ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი

AutoSharing Option
15-17 სექტემბერს სლოვენიურ მარიბორში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც საქართველოდან გოგონების გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.

ამ ჩემპიონატში ჩვენი ბიჭებიც კი არასრული შემადგენლობით გამოდიან - 100 კილოგრამში არ გვყავს მონაწილე, ხოლო გოგონების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე კიდევ უფრო შემცირებული გუნდით მიდის ტურნირზე, მხოლოდ ოთხი მონაწილე მიჰყავს: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი ტატა ყიფშიძე (52 კგ; საგარეჯო), ამავე ფესტივალისა და ევროპის ჩემპიონები ჭაბუკებში მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57; ორივე - თბილისი) და მცხეთელი სალომე მჭედლიშვილი (63).

ყიფშიძე 48 კილოგრამის
მოჭიდავეა, მაგრამ ბოლო შეკრებაზე ფეხი უტკენია, რის გამოც ფიზიკურად ვერ იტვირთებოდა სათანადოდ. ამიტომ ცოტა წონა გაექცა, მაგრამ დაკლებას და გამოფიტვას არჩიეს, 52-ში გამოეცადათ.

ასევე საინტერესოა ბებოშვილის მდგომარეობაც, რომელიც ახალ წონაში პირველ ოფიციალურ ტურნირს იჭიდავებს. ისე კი ივლისში უნგრეთში ევროპის თასზე 63-ში მოსინჯა ძალები. ოპერაციით გამოწვეული უქმობის დროს მას კიდევ უფრო მეტად გაექცა წონა და დაკლება მისთვის გაცილებით პრობლემური იყო. უნგრეთში მას ურიგოდ არ უჭიდავია - მეხუთე აღმოჩნდა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირის ოფიციალურთან შედარებაც არ შეიძლება, აქ სულ სხვა დატვირთვები შეხვდება. თანაც, როგორც თენაძემ გვითხრა, ბებოშვილს 57-მდე დაკლება არ გაუჭირდა. გოგოების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება გორში გაიარა, რომელიც ორი დღის წინ დაამთავრა და ბიჭების გუნდთან ერთად გაფრინდა სლოვენიაში.

შეგახსენებთ, რომ მარიბორში 15-16 სექტემბერს პირადი პირველობა ჩატარდება, 17-ში კი გუნდური შეჯიბრებაა, რომელიც კვლავაც ძველი წესებით გაიმართება, ანუ გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე გუნდებად იჭიდავებენ. შერეული გუნდის ახალი წესი ახალგაზრდებში ჩრდილო კორეიდან ხორვატიაში გადმოტანილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ამოქმედდება, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება.

იმ ტურნირისთვის თენაძეს სწორედ გუნდურში საჭიდაოდ ჭაბუკთა ნაკრების ორი ლიდერი, ევროპული ფესტივალისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული მარიამ ჭანტურია (63) და ევროპის ჩემპიონატისა და ევროპული ფესტივალის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი სოფიო სომხიშვილი (+78) მიჰყავს, 57-ში კი ისევ ბებოშვილი-ლიპარტელიანის დუეტი ეყოლება.

ოღონდ აქაც ერთი შენიშვნა: ჭანტურია მსოფლიოს გუნდურს 70 კილოგრამში იჭიდავებს. ადრე ჭანტურია-სომხიშვილის სლოვენიაში წაყვანის ვარიანტიც განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ მათი დასვენება გადაწყვიტეს, რადგან ჭაბუკებში წლეულს სამი ოფიციალური ტურნირი ჩაატარეს. თანაც, მსოფლიოზე აშკარად გამოჩნდა, რომ სომხიშვილს დასვენება და მხრებზე მკურნალობის გაგრძელება სჭირდებოდა, რასაც აკეთებენ კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურია სომხიშვილი ქართული ძიუდოს მომოვალია!!
koko
10:25 15-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული