გიორგი ჭიაბრიშვილი: "შერიფი" ფინანსურად გამართული გუნდია, მაგრამ ფეხბურთი მარტო ფული არ არის

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. ასევე მორჩა თასის გათამაშების 1/8-ფინალური შეხვედრები. რამდენიმე კვირაში კი სტარტს ევროტურნირები აიღებს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობს. ლაპარაკი კი 2 წრის შეჯამებით დავიწყეთ:

- განვლილ ორ წრეს დადებითად შევაფასებ - ორივე წრე პირველ ადგილზე დავასრულეთ. ასევე, არსებობის განმავლობაში თასის გათამაშების მეოთხედფინალში პირველად გავედით. ბოლო პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენთვის ახალი არ არის პირველი ადგილი. მახარებს ის ფაქტი, რომ პირველობას ვინარჩუნებთ. დარჩენილ ორ წრესაც ოპტიმიზმით ვუყურებ და მჯერა, კვლავ მივაღწევთ
სასურველ მიზანს.

- "საბურთალო" ისტორიას ისტორიაზე წერს - 2018 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ექვსი წრე დაასრულა პირველ პოზიციაზე. რის ხარჯზე?
- ეს არის მთლიანად "საბურთალოს" დამსახურება. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ - ხელმძღვანელებიდან დაწყებული, პერსონალით დამთავრებული. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ.

- პარალელი რომ გავავლოთ შარშანდელისა და წლევანდელი სეზონის…
- ბოლო წლებში ეროვნულმა ლიგამ დიდი პროგრესი განიცადა. წლეულს კიდევ უფრო ძლიერი და საინტერესო ჩემპიონატია - უკეთესი მინდვრებია, მსაჯობის დონეც ამაღლებულია, მეტოქეებიც გაძლიერდნენ. ფეხბურთის განვითარების ფონდი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ეროვნული ჩემპიონატის გაუმჯობესების პროცესში. მჯერა, მომავალში ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო მოიმატებს.

- "საბურთალოსადმი" ინტერესი დღითი დღე მატულობს. ეს გასაკვირი არაა, რადგან კლუბს მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში. როგორია მოლოდინი?
- მთავარი საფიქრალი ამ ეტაპზე ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილი მატჩებია. ამის შემდეგ უკვე გადავერთვებით ევროტურნირებზე. კენჭისყრას სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ერთს ვიტყვი - არც ერთი ქვეყნის ჩემპიონი არ იქნება იოლი მეტოქე, ისევე, როგორც "საბურთალო".

- "საბურთალომ" ბოლო დღეებში საინტერესო ტრანსფერები განახორციელა - დაიბრუნა გიორგი რეხვიაშვილი, დაიმატა ფორვარდი გიორგი გაბედავა. რას იტყვით ხსენებულ ფეხბურთელებზე?
- მოხარული ვარ, რომ რეხვიაშვილი დაგვიბრუნდა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ დიდი სურვილი მქონდა, გიორგი ჩვენთან დარჩენილიყო, თუმცა არ გამოვიდა. იგი დაცვით ხაზში ძალიან გაგვაძლიერებს. რაც შეეხება გაბედავას, მასთან გარკვეული დრო "გაგრაში" მაქვს ნამუშევარი, ვიცი მისი შესაძლებლობები. ამავდროულად, გადავხედოთ მის განვლილ კარიერას, ასევე გასულ წელს - გიორგი გაბედავამ GFF AWARD-ის ფაქტობრივად ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა.

- უახლოეს მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ ტრანსფერებს?
- ხელმძღვანელობისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, რათა ძლიერი კლუბი ჩამოვაყალიბოთ.

ვცდილობთ, დავიბრუნოთ ლაზარე კუპატაძე, ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ასევე, ვმუშაობთ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე, ყველაფერი კი მალე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ლეგიონერებს, ძალიან რთულია კვალიფიციური ლეგიონერების დამატება, რადგან მათ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში სურთ თამაში.

- "საბურთალოს" ერთბაშად სამ ტურნირზე უწევს ბრძოლა. არის საკმარისი რესურსი?
- "საბურთალოს" ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ გუნდს დასვენების საშუალება არ ექნება. სხვა ქართულ კლუბებსაც უწევს ასეთ რეჟიმში მუშაობა, თუმცა ჩვენთვის პირველი იქნება. მჯერა ჩემი ფეხბურთელებისა და სტაფის. იმედი მაქვს, შევძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

- კენჭისყრის შემდეგ მოლდოვურ "შერიფზე" კომენტარი გააკეთეთ. დამატებით, მომავალ მეტოქეზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს - ფაქტობრივად, ყოველ წელს ევროტურნირებზე დამაჯერებლად თამაშობენ. ამავდროულად, ჯგუფურ ეტაპზე თამაშების გამოცდილებაც აქვთ. ძლიერი და წარმატებული კლუბია, როგორც ევროასპარეზზე, ასევე შინაურ ჩემპიონატზე. მაღალკვალიფიციური ფეხბურთელების დიდი რესურსი აქვთ, ფინანსურად საკმაოდ გამართული გუნდია. თუმცა, ფინანსურ მხარეს ნაკლებად ვუყურებ, რადგან ფეხბურთი მხოლოდ ფული არ არის.

fcsaburtalo.ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
შერიფს მხოლოდ ჭკუით თუ გავცდებით. შარშან ქუთაისს მაგრა აჯობა. ამ დროს ტორპედომაც მაგრა იბრძოლა, ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც წააგო.
გულო
16:36 21-06-2019
2
წარმატებები ახალგაზრდა მწვრთნელს თავის გუნდთან ერთად
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული