#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

sports.kz: ჯუჯებთან მუხლდაჩოქილნი - ნიკა კვეკვესკირი ამბობს, რომ მთელი ყაზახეთის წინაშე შეირცხვინეს თავი

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "ჟენესის" მიერ "ტობოლის" გამოგდებას ყაზახეთში დიდი და უარყოფითი აჟიოტაჟი მოჰყვა. ორივე შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერებმა - ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი საბედისწერო პენალტი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში აიკიდა. ჩემპიონატის ლიდერის მარცხს ყაზახურმა "სპორტსმა" ჯუჯებთან მუხლდაჩოქვა უწოდა და ისევ მწვავედ გააკრიტიკა გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი. აღნიშნულმა გამოცემამ ნამატჩევს ინტერვიუ "კვეკვესკირს ჩამოართვა.

- ასეთ თამაშზე ლაპარაკი ძნელია. თითქოს, ინიციატივას ვფლობდით, ყველაფერს ვაკონტროლებდით, ვუტევდით, მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ასე ხდება ხოლმე. დაცვის შეცდომის გამო
გოლი გავუშვით. ძნელია საუბარი. ყველას ესმის, რომ... მართალი გითხრათ, მთელი ყაზახეთის წინაშე თავი შევირცხვინეთ. არ შეიძლება ჩემპიონტის ლიდერი პირველივე რაუნდიდან ლუქსემბურგის გუნდმა გამოაგდოს.

- მომავალში რის გაკეთებას აპირებთ?
- ჯერ შოკიდან უნდა გამოვიდეთ. ძნელია ამის აღქმა, რადგან გვესმის, შესაძლოა, ყველა ჩვენი წარმატება, რომლებიც აქამდე გვქონდა, 90 წუთში... ამ თამაშმა ჩვენი გულშემატკივრების და მთელი ყაზახეთის წინაშე ყველაფერს ხაზი გადაუსვა. ჯერ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ, შემდეგ კი გამოჩნდება.

- მაკსიმ ფედინი მხოლოდ მატჩის დასასრულს რატომ შევიდა შეცვლაზე?
- ეს კითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ. ალბათ, რომელიმე ფეხბურთელი კონკრეტული მატჩისთვის უფრო მზადაა და მას აყენებენ შემადგენლობაში. ეს ჩემი გასარჩევი არაა.

- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მოწინააღმდეგემ "ტობოლს" რაიმე მოულოდნელობა შესთავაზა?
- არა. ისევე როგორც სახლში, ასევე გასვლაზეც ყველაფერს ვაკონტროლებდით. საქმე იმაშია, რომ მომენტების გამოყენებაა საჭირო, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება დაისაჯო. დღეს ლუქსემბურგული გუნდი ზეიმობს, ჩვენთვის კი ეს მძიმე დღეა. გულშემატკივრებთან ბოდიშის მოხდაც კი რთულია, რამეთუ ეს საქმეს ვერ უშველის.

- თვლით, რომ დაცვამ დაგაღალატათ?
- ეს დაცვის ბრალი არ არის. გუნდი ერთად იგებს და ერთად აგებს. გაშვებული გოლი მთელი გუნდის ბრალია. მართალი გითხრათ, მეტი გოლის გატანაა აუცილებელი. "ტობოლს" ეს შეუძლია. ეს მეტოქის დამსახურება არაა, უფრო ჩვენი ბრალია, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო.