მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე championat.com-ის რედაქციას ესტუმრა და ვრცელ ინტერვიუში ფრენკ რიბერისთან არშემდგარ და ხვიჩა კვარაცხელიას ხელიდან გაშვებულ კონტრაქტებზეც ისაუბრა.
- რიბერის შემთხვევაში ყველაფერი როგორ იყო?
- ერთად ვისადილეთ. როგორც მედიამუშაკი, სპორტში დიდი ხანია ვმუშაობ და ბევრი კონტაქტი დამრჩა. რიბერის თავისი პლუსები აქვს, მებრძოლია და გუნდის გაძლიერება შეუძლია. თუმცა, ასაკოვანია.
- სიომინი ამ განხილვებში მონაწილეობდა?
- თუ საქმე კონკრეტულ საუბრამდე მიდის, ყველაფერს მასთან განვიხილავთ. მე და რიბერის წინასწარი შეხვედრა გვქონდა. ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი, მაგრამ შეთანხმებამდე ვერ მივედით.
- კვარაცხელიას წასვლა თქვენთვის ხელიდან გაშვებაა თუ წარმატება?
- რას ჰქვია წარმატება! არა, არა, ჩვენ ყველანი განვიცდიდით. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ხვიჩა ახლაც განიცდის. უნდა გავიგოთ, რომ სიომინს ძალიან სჯერა ამ ფეხბურთელის და ბევრი გააკეთა, რათა გუნდში მოხვედრილიყო. მისი საკითხი მაშინ დასვა, როდესაც ჯერ კიდევ 17 წლისა იყო. ამბობდა: "ბიჭებო, ნიჭიერი ჭაბუკი იზრდება!"
- და ის მაინც წავიდა...
- ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, ის კლუბში თავს კარგად გრძნობდა. ვერ ვიტყვი, რომ მის მიერ გასულ სეზონში ჩატარებულმა შვიდმა მატჩმა ცალსახად ჩამომიყალიბა აზრი, რომ კლუბის მომავალი იყო. ეს ჩემთვის ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად საკმარისი არ იყო. მას 1+3 სისტემის ხელშეკრულებას ვთავაზობდით. ჩემი პრეტენზია აგენტისადმი იმაში მდგომარეობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთი თვით ადრე ჩვენ პირობებზე შევთანხმდით, რომლის მიხედვით ხვიჩა ჩვენთან დარჩებოდა.
- ე.ი. ამ ისტორიაში საკუთარი თავის მიმართ პრეტენზია არა გაქვთ?
- მაქვს. შეთანხმების რეალიზებაში საკმარისად სწრაფად ვერ ვიმოქმედეთ. საჭირო იყო აგენტს "რუსთავთან" სამუშაო ჩაეტარებინა, საბუთები გაეფორმებინა, მაგრამ ყველაფერი გადაიდო - ხვალ, შემდეგ ზეგ. შედეგად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე "რუბინი" წარმოიშვა. ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, რომელზეც ადრე არ შევთანხმებულვართ. მე უარი განვაცხადე და ხვიჩა წავიდა.
მე სატელევიზიო ბიზნესიდან გამოვედი. იქ უფლებებისთვის ცხვირ-პირის მტვრევაა, მაგრამ ხელის ჩამორთმევა შეთანხმებას ნიშნავს.
- ტრანსფერებისადმი ასეთი მიდგომა მიუღებელია?
- მტკივნეული გაკვეთილია, მაგრამ სასარგებლო. გულწრფელად ვუსურვებ ხვიჩას სიკეთეს, მის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. იმედია, მას ყველაფერი გამოუვა, ხოლო ის, რომ იქ წავიდა, - ცხოვრება გვაჩვენებს, ეს რამდენად სწორი სვლა იყო.