აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს 23 თებერვალს ჭიდაბის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა.

პრეზიდიუმის მთავარი განსახილველი თემა 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება იყო. სხდომას ზურაბ დათუნაშვილიც ესწრებოდა.

სხდომის პარალელურად კი სამოქალაქო აქტივისტები ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ.

გაგაცნობთ მოვლენების განვითარებას ქრონოლგიურად

* * *
სამოქალაქო აქტივისტები ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული.

აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ
არის.

პროტესტს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შეუერთდა. მისი თქმით, ის აქციაზე რიგითი მოქალაქის ამპლუაში იმყოფება, რომელიც ვერ ეგუება ფედერაციაში გაბატონებულ უსამართლობას.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

* * *
მე ვიქნები ყველა იმ მოქალაქის გვერდით, ვინც უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წინ, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წახალისება ხდება.

Sportall.Ge

"მე, როგორც მოქალაქეს, გამიჩნდა წარმოუდგენელი უსამართლობის განცდა, როდესაც წესიერი და პატიოსანი ბიჭი ზურაბ დათუნაშვილი უპირისპირდება ძალადობრივ სისტემას. ის იმაზე კი არ ფიქრობს, კარიერისთვის რა იქნება კარგი, არამედ უბრალოდ არ მოითმინა ის ძალადობა, უსამართლობა და კორუფცია, რომელიც ფედერაციაში ხდება. ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ პრობლემას, როდესაც თავისიანი მოძალადეების წახალისება ხდება. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაასისხლიანებს, კანონის მიხედვით მან სასჯელი უნდა მიიღოს. გეგეშიძემ კი უბრალოდ შეისეირნა შსს-ში და დაბრუნდა, ვითომც არაფერი არ მომხდარა. ეს ძალიან საშიშია და სცდება ერთი ადამიანის, დათუნაშვილის პრობლემას. მე ვიქნები ყველა იმ მოქალაქის გვერდით, ვინც იქნება უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი", - განაცხადა ხოშტარიამ.

აქციის პარალელურად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, სადაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებენ.

* * *
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იქნება.

როგორც პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, მას სხდომისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს.

Sportall.Ge

"არ ვიცი, სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

* * *
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და მის მხარდამჭერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი პრეზიდიუმზე დათუნაშვილის დასწრება-არ დასწრების საკითხი იყო.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა დაიწყო. პრეზიდიუმის მთავარი განსახილველი თემა 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება იქნება. სხდომას ზურაბ დათუნაშვილიც ესწრებაა.


პრეზიდიუმის პარალელურად, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი იმართება.

* * *
ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.

Sportall.Ge

"ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, მოჭიდავეებს შეგვიძლია დიალოგის გზით გადავწყვიტოთ პრობლემა. თითოეული თქვენგანი აქ ხართ იმისათვის, რომ დაინახოთ ის ერთობა, რაც ჩვენს ერს სჭირდება. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი", - განაცხადა კურტანიძემ.

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი.

* * *
თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.

"ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ არ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. ვეტერანებმა და პრეზიდიუმის წევრებმა მითრეს, რომ ეს უკვე მათ აღარ ეხებათ და უნდა შეათანხმონ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის სამინისტროსთან და პარლამენტთან. შეათანხმონ, მე ველოდები. მე შერიგებას არ ვაპირებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემაც 11 იანვარს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი იყო.


* * *
გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განუცხადა. მისივე თქმით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.

"ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ გვიმსჯელია", - განაცხადა ხაბელოვმა.

* * *
გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურა დათუნაშვილს და მოინანია, ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ედიშერ მაჩაიძის თქმით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.

"მორალური მხარე, რომელიც ზურა დათუნაშვილს აწუხებდა, ეს იყო ბატონი გეგას ის ქცევა, რომელიც მსჯელობის საგანია. გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია. მან თქვა, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ზურა დათუნაშვილს უთხრა, რომ რადგან ფედერაციის პრეზიდენტია, ალბათ, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა. პირადად ზურას ბოდიში მოუხადა. გეგა გეგშიძემ ზურა დათუნაშვილს ჰკითხა: ახლა შენ თქვი შენი მხრიდან რაც დააშავეო", - განაცხადა მაჩაიძემ.

მისივე თქმით, საპასუხოდ ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძეს განუცხადა, რომ მას მოძალადე პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ შეუძლია. ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, მთავარია, დათუნაშვილმა ცხელ გულზე ემოციები შეიკავოს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პასუხი მოგვიანებით დაფიქრებულად გასცეს.

მომზადებულია ipn.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 14 /
სირცხვილია!!! ვის შეუძლია შეაჩეროს ეს არასამართლიანობა? ამ ქვეყანას ეშველება???
1
სამარცხვინოებო,არაქართველებო,შერმადინებო.... ამ,წესიერ და ნიჭიერ ადამიანს,ისე უქმნით საქმეს ,რომ წავიდეს ქვეყნიდან და სხვა ქვეყნის სახელით იჭიდავო.ეს არის ქვეყნის ღალატი. ნითუ ცოტა მამლუქი გვყვას სპორტში,სწორედ თქვენი ასეთი არაკაცური,არამოქალაქეობრივი და არა პატრიოტული საქციელის გამო.
დავით იბერიელი
20:08 23-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული