ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის შეხვედრა საქართველოსა და დანიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა, ნამატჩევს კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"ჩემთვის, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე როდესაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. არაერთმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაცვაშიც კარგად ვიდექით და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა.
თუ გავითვალისწინებთ დანიელთა საფეხბურთო დონეს და მათ ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს, ეს არ არის ცუდი შედეგი.
ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, ვთვლი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ოცი წლის შემდეგ პირველად მივიღე ყვითელი ბარათი. მსაჯობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იყო რამდენიმე სადავო მომენტი, სადაც ჩვენს სასარგებლოდ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. აგრეთვე ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში პენალტი არ იყო.
დიდი დანაკლისი იყო ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის არყოფნა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ კიტეიშვილისა და აბურჯანიას თამაშით. კიტეიშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ის კარგი იყო ყველა კონტექსტში, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც, მან თუ ასე გააგრძელა, ავსტრიის ჩემპიონატი მისთვის საკმარისი არ იქნება. აბურჯანიას დიდი ხანია არ უთამაშია, გადავიდა უკეთესს გუნდში და ეს ნაკრებზეც აისახა.
გია გრიგალავამ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დავაბრუნეთ ნაკრებში. გრიგალავა რუსეთის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს, საკმაოდ ძლიერია და მისი ასპარეზობა საქართველოს ნაკრებისთვის ნაყოფიერია.
ცვლილებებს ვახორციელებ საჭიროების მიხედვით და ხშირად ნაადრევი ცვლილებები არ არის აუცილებელი.
ყველას რაღაც უნდა, ვიცი გულშემატკივარს სურს გამარჯვება. ზოგს ხარაიშვილის, ზოგს ზარანდიას, ზოგს შენგელიას თამაში უნდა - მე დავიღალე ამ კითხვებით. გადახედეთ თქვენს მეტოქეს, სად თამაშობენ მათი ფეხბურთელები? შემადგენლობის შერჩევა ჩემი კომპეტენციაა.
რაც შეეხება ვაკო გვილიას, ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია, კონკრეტულად ამ შეხვედრაში როდესაც შედგა ტაქტიკური შემადგენლობა, მე გავაფრთხილე ის, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და მან ეს ყველაფერი მიიღო პროფესიონალურად.
რაც მეტი კონკურენცია იქნება საყრდენ ზონაში, მით უკეთესი, ნიკა კვეკვესკირის დაბრუნების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას და ვათამაშებ საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს.
შეგხვდებით ყველა უახლოეს მომავალში, მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ყველას".
კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]
დანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა
ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!
ვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს
sofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა
კრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ