ადაპტაციაზე, "რუბინზე", ნაკრებზე, საქართველოზე - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემამ business-online-მა ვრცელი და ერთობ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასთან, რომელსაც თარჯიმნობა ზაზა კუნჭულიამ გაუწია.

- ხვიჩა, რუსეთში შენ ოჯახის გარეშე ცხოვრობ. როგორ უმკლავდები ამას 18 წლის ასაკში?
- რთულია ამასთან გამკლავება. განსაკუთრებით ძნელი იყო "ლოკომოტივში" გადასვლის დროს. მაშინ პირველად აღვმოვჩნდი ამდენი ხნით სახლიდან შორს. ოჯახი ძალიან მენატრებოდა და გამუდმებით ვესაუბრებოდი მათ მობილური ტელეფონით. "რუბინში" უფრო გამიადვილდა, რადგან განშორების პირველი ეტაპი გადავლახე. კარგად მესმის, რომ სხვანაირად გამორიცხულია. თუ მსურს, გავხდე დიდი ფეხბურთელი, მსგავს სირთულეებს უნდა მივეჩვიო.

- შენ გესმოდა, რომ ადრე თუ გვიან უცხო ქვეყნების კლუბები მიგიწვევდნენ. მორალურად ამზადებდი საკუთარ თავს, რომ წასვლა მოგიწევდა?

- წინასწარ ამისთვის თავს ვერ მოამზადებ. უბრალოდ, საკუთარ საქმეს ვაკეთებდი და არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე გამოვიდოდა "ლოკომოტივთან" დაკავშირებით, შემდეგ უკვე "რუბინში". არ ვფიქრობდი, რომ თან თავი უნდა წარმომეჩინა და პარალელურად, უცხო ქვეყანაში წასვლის განწყობა შემექმნა. ყველა ფიქრი საკუთარი თამაშის სრულყოფისაკენ მქონდა და მაქვს მიმართული.

- არის რამე, რაც ოჯახის გარდა ძალიან გენატრება რუსეთში?
- დიახ, ხინკალი. მე ძალიან მიყვარს ოჯახში მომზადებული ხინკალი. თავიდან მეგობრებისა და ნაცნობი ადგილების გარეშე ძალიან რთული იყო. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.

- ხინკალი... და საჭმელებიდან კიდევ რა გენატრება?
- მე ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური. ყველას ვურჩევ, გასინჯოს. თავად სამეგრელოდან ვარ, ჩვენი კუთხის საჭმელი ელარჯია. ეს არის ღომისა და სულგუნის კომბინაცია. ძალიან გემრიელია, ასე ვერ აღგიწერთ, უმჯობესია, გასინჯოთ.

- საკუთარ მხარეზე მოგვიყევი...

- ეს ძალიან ლამაზი ადგილია, სხვა ნებისმიერ ადგილზე მეტად მირჩევნია იქ ყოფნა. მე იქ გავიზარდე, ქუჩაში დავრბოდი, მოედნებზე, მდინარეში ვბანაობდი. მე არასდროს მინდოდა რომელიმე კურორტზე წასვლა, იქ ვისვენებდი, სადაც ვცხოვრობდი. ჩვენ იქ ძალიან ბევრი მდინარე და ჩანჩქერი გვაქვს. ბავშვობაში სულ დავდიოდი სათევზაოდ და კიბორჩხალებსაც ვიჭერდი.

- ახლა საკუთარ თავს შეგიძლია პლანეტის ნებისმიერ წერტილში დასვენების უფლება მისცე. შეიძლება წარმოდგენა იმისა, რომ შვებულებისას ისევ მშობლიურ მხარეში წახვალ?
- კურორტზე კარგია, მაგრამ მშობლიური მხარე ჩემთვის უფრო საყვარელია. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, პირველ რიგში, დიდი სიამოვნებით სამშობლოში წავალ.

-არ გიცდია, საყვარელი საჭმელი ადგილობრივ რესტორნებშიც გეპოვა?
- მოსკოვში მე და საბა კვირკველია დავდიოდით რესტორნებში. ყაზანშიც არის, თუ დასვენებაა და დრო მაქვს, შეიძლება მცირე ხნით შევლა.

- ჰგავს იმ საჭმელს, საქართველოში როგორსაც ამზადებენ?
- ცოტათი კი, თუმცა იქ ყველაფერი უფრო გემრიელია.

- ზაფხულის დასაწყისში შენ პირველად გამოგიძახეს ქვეყნის ნაკრებში. როგორ გრძნობდი თავს ეროვნულ გუნდში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად?
- ძალიან კარგად დამხვდნენ. არც კი მაგრძნობინეს, რომ 18 წლის ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. ამასთანავე, ვიცი, რომ თვალს მადევნებდნენ, როცა 15-16 წლის ვიყავი.

- ნაკრებში მისვლისას, რა რიტუალი გაიარე?
- ეროვნული ნაკრების მაისურა საზეიმოდ გადმომცეს, თავად ფეხბურთელებმა კი ახალბედას კორიდორი მომიწყვეს, სადაც ყველა ტაშს მიკრავდა. ასეა ბევრ გუნდში. "რუბინშიც" ასე ჩაიარა ჩემმა ცერემონიამ.

- როგორ შეიცვალა ცხოვრება თარჯიმნის გამოჩენასთან ერთად?
- დიდად არა. საუბრისთვის რამდენიმე საჭირო ფრაზა ვიცი. შემიძლია პარტნიორებს მივესალმო, ვკითხო, როგორაა საქმეები. ამ ინტერვიუმდე თარჯიმანი ძალიანაც არ დამჭირვებია, გუნდში ყველასი მესმის. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა სიტყვების მარაგი არ მყოფნის.

- "არსენალთან" მატჩის შემდეგ ზურიკომ გვითხრა, რომ რამდენიმე თვეში ინტერვიუს რუსულად მოცემას შეძლებს. შენ როდისთვის იქნები მზად?
- ვცდილობ, რეპეტიტორთან დავდივარ. ბევრ რამეს ვხვდები, თუმცა ჯერ რუსულად საუბრის მაინც მრცხვენია.

- რთული ენაა?
- გრამატიკა რთულია. საქართველოში ფეხბურთელთა უფროსმა თაობამ რუსული იცის, ახალგაზრდებმა - ნაკლებად. უფრო მეტად ინგლისური იციან.

- საქართველოში რუსულ ენას სწავლობდი?

- დიახ, სკოლაში 2-3 გაკვეთილი გვქონდა.

Sportall.Ge

- გუნდში ბევრი ქართველია. ეს შენთვის კომფორტულია?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მეხმარება. ერთად ბევრს ვლაპარაკობთ. ამასთანავე, ჩვენ ყველანი შემტევი ფეხბურთელები ვართ და ჩემთვის ეს სასარგებლოცაა.

ამ დროს დარბაზში ზურიკო დავითაშვილი შემოვიდა. ფეხბურთელები ერთად ახალგაზრდული გუნდიდან თამაშობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ახლა კი, ერთ-ერთი მეორის გასამხნევებლად მოვიდა ინტერვიუს დროს.

- ზურიკო ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებთ.

- შენ 18 წლის ასაკში გახდი "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერი. არ არის რთული პრემიერლიგის დონესთან შეგუება?
- ვერ ვიტყვი, რომ ლიდერი გავხდი. დიახ, 18 წლის ვარ, თუმცა ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. ჩემთვის მთავარი მწვრთნელის დარიგებაა. თუ მწვრთნელი მენდობა და მოედანზე მიშვებს, მადლობა მისი მითითებების შესრულებით უნდა გადავუხადო. ჩემს როლსა და ასაკზე განსაკუთრებით არ ვკონცენტრირდები. ყოველი კვირის შემდეგ უფრო და უფრო ვეგუები დატვირთვებს. აქ იმისთვის მოვედი, რათა განვვითარდე. თავიდან რთული იყო, მე ხომ შეკრებების შემდეგ შემოვუერთდი გუნდს. ახლა კი უკვე დატვირთვებსაც მივეჩვიე.

- ზურიკოსთან ერთად შენ ფეხბურთელების მოტყუების მაჩვენებლით პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი ხარ. როგორ განიხილავთ ამას სამწვრთნელო შტაბთან ერთად? რას გეუბნებიან, "შეტევაში ის გააკეთეთ, რაც გინდათ"?
- ჩვენ ყველაფერს მწვრთნელთან ვათანხმებთ. შარონოვთან ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ის დეტალურად განიხილავს ჩვენს თამაშს. ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბი ჩვენთან და სხვა ყველა ფეხბურთელთან მუშაობს. მწვრთნელები ამოცანას გვისახავენ და ჩვენ უნდა შევასრულოთ ის.

თუმცა, შემოქმედებითი მიდგომის დრო ყოველთვის არის. ჩვენ ამის დროს ვპოულობთ და საკუთარ შესაძლებლობებსაც ვაჩვენებთ.

- ვის უფრო კარგი დრიბლინგი აქვს, შენ თუ ზურიკოს?
- ჰა-ჰა, მოდი, ამაზე ზურიკომ გვიპასუხოს.

- უხერხული კითხვაა, ამ შეკითხვაზე პასუხი გულშემატკივრებმა უნდა გასცენ, - მოკრძალებულად გაგვცა პასუხი ზურიკომ ოთახის მეორე ნახევრიდან.

- ორივე თქვენგანი რუსული ფეხბურთისთვის ჩვეულებრივი ფეხბურთელი არ ხართ. ჩვენთან 18 წლის ფეხბურთელები ასე თავდაჯერებულად დრიბლინგზე არ მიდიან. ეს ქართული სკოლის განსაკუთრებული ნიშანია?
- საქართველოში აკადემიები ტექნიკური ფეხბურთელების მომზადებისკენ არიან მიმართულნი. ახლა ვხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის. თუმცა, მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რამ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ძალიან ბევრი უნდა იმუშავო. თუ ფეხბურთელს ტალანტი აქვს, უნდა იშრომოს, ცოდნას კი საფეხბურთო სკოლები გვაძლევენ. ამის შემდეგ გაქვს შანსი, მოხვდე დიდ ფეხბურთში.

თბილისის "დინამოს" აკადემიაში, სადაც მე გავიზარდე, ყველა პირობაა შექმნილი, რათა დიდი ფეხბურთელი გახდე. ბავშვობიდან ასეთ პირობებში გავიზარდე. ამიტომ სულ მჯეროდა, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი.

- ოჯახში მხარი დაგიჭირეს?
- ჩემი მამა ფეხბურთელი იყო. ჩემთვის ის იდეალი იყო და მისი დამსახურებაა, რომ მიზანს მუდამ ვხედავდი.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახალ კლუბთან მოლაპარაკებისას მამის აზრი?
- მამა ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ ამ საკითხებში ყველაზე მეტად ჩემი აგენტი მამუკა (ჯუღელი) მეხმარება. ის მამაჩემის მეგობარია, ერთად განიხილავდნენ ყველა ვარიანტს. მე და მამა ბევრს ვსაუბრობთ. თამაშებს უყურებს და მეუბნება, სად შევცდი და რა იყო მატჩში წარმატებული.

- საქართველოში კიდევ არიან შენი ასაკის ფეხბურთელები, რომლებსაც რუსეთის ჩემპიონატში თამაში შეუძლიათ?
- არიან ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც ყველა მონაცემი აქვთ თვით "რუბინში" სათამაშოდ. თუმცა, მათი დასახელება არ მინდა. იქიდან ბევრი მირეკავს, რუსული ფეხბურთით ინტერესდებიან. აქ ფეხბურთი მაღალი დონისაა და ყველას აქვს რუსეთის ლიგაში ასპარეზობის სურვილი. საქართველოში "რუბინს" ადრეც გულშემატკივრობდნენ, ახლა კი - მით უმეტეს.

Sportall.Ge

- გაგიგონია ფრაზა:"ქართველების გარეშე "რუბინი" არ არსებობს"?
- დიახ, ვიცი! "რუბინში" გადმოსვლამდე ჩვენს სამშობლოში პატივცემულ ადამიანებს ვკითხე რჩევა, რომლებიც ყაზანურ გუნდში თამაშობდნენ. ლაშა სალუქვაძემ, საბა კვირკველიამ და სხვებმა "რუბინზე" ბევრი კარგი რამ მიამბეს. მითხრეს, რომ აქ ქართველებს შესანიშნავად ეპყრობიან.

- კვირკველიამ რამდენიმეჯერ უკმაყოფილება გამოთქვა ყაზანური კლუბის მიმართ - არ მათამაშებდნენო. ამან "რუბინში" გადმოსვლაზე ხომ არ შეგაფიქრიანა?
- წყენაზე მას არაფერი უთქვამს. მხოლოდ წარმატება მისურვა.

- თბილისში ცხოვრობდი, შემდეგ მოსკოვსა და ყაზანში გადახვედი. შეგიძლია ეს ქალაქები შეადარო?
- რაღაც მსგავსება არის, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია. ლამაზი ქალაქებია, თუმცა ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ.

- თუმცა ხანდახან საჭიროა განიტვირთო. თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- ბიჭებთან ერთად ვისვენებ. გავიმეორებ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვხუმრობთ, ვურთიერთობთ, ვიდეოთამაშებით ვერთობით. როდესაც შესაძლებლობა გვაქვს, სახინკლეში შევდივართ, მაგრამ ამით ფიზიკურ ფორმას არ ვიუარესებთ.

- რომელ თამაშებს თამაშობ?
- FIFA-ს. მე და ზურიკოს გვიყვარს თამაში.

- და რომელია თქვენ შორის უფრო მაგარი?
- სულ ვუგებ, - ჩაერთო საუბარში დავითაშვილი. - ათიდან ცხრაში დავამარცხე.
- შენი მთელი ტაქტიკა რონალდოზე ჩაწოდება და გოლია. მე ჩემი ფეხბურთელებით ვთამაშობ. თუ "იუვენტუსს" ავიყვან, უშანსოდ ხარ.

- შენი საყვარელი გუნდი რომელია?
- მთელი ცხოვრება "რეალს" ვგულშემტკივრობ.

- რონალდოს გამო?
- ის მომწონს, თუმცა ყოველთვის გუტით ვიყავი აღფრთოვანებული. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ძალიან ლამაზად თამაშობდა და გუნდისთვის სასარგებლო იყო.

- მესი თუ რონლდო?
- მესი რაღაც უცხოპლანეტურ ფეხბურთს თამაშობს, რონალდო კი იმიტომ მომწონს, რომ ბევრს თავისი შრომით მიაღწია.

- მაინც რომელი, მესი თუ რონალდო?
- ოჰ, ძნელი სათქმელია. რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება.

- მე რონალდოს ფანი ვარ, - ისევ ჩაერთო საუბარში დავითაშვილი. - მაგრამ, რა თქმა უნდა, მესი უკეთესია. ის ღმერთია.

- რომელი ლიგები მოგწონს?
- "რეალს" ვქომაგობ, ისე კი, ჩემთვის უძლიერესი პრემიერლიგაა. ინგლისში ჩემპიონობისთვის ძალიან ბევრი გუნდი იბრძვის. იქ ძნელია რამის განსაზღვრა და ყურება საინტერესოა.

- ყაზანში შენთვის საინტერესო ადგილი არის?
- ძალიან მინდა, რაიფის მონასტერი მოვინახულო. ეს ადგილი ბევრმა მიქო, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე დათვალიერება. საერთოდ, თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს. სახლში მიყვარს ყოფნა, ხადახან სახლის მახლობლად ჩაიხანაში შესვლა.

- ქალაქში როგორ გადაადგილდები?
- სანაპირო მომწონს, იქ ვსეირნობ. უმეტესად ტაქსით გადავაადგილდები, ჩემი ავტომობილი არ მყავს. მშვიდად შემიძლია ტაქსი გამოვიძახო, სადაც რუსულად მისამართი უნდა მივუთითო.

- ყაზანამდე მოსკოვში იყავი. ქალაქმა თავისი მასშტაბით გაგაკვირვა?
- დიახ, ძალიან დიდი და ლამაზი ქალაქია. ზოგიერთი ადგილის ნახვა მოვასწარი. ქალაქში ადაპტაციაში კვირკველია მეხმარებოდა. რაც ვნახე, ყველაფერი მომეწონა.

- იური სიომინი როგორ შეგხვდა?
- პირველივე შეხვედრისას მივხვდი, თუ რაოდენ ძლიერი პიროვნებაა. ყველაფერი ამიხსნა და მაშინვე მითხრა, რომ გუნდს ვჭირდებოდი. მამაშვილურად კარგად მექცეოდა. მის მხარდაჭერას გუნდში ყოფნისას მუდამ ვგრძნობდი. "ლოკომოტივში" დიდხანს არ ვყოფილვარ, მაგრამ სიომინისგან ბევრი რამ შევიძინე.

- როდესაც "ლოკომოტივიდან" წახვედი, სიომინმა თქვა, რომ ცრემლები ვერ შეიკავა. იმ მომენტში რამე გითხრა?
- წარმატებული საფეხბურთო მომავალი მისურვა. ერთმანეთს კარგად დავემშვიდობეთ. რა თქმა უნდა, გული დაწყდა, რომ წავედი. თუმცა, რაც მოხდა, დამნაშავე არ ვარ. ფეხბურთელები გუნდიდან მიდიან, ეს მისი ნაწილია. "ლოკომოტივის" მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, ამიტომ არ აღვნიშნე მათ კარში გატანილი გოლი.

- "ლოკოს" გაბრაზებულმა გულშემტკივრებმა ბევრი საწყენი შეტყობინება გამოგიგზავნეს?
- დიახ, ათას რამეს მწერდნენ. ხალხი წყენას ასე გამოხატავს, ვიღაც გაღიზიანებულია. ასეც ხდება, მე ეს მივიღე და თავდასხმები მოვითმინე. მესმის, ქომაგები გულდაწყვეტილნი რჩებიან, როდესაც მათი საყვარელი გუნდიდან მოთამაშე მიდის.

- შავ სიაში ხალხი დაამატე?
- არა, დაე, წერონ!

- "ინსტაგრამით" ხშირად სარგებლობ?
- ვერ ვიტყვი, რომ "ინსტაგრამზე" დიდ დროს ვატარებ, მაგრამ ეს მეხმარება.

- სეზონის წინ "რუბინი"გუნდი-გამოცანა იყო, პირველ ტურებში კი გამარჯვებები მოიპოვეთ. სეზონის დაწყებამდე მწვრთნელები რას გეუბნებოდნენ?
- ამოცანებზე არ გველაპარაკებოდნენ, არ გვეუბნებოდნენ, თუ ჩვენგან რომელ ადგილზე გასვლას ითხოვდნენ. უბრალოდ გვითხრეს, ფეხბურთი კარგად გვეთამაშა. მთელი გუნდით, ყოველი თამაშით ვვითარდებით, მაგრამ არ განვიხილავთ, სეზონის ბოლოს რომელ ადგილზე უნდა ვიყოთ.

- თავად რას ფიქრობ, ამ სეზონში მაქსიმუმ რას შეგიძლიათ მიაღწიოთ?
- სატურნირო ცხრილში კონკრეტული ადგილის დასახელება არ მინდა, მაგრამ გულშემტკივრებს ვპირდები, რომ ამ სეზონში მაქსიმალურად მაღალი პოზიციის დაკავებას შევეცდებით. "რუბინის" დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გოლები იქნება თუ საგოლე გადაცემები. მთავარია, ნებისმიერი სახით გუნდს დავეხმარო.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებში ოფიციალურ თუ ამხანაგუშიც უნდა იყოს საუკეთესოები გამოძახებული,ჯერ იქ დაამტკიცონ რომ საუკეთესოები არიან სადაც თამაშობენ,იაროს ვაისმა და უყუროს ყველას ,ამაში იღებს დიდი ხელფასს,ზარანდიას და ხარაიშვილის არ ყოფნა როცა საუკეთესო ფორმაში არიან ეს ძან ცუდია,ისეთების გამოძახება რომლებიც არც თამაშობენ და გოლიც კი არააქვთ გატანილი ერთი მაინც,
0
ვაის მრჩეველი არ ყავს? რო უთხრას ხარაიშვილი და ზარანდია კარგ ფორმაში არიან და გამოსაძახებელია ეს ბიჭები ნაკრებში, ისე ჟურნალისტებმა რო იაქტიურონ ასეთ საკითხებზე არ იქნებოდა ურიგო დაუსვით კითხვა ვაისს
irakli
09:42 04-09-2019
1

სიახლეები პოპულარული