუსთავს" გარკვეული დროის განმავლობაში კარგი პერიოდი ჰქონდა, თუმცა შემდეგ ისევ წაგებათა სერია დაიწყო, რის გამოც კვლავ ბოლო, მე-10 პოზიციას იკავებს.გასულ ტურში ქვემოქართლური კლუბი ბათუმს ეწვია და "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
რუსთაველთა შემადგენლობაში არ იმყოფებოდნენ დისკვალიფიცირებული ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე, რომლებმაც წითელი ბარათები ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში მიიღეს.
სფფ-ის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ისინი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ და შესაბამისად, არც მომავალ შეხვედრაში იქნებიან.
რაც შეეხება გორის "დილას", ისიც აუტსაიდერთა შორისაა და 19 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
გასულ შეხვედრაში ეს კლუბიც "დინამოს" დაუპირისპირდა, ოღონდ გიორგი დეკანოსიძის შეგირდების მეტოქე დედაქალაქური გუნდი იყო. "დილა" 2:3 დამარცხდა.
პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული დაპირისპირება გორელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
"რუსთავისა" და "დილას" მატჩი 14 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
საბურთალო-სიონი
ტურის მეორე შეხვედრა თბილისში გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" ბოლნისის "სიონს" მიიღებს.ამ მომენტისთვის დედაქალაქურ კლუბს 35 ქულა აქვს და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბათუმის "დინამოს".
გასულ ტურში გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა საჩხერის "ჩიხურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს. "საბურთალოს" სანდრო ალთუნაშვილი აკლდა, რომელიც მომავალ შეხვედრაში ითამაშებს.
რაც შეეხება "სიონს", "რუსთავთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბოლნისელთა ორი ფეხბურთელია დისკვალიფიცირებული - ვილი ისიანი და დავით თარგამაძე, დისკვალიფიცირებულია ლევან ხმალაძეც.
"სიონმა" გასულ ტურში თბილისის "ლოკომოტივს" ვერ სძლია და "საბურთალოს" მსგავსად, ნულოვან ფრეს დასჯერდა.
ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში გია ჭიაბრიშვილის შეგირდების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
"საბურთალოსა" და "სიონის" დაპირისპირება 14 ივნისს, 21:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ტორპედო-ჩიხურა
მეორე წრის ბოლო ტურში იმერული დერბი გაიმართება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" წყალტუბოში უმასპინძლებს.კახა ჩხეტიანის განკარგულებაში უკანასკნელ შეხვედრას გამართავს მამუკა კობახიძე, რომელიც მესამე წრიდან ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება.
მას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა, "ტორპედოს" დატოვების მიზეზი კი სწორედ ეს გახდა. ქუთაისურ კლუბში სიტუაცია არ გამოსწორებულა, თუმცა სხვა ფეხბურთელები ჯერჯერობით ქუთაისში რჩებიან.
კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო 3 შეხვედრაში ერთადერთი ქულა აიღო, წინა ტურში კი აუტსაიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.
რაც შეეხება "ჩიხურას", საჩხერულმა კლუბმა წინა ტურში "საბურთალოსთან" ნულოვანი ფრე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ სოსო ფრუიძე ნებისმიერი შემადგენლობით ახერხებს ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" სამი ქულის მოპოვებას ვერც ამ მატჩში მოახერხებს, ჩემპიონობისთვის მებრძოლ კონკურენტებს უკვე სერიოზულად ჩამორჩება.
ქუთაისის "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირება 15 ივნისს, 18:00 საათზე წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ლოკომოტივი-დინამო(ბთ)
ბოლო 5 ტურის განმავლობაში "ლოკომოტივი" საუკეთესო იყო. ამ დროში თბილისურმა კლუბმა 13 ქულა მოიპოვა და გასავარდნი ზონიდან მეექვსე ადგილამდე დაწინაურდა.ლევან კორღალიძის შეგირდებმა გასულ ტურში ბოლნისის "სიონთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს.
ბათუმის "დინამო" კი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ დროისთვის, 37 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
გასულ ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა "რუსთავს" 2:1 სძლია. ჯამში ბოლო 4 მატჩში 11 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 3 მიიღო.
"დინამომ" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და ქუთაისის "ტორპედოდან" ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე დაიმატა, რომელიც მე-19 ტურში უკვე გია გეგუჩაძის განკარგულებაში იქნება.
პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
თბილისის "ლოკომოტივისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 15 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.
დინამო(თბ)-ვიტ ჯორჯია
ტურის ბოლო შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს, სადაც თბილისის "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს.თბილისურმა კლუბმა ცუდი პერიოდის შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილამდე აღზევდა.
"დინამოში" რამდენიმე ცვლილებაა. სერხიო ნოჩესა და ფრან კარბიას შემდეგ კლუბი ანტონიო როხანომაც დატოვა, სამაგიეროდ, სამედიცინო შემოწმება გაიარა არფან დაფემ, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ "ნასაჯიში" გაატარა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ის ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას" ,"ვეტერინართა" ხუთ ფეხბურთელს (გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, ნოდარ კიკნაველიძე) ე.წ გარიგებული მატჩების საქმის გამო სფფ-ის დისციპლინარულმა კომიტეტმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, რაც კლუბს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, "ვიტ ჯორჯია" 50 000 ლარითაც დაჯარიმდა და 6 ქულა ჩამოაკლდა, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ კლუბს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
ამ ყველაფრის ფონზე, გასულ ტურში "ვეტერინარებმა", მოულოდნელად, ქუთაისის "ტორპედო" დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 3:0.
თბილისის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება 16 ივნისს, 19:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.