ეროვნული ლიგა. XIX ტურის წინ: ჩემპიონობის მაძიებლები ერთმანეთის პირისპირ

AutoSharing Option
22 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-19 ტური, ანუ მესამე წრე აიღებს სტარტს.

ქართული კლუბებიდან ზოგიერთი გაძლიერდა, ზოგიერთი დასუსტდა, რამდენიმეში კი ჯერჯერობით ცვლილებები არ ყოფილა.

ტორპედო-სიონი
ეროვნული ლიგის მომდევნო ტური წყალტუბოში გაიხსნება, სადაც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან.

ქუთაისელებს მესამე წრის დამდეგს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება იმერული კლუბი - კახა ჩხეტიანმა ძირითადი შემადგენლობის ორი ცენტრალური მცველი - ოლექსანდრ აზაცკი და მამუკა კობახიძე დაკარგა, არადა თვეზე ნაკლები რჩება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე.

"სიონს" კი ვილი ისიანი და დავით თარგამაძე უბრუნდებიან,
რომლებსაც დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურათ.

მეტოქისგან განსხვავებით ბოლნისურ კლუბში ორი ახალწვეულია. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა "საბურთალოდან" ბექა გვარაძე ინათხოვრა, ბათუმის მეკარე ოთო გოშაძემ "სიონთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

18 ტურის შემდეგ, ქუთაისელებს 30 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე არიან, ბოლნისელები კი 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებენ.

"ტორპედოსა" და "სიონის" დაპირისპირება 22 ივნისს, 18:00 საათზე, წყალტუბოში, 26 მაისის მოედანზე გაიმართება.

ლოკომოტივი-რუსთავი
ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო გუნდი "რუსთავს" მიიღებს, რომელმაც საქართველოს თასზე ბოლნისის "სიონს" 2:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

"ლოკომოტივი" საუცხოო ფორმაშია, მისი მწვრთნელი ლევან კორღალიძე კი ეროვნულმა ლიგამ ოფიციალურად დაასახელა მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად.

ბოლო 6 ტურში "რკინიგზელებმა" 5 მატჩი მოიგო და ერთადერთი ფრე ითამაშეს, მაშინ როცა საკუთარ კარში მხოლოდ ერთხელ გაუშვეს, გასულ ტურში კი გათამაშების ლიდერ ბათუმის "დინამოს" სძლია და პირველი ადგილი დააკარგვინა.

რაც შეეხება "რუსთავს", გასულ ტურში გამარჯვება ქვემოქართლელებმაც მოიპოვეს, მათ პაატა კიტეიშვილისა და ნიკოლაი ყიფიანის გოლებით "სიონს" სძლიეს (2:1) და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "რუსთავმა" საქართველოს თასის მერვედფინალშიც იმარჯვა და ბოლნისის "სიონი" დაამარცხა.

თბილისის "ლოკომოტივისა" და "რუსთავის" დაპირისპირება 22 ივნისს, 19:30 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

საბურთალო-დინამო(ბთ)
ტურის ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი მატჩი კი თბილისში გაიმართება.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი "საბურთალო" საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსან ბათუმის "დინამოს" მიიღებს, რომელიც მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

"საბურთალომ" რამდენიმე დღის წინ პოლონური "სოსნოვიეციდან" გიორგი გაბედავა დაიმატა, მის პოზიციაზე მოთამაშე ლადო დვალიშვილი კი ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა და შესაძლოა, დებიუტი სწორედ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჰქონდეს. გუნდში დაბრუნდა გიორგი რეხვიაშვილიც, რომელმაც თბილისური კლუბი გასულ ზამთარში დატოვა.

ბათუმის "დინამომ" დვალიშვილის გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" მცველი მამუკა კობახიძეც დაიმატა და მესამე წრის წინ უკვე ორი ტრანსფერი განახორციელა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბათუმის "დინამოდან" 21 წლის მეკარე ოთო გოშაძე წავიდა.

მატჩი დაძაბული უნდა გამოვიდეს, რადგანაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი უმთავრესი ფავორიტი დაუპირისპირდება.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისის "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" შორის 22 ივნისს, 21:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(თბ)-ჩიხურა
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე თბილისის "მერანთან" მარცხის (0:1) შემდეგ თბილისის "დინამო" მომავალ შეხვედრას ცუდ განწყობაზე ხვდება.

დედაქალაქურ გუნდში ორი ახალწვეულია. თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი 27 წლის სენეგალელმა შემტევმა ნახევარმცველმა არფან დაფემ გააფორმა, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ "ნასაჯიში" გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოში" და ირანულ "პაიკანში" გამოდიოდა.

მეორე ახალწვეული კი უკრაინელი 23 წლის მარცხენა მცველი - ოლექსანდრ კაპლიენკოა, რომელიც სხვადასხვა დროს ზაპოროჟიეს "მეტალურგის", თურქულ "ალანიასპორის" და ოდესის "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ჩიხურას", საჩხერულ კლუბში ცვლილებები არ არის, სოსო ფრუიძემ Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდი ვერც ევროტურნირებისთვის მოახერხებს გაძლიერებას, თუ ქართული კლუბები მოთამაშეებს არ "ათხოვებენ".

ეს გუნდები ერთმანეთს ამ სეზონში ორჯერ შეხვდნენ, საიდანაც ერთხელ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, მეორე შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირება 23 ივნისს, 19:30 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

დილა-ვიტ ჯორჯია
ტურის დასკვნითი შეხვედრა გორში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "დილა" "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს.

მასპინძლები ცუდ ფორმაში არიან, ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს და გასავარდნ ზონამდე დაქვეითდნენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რთული მეტოქეები ჰყავდათ.

"დილამ" "საბურთალოსა" და "ტორპედოსთან" ფრედ ითამაშა, თბილისის "დინამოსთან" კი ბრძოლაში, 2:3 დამარცხდა.

ცხრილის ბოლო საფეხურზეა "ვიტ ჯორჯიაც", თუმცა "დილასგან" განსხვავებით, "ვეტერინარებს" ბევრად სერიოზული პრობლემები აქვთ. ამას დაემატა, რომ გუნდი კახა კაკაშვილმა დატოვა, რომელიც ირანულ "მაშინ საზის" მოთამაშე გახდა.

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და ამ მხრივ მათ შორის სრული თანაფარდობაა, თითო-თითო მოგება და ამდენივე გატანილი გოლი.

გორის "დილასა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი 23 ივნისს, 21:30 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული