ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალოს" დამარცხების (3:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზაგრების "დინამოს" მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ისაუბრა.
"დაგეთანხმებით, პირველ ტაიმში სათანადო დონეზე ვერ ვითამაშეთ. მართალი გითხრათ, მეტოქის შეცვლილი სისტემის წინაშე მზად არ ვიყავით. ბოლო 50 მატჩში მათ ასეთი ტაქტიკა (3-5-2) არ გამოუყენებიათ. ამან ცოტა გაგვაკვირვა და თამაშის დასალაგებლად დრო დაგვჭირდა.
ორსიჩი გასულ სეზონში ჩვენი საუკეთესო ბომბარდირი იყო. ოლმომ ამ სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს. მას ბევრი სამუშაო აქვს და ამ მხრივ პრობლემა არ ექნება. 15 წუთით შევუშვი და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. კარგი ფეხბურთელი და პიროვნულად კარგი ახალგაზრდაა. პეტკოვიჩი კვლავ საუკეთესო იყო.
მიმდინარე სეზონის 5 მატჩში გოლი არ გაგვიშვია. კარგი დაცვა გვყავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, "საბურთალომ" 2 თუ 3 სახიფათო მომენტი შექმნა. დაცვაში უფრო ყურადღებით გარჯა გვმართებს. პირველ ტაიმში 15-20 წუთის მანძილზე კონტროლი დავკარგეთ. ბევრი კარგი შემტევი ნახევარმცველი გვყავს და ეს დიდი ფუფუნებაა.
მეკარე ლივაკოვიჩმა 5 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და ლადიჩის რეკორდი დაამხო. მისით ვამაყობ. იმედია, კიდევ არაერთი წელი დაგვეხმარება. ტურნირზე ჩვენი შემდეგი მეტოქე "ფერენცვაროშია", მაგრამ ჯერ "გორიცასთან" ჩემპიონატის შეხვედრაზე ვფიქრობ".