თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის "შერიფთან" 1:3 დათმო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.
Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემით მიხედვით.
ომარ მიგინეიშვილი - 5.0 - სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, ვეტერან მეკარეს არცთუ ისე ცუდი შეხვედრა ჰქონდა. მას ბრალი მხოლოდ მესამე გაშვებულ გოლში შეგვიძლია დავდოთ, თუმცა ის ბურთიც ურთულესი ასაღები იყო.
პირველი გოლის დროს მიგინეიშვილმა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია და რაც შემდეგ მოხდა, ყველაზე ნაკლებად მისი ბრალი იყო; მეორე გოლის ეპიზოდში კი საკუთარი კარი გაგი მარგველაშვილმა აიღო.
ნიკოლოზ მალი - 5.0 - "საბურთალოს" მარჯვენა მცველი, სხვა შეხვედრების მსგავსად, აქტიური არ ყოფილა. მის ფლანგზე ძირითადად ვაგნერ გონსალვეში მოქმედებდა.
გაგი მარგველაშვილი - 4.0 - "საბურთალოს" კაპიტანმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, ისევე, როგორც თითქმის მთელმა გუნდმა. გარდა საკუთარ კარში გატანილი გოლისა, ის ხშირად პოზიციურად ცდებოდა. მესამე გოლის ეპიზოდშიც მან საჰაერო ორთაბრძოლა მასზე დაბალ მეტოქესთან დათმო, რასაც გოლი მოჰყვა.
მარგველაშვილმა კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა და რამდენიმე ორთაბრძოლაც მოიგო, თუმცა რამდენჯერმე სახიფათო მომენტში დაკარგა კიდეც. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო.
გიორგი რეხვიაშვილი - 5.5 - ეს ცენტრალური მცველი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას განსაკუთრებული ბრალი არცერთ გოლში არ მიუძღვის. გარდა ამისა, რეხვიაშვილმა უამრავი ორთაბრძოლა მოიგო, ბალახზეც, მეორე სართულზეც...
მეორე ტაიმში გიორგის, ალბათ, შეცდომა არ დაუშვია და თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ საუკეთესოდ.
ლუკა ლაკვეხელიანი - 6.0 - ძალიან კარგი იყო "საბურთალოს" 20 წლის მარცხენა მცველი. მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში, ამწვავებდა და გიორგი კოხრეიძესთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნიდა.
ლაკვეხელიანს ხშირად წესების დარღვევით აჩერებდნენ და მეტოქეს ბარათიც მიაღებინა.
და რაც მთავარია, ლაკვეხელიანის იდეალურ გადაცემას "საბურთალოს" ერთადერთი გოლი მოჰყვა.
სანდრო ალთუნაშვილი - 5.5 - კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო ალთუნაშვილს. მოედნის ცენტრში ბურთს კარგად იჭერდა და ანაწილებდა.
გეგა დიასამიძე - 4.5 - გეგა დიასამიძე აქტიურობდა, ჰქონდა მცდელობები, თუმცა რამდენჯერმე ბურთი დაკარგა და მეორე ტაიმში გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა.
თორნიკე გორგიაშვილი - 4.5 - დიასამიძის მსგავსად, აქტიურობდა, თუმცა საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.
ვაგნერ გონსალვეში - 5.5 - ფრანგი ლეგიონერი ჩვეულად აქტიური იყო და საკუთარი ტექნიკის ხარჯზე ცდილობდა, მეტოქისთვის პრობლემები შეექმნა. პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც მისი მისამართით გაკეთებულ გადაცემას არ გაეკიდა.
მან მეტოქის მცველებს არაერთი ჯარიმა ააღებინა, თუმცა რამდენიმე მომენტში პასის გაკეთება დააგვიანა.
საბოლოოდ, ვაგნერს კარგი თამაში ჰქონდა.
გიორგი კოხრეიძე - 6 - ეს ახალგაზრდა მოთამაშე თავისუფლად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელოთ.
კოხრეიძე, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელიც უღიმღამოდ ჩატარებულ პირველ ტაიმში "საბურთალოს" ნათელ წერტილად უნდა მივიჩნიოთ.
20 წლის შემტევი არ ერიდებოდა რამდენიმე მეტოქის მოტყუებას. მან მიაღებინა წითელი ბარათი მეტოქეს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბოლოო წარმატებაში.
მატჩის დამთავრების შემდეგ "შერიფის" დამრიგებელმა ზორან ზეკიჩმა გიორგის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ოგნიენ როლოვიჩი - 6 - როლოვიჩმა საკუთარი საქმე ორივე მატჩში შეასრულა - გოლი გაიტანა. აქტიური იყო გუშინდელ შეხვედრაშიც. იბრძოდა მეორე სართულზე და ხშირად იგებდა კიდეც. ბევრი მომენტი არ ჰქონია, თუმცა რაც შეექმნა, გამოიყენა.
ალვინ ტერა - შეფასების გარეშე
გიორგი გაბედავა - შეფასების გარეშე
ლაშა შინდაგორიძე - შეფასების გარეშე
გიორგი ჭიაბრიშვილი - 5.5 - საბოლოო ჯამში, გიორგი ჭიაბრიშვილი დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ 10 წუთში ერთბაშად 3 გოლის გაშვების შემდეგ, "საბურთალომ" მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა, მეორე ტაიმში კი ის ფეხბურთი შემოგვთავაზა, რასაც მისგან მეორე სეზონია ვხედავთ, რაშიც მთავარი მწვრთნელის წვლილი ძალიან დიდია.
P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
"შერიფის" მწვრთნელი: გიორგი კოხრეიძე "საბურთალოს" საუკეთესო ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ ვესაუბრე
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
კარგი ამბავი "საბურთალოსთვის" - ზაგრების "დინამო" უეფამ დასაჯა
რამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?
მთლიანობაში ძაან კარგად ითამაშა გუნდმა ალალად ეკუთვნოდა გასვლა.
ლეგიონერები მნიშვნელოვანად აძლიერებენ გუნდის თამაშს ეს გონსალესი და რულოვიჩი კარგები არიან ძაან.
შეცვლებმა დიდად ვერ გაამართლა, - შინდაგორიძე ფლანგზე დიდად ვერ ბრწყინავს, კენიერლ ბიჭს არა უშავდა.
ესე მგონია ვაგნერს არ აფასებენ სათანადოდ ფანები. ძალიან მაგარი ბიჭია, წინა წელს მაგ შერიფის მარცხენა მცველს ტორპედოს ვერცერთი ფეხბურთელი ცდებოდა და აქ ათრია შავმა კაცმა ერთიერთზე სულ ცდებოდა.
პირველი გოლის მერე ავტოგოლი და აიჭრა გუნდი . პირველი საშინაო მატჩი ევროთასებზე და ამდენი გულშემატკივარი მოვიდა ეს კი დიდი წნეხი იყო . თან როდესაც გუნდმა ორი გაუშვა ისეთი სიწყნარე ჩამოწვა ავბედითი მოედანზე ნაცვლად იმისა რომ დაემუხტათ ბიჭები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ უმძიმესი პირველი ტაიმი .
გონსალვეში წელს აშკარად ვერ არის იმ ფორმაში წინა წელს რომ იყო.
ამას გარდა რატომღაც არ გამოიყენეს შორიდან დარტყმები მიუხედვად იმისა რომ ცხადი იყო მეკარე შერიფის დიდი ვერაფერი ვერაა.
ასევე პრობლემა ბურთის ზედმეტი თრევა. მივლენ საჯარიმოსთან და ნაცვლად დარტყმისა ფაფხურობენ.
საბოლოო ჯამში გავედით და ისიც იმიტომ რომ შერიფი ვერ არის ვერაფერი გუნდი . რომ არა ფდიქოლოგიური ჩავარდნა შერიფი ვერ გაიტანდა 1ზე მეტს .
წინ დინამო ზაგრები გველოდება და იმედი მაქვს იქ უკვე ოდნავ მეტი სილა იქნება თამაშში.
ასევე დღეს სხვა ქართულ გუნდებს წარმატებებს ვუსურვებ