რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინმა" "ლოკომოტივს" ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ფრე გაუგორა (1:1), ხოლო მეორე ტურში "დინამო" ბექა მიქელთაძის გოლით დაამარცხა (1:0). კვარაცხელია ამ შეხვედრაშიც შეცვლაზე შევიდა, შეტევაში თამაში გამოაცოცხლა და საგოლე კომბინაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ნამატჩევს გუნდის მთავარ მწვრთნელს, რომან შარონოვსა და მის ასისტენტს, ედუარდო დოკამპოს ჰკითხეს, თუ რატომ არ აყენებენ კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში.
შარონოვი: "ახლა სჯობს, ხვიჩამ გუნდი შეცვლაზე შესვლით გააძლიეროს. გუნდი ჩემი მსოფლმხედველობით მოვამზადე. კრიტიკოსებს არაფერი აქვთ სათქმელი. სასიამოვნოა თუ არა იმის მოსმენა, რომ როგორც იქნა, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ? ეს პირველ რიგში ფეხბურთელებისთვის უნდა იყოს სასიამოვნო, რადგან ისინი არიან შემოქმედები, ჩემი იდეების მოედანზე რეალიზებას ისინი ახდენენ".
დოკამპო: "ხვიჩამ თამაშზე კონტროლი შეგვძინა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს შეცვლაზე შესვლით უფრო ეხმარებიან. ის ჯერ ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის".