რა იგეგმება ქართულ ძიუდოში - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაცია ერთ-ერთი გამორჩეულია სხვა სპორტულ ფედერაციებს შორის, რომელიც მუდმივად გვთავაზობს რეფორმებს.

ძიუდოში სეზონის მთავარი ნაწილი დამთავრდა და იქნებ მედლების მხრივ არც ისე სასურველი რეალობაა - არაა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უფროსებში, თუმცა მასობრიობის, კონკურენციის გაზრდის თუ სხვა მრავალი კუთხით პროგრესი, სიახლეც აშკარაა.

ამ ყველაფერზე, ისევე როგორც უახლოესი მომავლის გეგმებზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გვესაუბრება, რომელთან ინტერვიუშიც სწორედ გატარებული თუ გასატარებელი რეფორმებით შემოვიფარგლეთ, შეფასებაზე კი არ გვისაუბრია, რადგან მან სეზონი თუ ჩვენი ნაკრების წლევ
ანდელი აასპარეზობა არაერთხელ შეაფასა.

- რა გაკეთდა ან უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ქართულ ძიუდოში?
- იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა უკვე გაისად იწყება, გვინდა, ამ პროცესს მომზადებულები შევხვდეთ და უფრო დიდი გათვლა გვქონდეს - არა ერთ სეზონზე, არამედ ოლიმპიური ციკლის წინამდებარე სამ წელიწადზე.

ამ კუთხით გვაქვს იდეა, რომ ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებებიდან სპეციფიკურად და ცალკე მოვამზადოთ ყველა, ვინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედლები მოიპოვა, ვისაც აქვს პერსპექტივა.

მწვრთნელებად იგივე ხალხი დარჩება, ვინც ახლა მუშაობს ამ ასკობრივ გუნდებთან, მაგრამ ცალკე მომზადება გულისხმობს იმას, რომ ეს ახალგაზრდები ნელ-ნელა შევაჩვიოთ უფროსთა შეჯიბრებებს.

ცხადია, შედარებით უფრო დაბალი დონის ტურნირებით - ევროპის თასებით დავიწყებთ. ეს ბიჭები 17-18 წლისები არიან, ტოკიოს ოლიმპიადისთვის კი 20-ს იქნებიან. ამ მხრივ კი კარგი გამოცდილება გვაქვს, რადგან ამ ასაკში ლაშა შავდათუაშვილი უკვე ოლიმპიური ჩემპიონი იყო.

ჩვენი პირველი მიზანია, მათ ლიცენზიები მოიპოვონ, რაც გაზრდის კონკურენციას, თორემ დღეს რთულია იმაზე ლაპარაკი, რამდენად დაეწევიან ისინი ეროვნულ ნაკრებს.

სამაგიეროდ, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, რომ იქნება მათი მომზადების პროგრამა და წავალთ იმ კუთხით, რათა მოუმატონ ეტაპობრივად, გათვლილი გეგმით და არა ნაჩქარევად.

მაგალითად, ნაჩქარევობის თავიდან ასაცილებლად წლეულს ამ ბიჭებიდან არც ერთი არ იჭიდავებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უფროსებში, რათა ნაადრევად არ გაუჩნდეთ მთავარი გუნდის წევრობის და ყველა იმ ძლიერ ტურნირში გამოსვლის ამბიცია, რომელშიც ლიდერები გამოდიან.

თუ საქართველოს ჩემპიონატში მედალს მოიპოვებს, მერე ნაკრების კანდიდატიც გახდება და მასაც გაუჩნდება იმ მთავარ შეჯიბრებებში გამოსვლის სურვილი. აი, სწორედ ამას გვინდა მოვარიდოთ: უფროსებში ახალგაზრდული ნაკრების ეგიდით ვაჭიდაოთ და არა ქვეყნის პრიზიორის პოზიციიდან. გვინდა, მათ მომავალი სეზონი ძირითადად ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმონ, მაგრამ თან უფროსებშიც დააგროვონ გამოცდილება და აუცილებლად იბრძოლონ ლიცენზიებისთვის.

ისინი ძირითადად ქვეყნის შიგნით მოემზადებიან, თუმცა სპეციალურად შერჩეული ერთობლივი ვარჯიშებიც ექნებათ უცხოეთში. ვეცდებით, კორეაში ან იაპონიაში წავიყვანოთ; ექნებათ თავიანთი ტურნირებიც, თუმცა დავამატებთ დიდებისასაც და ვეცდებით, ამ ფორმით მივიღოთ ახალი გუნდი, რომელიც სამომავლოდ კარგი რეზერვი იქნება ეროვნული ნაკრებისთვის.

მეორე სიახლე ისაა, რომ ფიზმომზადებისთვის გავაკეთეთ ძალიან კარგი დარბაზი, იდეალური ხარისხის შევარჩიეთ ყველა სავარჯიშო მოწყობილობა, რისთვისაც რამდენიმე გამოფენაზე ვიარეთ გერმანიაში და მოვკრიბეთ ყველა ის სპეციფიური ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარი, რაც სჭირდება ძიუდოისტს. ამას უკვე იყენებენ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, მწვრთნელებს კი შეუძლიათ, შეუზღუდავად დაგეგმონ ვარჯიშები, ფიზმომზადებისთვის სხვა დარბაზში წასვლა არ გვჭირდება. ამას კიდევ უფრო გავაფართოებთ და დავამატებთ ყველა ინვენტარს, რაც მოგვეწონება და საჭირო იქნება ჩვენთვის. ძალიან კარგია, რომ ფიზმომზადების საკუთარი დარბაზი გვაქვს.

მზადების სხვა ნაწილს რაც შეეხება, კარგია, რომ ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელებმა უფრო გაინაწილეს ფუნქციები, გუნდი დაიყო 3-4 წონად და ყველას თავისი კურატორი ჰყავს, რითაც ინდივიდუალიზმი წინ წამოიწევს.

არ გამოვრიცხავ, წონები კიდევ უფრო მეტად დავანაწილოთ და კურატორთა ნაწილი კიდევ უფრო გამოვკვეთოთ. მთავარია, რომ ამ კუთხით, მინიმუმ, ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით და გავმიჯნეთ მწვრთნელთა ფუნქციები სხვადასხვა წონებში.

უახლოეს პერიოდში გვექნება გაფართოებული შეხვედრა მწვრთნელთა საბჭოსთან და ვიმსჯელებთ, რა იქნება სამომავლო პერსპექტივისთვის კარგი, რამდენად ეფექტურად წავიდა ეს დაყოფა პრაქტიკაში და როგორ შეიძლება მომავალში მისი უკეთ გამოყენება. ასევე სერიოზულად გაიზრდება ყურადღება გოგოების, ქალთა ძიუდოსადმი.

- კურატორთა ინსტიტუტი ახალი შემოღებულია, მაგრამ როგორია პირველი შეფასებები, მოსწონთ თუ არა ის მწვრთნელებს, სპორტსმენებს?
- მე რაც ვნახე, მწვრთნელებს ძალიან მოსწონთ, რადგან მათი ფუნქციები უფრო მეტადაა გამოკვეთილი. ადრეც ვამბობდით, რომ ეს აუცილებელი და საჭირო იყო, თუმცა რატომღაც არ მოხერხდა და ვერ გააკეთეს.

ახლა მწვრთნელი ზოგადად კი არაა პასუხისმგებელი, არამედ კონკრეტული სპორტსმენები ჰყავთ და კონკრეტული საქმე აქვთ.

ერთი მხრივ, თითქოს შეიკვეცა მისი პასუხისმგებლობის არეალი, მაგრამ, სინამდვილეში, გაიზარდა, რადგან უკვე კონკრეტული ვალდებულებები ეკისრება. ამიტომ ის მეტ მოტივაციასაც ჩადებს, რადგან უკვე თავადაა პასუხისმგებელი.

ადრე კონკრეტულად არავინ არაფერზე არ აგებდა პასუხს მთავარი მწვრთნელის გარდა. ვფიქრობ, ეს მოდელი სპორტსმენებსაც მოსწონთ და ამიტომ ვამბობ, რომ გაფართოებული შეხვედრა გვექნება. მათაც დავეკითხებით, რამდენად მიესალმებიან ამგვარ მიდგომას, თუმცა მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად ინდივიდუალურად უნდა წავიდეთ. მით უფრო, მაშინ, როცა გამოიკვეთებიან ლიცენზიებისთვის მებრძოლი სპორტსმენები.

- კურატორ მწვრთნელებს თუ ევალებათ უცხოურ ძიუდოზე დაკვირვება, მათ საკურატორო წონებში ვინ ჩნდება ახალი, და ზოგადად - რამდენად ევალებათ კონკრეტული მეტოქეების ინდივიდუალურად შესწავლა და მათ წინააღმდეგ თავიანთი შეგირდების მომზადება?
- ეგ ვარჯიშის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. აგერ ახლაც მიდევს დისკები, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე გავაკეთეთ, ყველა მეტოქე ამოვიწერეთ და ვეუბნებით, რომ უნდა ნახონ ეს ჩანაწერები. თუმცა ველოდებით ფიზმომზადების დარბაზის დასრულებას და ვნახოთ, რამდენი დაგვრჩება თანხა ფედერაციის კონკრეტული შემოსავლებიდან, რათა ვიდეოთეკისთვისაც მოვაწყოთ სპეციალური დარბაზი. ადრინდელისგან განსხვავებით, დღეს ყველაფრის ჩაწერა აღარ გვჭირდება, ინტერნეტშია ყველა შეხვედრა, მაგრამ მინდა, ისეთი სპეციფიკური გარემო შევქმნათ, თავად ამ გარემომ გაუჩინოს მოტივაცია მწვრთნელსაც და სპორტსმენსაც, რომ ვიღაცას დააკვირდეს, თავის ჭიდაობასა და საკუთარ შეცდომებზე გააკეთოს აქცენტი.

თუ შევძლებთ და კომპიუტერულად აღჭურვილ, კარგად მოწყობილ პატარა დარბაზს გავაკეთებთ, მაშინ იქ შესულს გაუჩნდება ამის სურვილი. ამიტომ ვამბობ, რომ გარემომაც უნდა შეუქმნას პირობები.

- წინა წლებში ასაკობრივ ნაკრებებში გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებდით. მაგალითად, უარი თქვით წმინდა ტიპის საშეკრებო მოდელზე, სანაცვლოდ კი სპორტსმენებს დაუქირავეთ კერძო ბინა, აუყვანეთ მზარეული და ასე შემდეგ. დღეს ისევ ძველებურად აგრძელებთ მზადებას, ანუ არ გაამართლა იმგვარმა მიდგომამ?
- მაშინ იქიდან გამოვდიოდით, რომ შეკრება ერთგვარად ჩაკეტილი სისტემაა - ზოგზე კარგად მოქმედებს, ზოგზე - ცუდად. განსხვავებულია სპორტსმენთა ტიპიც: ზოგი ოჯახურ პირობებში უნდა აცხოვრო, ზოგმა საერთოდ ოჯახიდან უნდა იაროს... მაგალითად, შავდათუაშვილს არაფერი არ სჭირდება - არც ჩაკეტვა და არც - დაძალება, კაცი ისეა მონდომებული, მაგრამ ვიღაცა რეჟიმში უნდა გყავდეს.

ერთი სიტყვით, ფრიად ინდივიდუალური მომენტია და წავალთ იმ კუთხით, ვისაც რა მოუხდება. მაშინაც და ახლაც ვითვალისწინებთ სპორტსმენის შესაძლებლობას ყველა კუთხით და ამის მიხედვით ვმოქმედებთ.

- ადრე ჭაბუკები და ახალგაზრდებიც გააერთიანეთ, თუმცა ახლა საკუთარი მწვრთნელები უფრო გამოკვეთილია ანუ ეს გუნდები მაინც გაიყვნენ?
- არა, ისევ ერთად ვარჯიშობენ. წლეულს ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ კარგად დაეხმარა უფროსებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად - სამი შეკრება გაიარეს ერთად, რაც ორივესთვის ძალიან კარგი იყო. შემდეგ ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ერთობლივი ვარჯიშებიც გვქონდა.

ახლა, როგორც გითხარით, მათგან გამორჩეულებს სულაც ერთად ვავარჯიშებთ საგანგებო პროგრამით, რათა მოგვიანებით ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩაებან. წლიდან წლამდე ისინიც ისეთივე უწყვეტ რეჟიმში ივარჯიშებენ, როგორც - უფროსები.

- თქვენი აზრით, ამ ბოლოს მსაჯობის თემა რატომ გახდა ასე მტკივნეული და როგორ აფასებთ დაანონსებულ ცვლილებებს წესებში?
- ვფიქრობ, წესების ცვლილება ჩვენთვის კარგია. მაგალითად, ორი ვაზარი, სინამდვილეში კი ორი იუკო ხდება იპონი, ხოლო ქართველებს გდებების გაკეთება არ გვიჭირს, ანგარიშის შენარჩუნება უფრო გვეძნელება.

სამწუხაროდ, სისტემა არ გვაქვს აწყობილი, ხოლო ბავშვების სწავლება ხდება ძიუდოსთვის ცუდად. აქცენტი გაკეთებულია ძირითადად ქართულ სტილზე და არა ძიუდოზე. მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რამდენი ილეთია ძიუდოში, რა ტაქტიკური შესაძლებლობებია ჩოქბჯენში და სხვა.

უკვე 2 წელია, საერთაშორისო აკადემიის ნაწილი ვართ, ვასწავლით ამათ და ყველა ილეთის დასახელება იციან იაპონურად, სხვანაირად აზროვნებას ეჩვევიან, რასაც მერე ბავშვებს გადასცემენ. მას რომ თავიდანვე ეცოდინება ეს ყველაფერი, მერე აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ 1-2 ქართულ ილეთზე.

დღეს ჩვენ ძირითადად ტაქტიკაში გვიჭირს, ამას კი ბავშვობიდანვე თუ არ მივხედეთ, მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ვერ შევცვლით. ახლა სწორედ აქეთკენ მივდივართ და გაისიდან უკვე ქამრების სისტემასაც შემოვიტანთ. მწვრთნელთა გადამზადებამდე ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა, ახლა კი პროგრამაც შემუშავებულია.

ზოგადად, მსაჯობასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება ასეთია: ამაზე ასეთი ფორმით და ასეთი დოზით სპორტსმენი აქცენტს არ უნდა აკეთებდეს. სადაც გასაპროტესტებელია, ვაპროტესტებთ კიდეც.

მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მივედით და კიდეც ვუთხარით, კიდეც ვიჩხუბეთ... იქნებ ვინმემ თქვას, რა აზრი აქვს ამასო, მაგრამ აზრი ნამდვილად აქვს თუნდაც იმიტომ, რომ მეორედ არ მოხდეს.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი - ეს თითიდან გამოწოვილი მგონია. შეცდომები მართლაც ხშირად ხდება, მაგრამ არა მხოლოდ ქართველების, არამედ სხვების მიმართაც.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მსაჯებზე, იმდენად ძლიერები უნდა ვიყოთ, არ უნდა მივცეთ მათ საბაბი. სულ ვეუბნები მწვრთნელებსაც და სპორტსმენებსაც, რომ დავანებოთ თავი ზედმეტ კრიტიკას და მსაჯთა შეცდომებზე აქცენტის გაკეთებას - მოსაგებად იმდენი საშუალება არსებობს, ამაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ყურადღება არ მიექცა რეგიონებს და მხოლოდ თბილისზე იქნა აქცენტი გადატანილი ძიუდოში უკუსვლა გარანტირებულია. გამოდით თბილისიდან!!!!!!!!
გიორგი
07:06 23-11-2017
0
ეს ადამიანი თვალთმაქცი და მატყუარაა.თუ თავისი და ხაბარელის საწილო საქმე არაა არაფერსაც არ გააკეთებს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული