2019 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ აფხაზეთის მე-15 და თბილისი 39-ე საჯარო სკოლები წარდგნენ. უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მე-15 სკოლის გუნდმა შანსები უკეთ გამოიყენა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ბოლნისისა და ახმეტის პირველი საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ბოლნისელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
მატჩების დასრულების შემდეგ საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებს და მოთამაშეებს კუთვნილი თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს. აღნიშნულ პრიზებთან ერთად გუნდებს "კოკა-კოლას" სამახსოვრო საჩუქრები და "მაკდონალდსის" ვაუჩერები გადაეცათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფინალურ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "კოკა-კოლას" საერთო პროექტს წელს 25 წლის იუბილე აქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2019 წლის გათამაშება მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო გამოდგა. "კოკა-კოლას თასი 2019"-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა 1089 გუნდმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ აქედან 250-მდე გოგონათა გუნდია.
მსურს მადლობა გადავუხადო "კოკა-კოლას", რადგან უკვე 25 წელია ქართულ ფეხბურთს ეხმარება და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
აქვე მსურს წლევანდელი სეზონის გამარჯვებულს, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდს მივულოცო და გუნდის თითოეულ მოთამაშეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ვუსურვო. მომავალ წლებში "კოკა-კოლას თასი" აუცილებლად გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ტურნირში კიდევ უფრო მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა დავით მუჯირმა.
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშების ფინალური შეხვედრა ასევე ბათუმში 20 ივნისს გაიმართა. უძლიერესი გუნდის ტიტული ზემო ალვანის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა. ალვანელებმა ფინალურ შეხვედრაში თბილისის 146-ე საჯარო სკოლა ანგარიშით - 4:0 დაამარცხეს.
"კოკა-კოლას თასის" წლევანდელ გათამაშებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობა 1089 სკოლის 13 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი, გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდა.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით