გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მზადებას ძიუდოისტ ქალთა ნაკრებიც შეუდგა, რომელმაც ერთი ეტაპი უკვე გაიარა უცხოეთში - იანვარში ავსტრიულ მიტერსილში ივარჯიშეს ერთობლივ კემპზე, ახლა კი ბაკურიანში გადიან საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას.

ქალთა ძიუდოს აღორძინება ისედაც იყო ჩვენი ფედერაციის პრიორიტეტი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან გუნდური შეჯიბრება, რომელიც უკვე ოლიმპიური დისციპლინა გახდა, შერეული ფორმატით ტარდება, ანუ ექვსკაციან გუნდში წონების ნახევარი ქალებისა იქნება, ნახევარი - ვაჟებისა.

ამას ისიც ემატება, რომ წლეულს სალიცენზიო შეჯიბრებებიც იწყება, სადაც ასევე ჩაებმებიან ჩვენი ქალები. ამიტომ ფედერაციამ მათ
სათანადოდ მოსამზადებლად საგანგებო პროგრამა შეიმუშავა, რომელშიც ქალთა ნაკრების ხელმძღვანელთა ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული.

ამ გუნდის უახლოეს გეგმებზე გვესაუბრება მისი მთავარი მწვრთნელი გია თენაძე.

- მზადების რა ეტაპებია დაგეგმილი, რა იქნება თქვენი პირველი სტარტი?
- საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი, რომლებიც ახალგაზრდებიც არიან, მაგრამ უფროსებშიც მოვსინჯავთ. მხოლოდ მარიამ ჯანაშვილზე არაა ლაპარაკი, რომელიც ისედაც უფროსებშია გადასული. მის გარდა, ამ სიაში შედიან ტატა ყიფშიძე, მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი. ესენი არიან ძირითადი ბირთვი და ფედერაცია შეგვპირდა, ყველაფერს გავუკეთებთ, არანაირი შეფერხება არ გექნებათო.

წლევანდელი სეზონი ავსტრიულ მიტერსილში გავლილი ერთობლივი საწვრთნელი კემპით დავიწყეთ, სადაც ყიფშიძე არ იყო, თუმცა ახლა ბაკურიანში გავდივართ მეორე შეკრებას და აქ ისიც ჩავრთეთ.

ამის შემდეგ შერეული ტიპის შეკრება გვექნება, სავარაუდოდ - გორში, სადაც ფიზიკურადაც ვივარჯიშებთ და ტატამზეც. ბაკურიანში კი მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშებია. ამის შემდეგ უფროსებს ვარშავაში წავიყვანთ "ევროპის ღია თასზე", პარალელურად კი, ჭაბუკები ანტალიაში წავლენ ტურნირზე.

ჭაბუკებში არიან გამოკვეთილები - სალომე მაყიშვილი, ინდირა სილაგაძე, სალომე ბლიაძე და კიდევ რამდენიმე გოგო, მაგრამ 7 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება და ის გვიჩვენებს ყველაფერს.

შარშან მაზანაშვილს, ტატუნაშვილს შრომა კი ჰქონდათ გაწეული და გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატი ჩატარდება, ფინალისტებს წავიყვანთ ანტალიაში და იქ კიდევ გავფილტრავთ სიას.

უფროსები პოლონეთის შემდეგ ჩეხეთში წავლენ ასევე ერთობლივ კემპზე, რასაც უკვე თბილისის ტურნირიც მოჰყვება. რადგან ტურნირი აქ არის, ხარჯი არაფერი გვიწევს და თითქმის ყველას ვაჭიდავებთ, ვინც კი სურვილს გამოთქვამს.

ამის შემდეგ შევხედავთ, ამ ტურნირებში ვინ როგორ იჭიდავებს და ვისი დაყენება ღირს ევროპის ჩემპიონატზე. მანამდე ანტალიაშიც ტარდება ერთი კემპი და ჩვენც გვექნება ერთი შეკრება - გოგონები თბილისის "დიდი პრიზისთვის" კარგ ფორმაში უნდა იყვნენ, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა შეინარჩუნონ.

ერთი სიტყვით, ევროპის პირველობამდე ძალიან დატვირთული გრაფიკია, ის კი, თავის მხრივ, დაგვანახვებს, ახალგაზრდებზე გადავიტანოთ აქცენტი თუ ისევ უფროსებზე ვიყოთ ორიენტირებულნი.

როგორც გითხარით, ესენი ისედაც ახალგაზრდები არიან და უფროსებშიც თუ კონკურეტუნარიანები იქნებიან, მაშინ თანატოლებში მხოლოდ ოფიციალურ შეჯიბრებებზე გამოვიყვანთ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, დანარჩენს კი უფროსებში ვატარებთ.

მე მგონია, რომ ესენი დიდებშიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ სხვებს.

- ბუნებრივია, მიტერსილის შეკრებით კმაყოფილი იქნებით...
- ბუნებრივია. თითომ 6 დღეში 80 შეხვედრა იჭიდავა - ქვეჭიდიან-დგომიანად. ამდენ შეხვედრას საქართველოში მთელი წელიწადი ვერ იჭიდავებდნენ. კი, 80-საც ჩაატარებდნენ და 1000-საც, მაგრამ ეს ხომ არ იქნებოდა იმ ხარისხისა, რაც ავსტრიაში გამართეს. ეს არ მოგვცემდა იმას, რაც ერთკვირიანმა შეკრებამ მოგვცა. ასეთი შანსი რომ უფრო ხშირად გვქონდეს, ბევრად წაგვადგებოდა, რადგან უკვე ფრიად ანგარიშგასაწევი ბავშვები გვყავს.

ავსტრიაში ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო სავარჯიშოდ შეკრებილი. ევროპიდან თითქმის ყველანი იყვნენ; იაპონიიდან ნაკრები არა, მაგრამ ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი ჩამოვიდა, რომელშიც ისეთი ძლიერი სპორტსმენები გამოდიან, როგორებიც აბე, ტაშირო და იოშიდა არიან. ერთი სიტყვით, კარგი შეკრება გამოვიდა და გოგონებმაც კარგად ივარჯიშეს.

- როგორ გადაწყდა ჯანაშვილის და ბებოშვილის წონების საკითხი? ან სხვებიც ხომ არ იცვლიან წონას?
- გადაწყვეტილია, რომ ჭანტურია უკვე ოფიციალურად გადავიდა 70-ში. კი შეუძლია 63-ში დაკლება, მაგრამ რატომ ვაწვალოთ ამაზე! მოზარდია, თან სამომავლოდ გუნდურისთვის 70 კილოგრამი ისედაც გვჭირდება და ნელ-ნელა დაიმკვიდროს ადგილი ახალ წონაში. ამასთან, ფიზიკურად არც 70 კილოგრამის სპორტსმენებთან აქვს პრობლემა.

ჯანაშვილმა მყარად გადაწყვიტა 52-ში დაბრუნება. მისი წონა 56-ზე ზევით არც ადის, ვარჯიშის მერე კი 55-ია. ადრე ჭარბი წონა ჰქონდა და ეგ იყო მიზეზი. ბებოშვილი 57-ში დგება და ჯერ კიდევ ებრძვის თავს წონის დასაკლებად. ის ერთ-ერთი უნიჭიერესი სპორტსმენია. არც მე და არც მისი პირადი მწვრთნელი კახა მოცრაძე არაფერს არ ვზოგავთ, არ ვაკლებთ ყურადღებას, უკან დევნას და ჩადგა რეჟიმში.

თან, ფაქტობრივად, სახლშიც აღარ იქნება - სულ შეკრებები და გასვლები მოუწევს. ამიტომ ვეღარც მეგობრების წრეში იქნება ადრინდელივით ხშირად. ლიპარტელიანიც თავის წონაში რჩება, ყიფშიძეც 48-შია, რადგან ისედაც 50 კილოგრამია.

- სამბოში გადასული ძიუდოისტების დამატების საკითხი როგორ გადაწყდა?
- არა მგონია, ეგ ვარიანტი გამოვიდეს. როცა ქევხიშვილს ველაპარაკე, მათ შესახებაც ვკითხე. აქ ძირითადად ლაპარაკია ნინო ოძელაშვილსა და ელენე ქებაძეზე. სამწუხაროდ, მათ ვერაფერს ვპირდებით. თვითონაც სამბოში უფრო უადვილდებათ და იქ ურჩევნიათ ყოფნა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ან სულაც არ დაწერთ.
ზურა
12:38 08-02-2018
0
გუშინ რომ გოგონებში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, მაგაზე ალბათ რამდენიმე დღის მერე დაწერთ.
ზურა
12:37 08-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული