შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაში 4 მედალი მოიპოვა: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო, გუნდურში კი მხოლოდ ფინალში დამარცხდა აზერბაიჯანთან. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (81) გახდა, ხოლო მესამეზე ტატო გრიგალაშვილი (73), ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი (ორივე - +100) გავიდნენ.
მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ამჯერად გუნდში კი დააბრუნა ძალიან ნიჭიერი ონისე სანებლიძე (100), მაგრამ ხორვატიაში მაინც არასრული გუნდით და მორიგი თამამი საკადრო გადაწყვეტილებით მიდის. სამაგიეროდ, სახლში ტოვებს არანაკლებ რეკლამირებულ ტალანტ რობინზონ ბეგლარაშვილს (60) და ამ წონაში პირადში მონაწილე არ გვეყოლება. თუმცა რადგან 60 კილოგრამი შედის შერეულ გუნდში, გუნდურისთვის თემურ ნოზაძე მიჰყავს.
ცხადია, მწვრთნელმა ბეგლარაშვილს არ აპატია ევროპის ჩემპიონატზე პირველივე წრეში წაგება ესპანელ დავიდ ტორნე გარსიასთან, თუმცა ჩვენებურს წონის პრობლემაც მთელი სიმწვავით უდგას და იქნებ ამანაც გამოიწვია ის მარცხი. ყოველ შემთხვევაში, გუჯეჯიანის გადაწყვეტილებაც ამით აიხსნება - დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორჯერ დაკლება არათუ უსარგებლო, ორგანიზმისთვის ფრიად საზიანოც კი იქნებოდა.
არადა, ბეგლარაშვილს დასაკლებიც ბევრი აქვს - თურმე 66-საც კი სცდება. ის მოზარდია და ზედა წონაში მისი გადანაცვლება დროის საკითხი იყო. ჩანს, ეს დრო უკვე დადგა.
ზედმეტი წონის პრობლემის გამო ტოვებს სახლში შალვა გაზაშვილსაც (66). ევროპაზე ნამყოფებიდან ამოვარდა ივანე ნინიაშვილიც (55) და ამ წონაში მხოლოდ ჯაბა პაპინაშვილის იმედად ვართ, ვინც მარიბორში, კონტინენტის პირველობაზე მეხუთეზე გავიდა.
ევროპასთან შედარებით, ცვლილებაა 90 კილოშიც: გიორგი ჩიქოვანმა გუნდურიდან ამჯერად პირადში გადმოინაცვლა, სადაც მასთან ერთად იმედა გოგოლაძეც იჭიდავებს, ხოლო ნიკა სიდამონიძე ამჯერად სახლში რჩება. ჩიქოვანის დარად, ტრისტან მოსახლიშვილმაც (81) გუნდურიდან პირადში გადაინაცვლა.
ცხადია, ხორვატიაში იჭიდავებს ევროპის ჩემპიონატის ოთხივე მედალოსანი.
როგორც ზემოთ ვთქვით, ხორვატიაში გუნდური ტურნირიც ტარდება, რომელიც უკვე შერეული პრინციპით გაიმართება, ანუ გოგონები და ბიჭები ერთ ნაკრებად იჭიდავებენ. გაერთიანებულ გუნდში ბიჭების წონებია 60, 73, 90 და მძიმე, გოგონებისა - 48, 57, 70 და ასევე მძიმე.
გოგონების ნაკრებს მათი მთავარი მწვრთნელი გია თენაძე სწორედ ამ პრინციპით აკომპლექტებს, ოღონდ მხოლოდ სამი მონაწილე მიჰყავს: ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია (63) და სოფიო სომხიშვილი (+78).
სამწუხაროდ, 48-ში მონაწილე არ გვეყოლება, რადგან ტატა ყიფშიძეს ფეხის ტრავმა აწუხებს, სალომე მარგიანს - ზედმეტი წონა. თენაძე ერთხანს კი აკვირდებოდა მარგიანს, დაიკლებდა თუ ვერა წონას მეთოდურად, რაც შეგირდმა ვერ შეძლო.
ყველა შეხვედრას ერთქულიანი ჩამორჩენით დავიწყებთ, რაც ძალზე ცუდია. თუმცა იმ სამიდანაც ჭანტურია და სომხიშვილი ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრებების წევრები არიან. თან ჭანტურიას გუნდურში ზედა წონაში - 70-ში მოუწევს გამოსვლა, ხოლო სომხიშვილი პირადშიც და გუნდურშიც მისთვის უჩვეულო +78-ში იასპარეზებს.
ბიჭები ზაგრებში ორ ეტაპად - 16 და 18 ოქტომბერს გაემგზავრებიან, გოგონები კი 6-ში იტალიაში გაფრინდებიან ერთკვირიან ერთობლივ კემპზე და ხორვატიაშიც იქიდან გადავლენ 15 ოქტომბერს, წილისყრის დღეს.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები
პირადი პირველობა
55 კგ. ჯაბა პაპინაშვილი (კასპი).
66 კგ. ბაგრატ ნინიაშვილი (დმანისი) .
73 კგ. ტატო გრიგალაშვილი (ხაშური).
81 კგ. ლუკა მაისურაძე (ხაშური), ტრისტან მოსახლიშვილი (თელავი).
90 კგ. გიორგი ჩიქოვანი (ჩხოროწყუ), იმედა გოგოლაძე (ლაგოდეხი).
100 კგ. ონისე სანებლიძე (თბილისი).
+100 კგ. ამირან წიქორიძე (ქუთაისი), გელა ზაალიშვილი (თბილისი).
გუნდური
60 კგ. თემურ ნოზაძე (ხაშური).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"