"მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა" - ტატოს ოქროს მედალი და ემოციები (ბლოგი უზბეკეთიდან)

AutoSharing Option
ბლოგი უზბეკეთიდან
--------------------------------
დღეს, როცა გარშემო კარგი აღარაფერი ხდება... სოციალურ ქსელში ყოველი მეორე სიახლე ტრაგედიასთან რომაა დაკავშირებული... ვეცნობით ამბებს, თუ რამდენი ათასი ქართველი გადაიხვეწა სამშობლოდან სადღაც შორს, იმის იმედით, რომ იქ უკეთესი ცხოვრება დახვდებოდათ... მსგავსი ვითარების დროს სპორტული კუთხით წარმატება უდიდეს შვებას გვგვრის, გაუსაძლის ტკივილს წამიერად გვიხსნის და გვაძლევს იმ ბედნიერ ემოციებს, რაც სტიმულს გვიმატებს ცხოვრების გაგრძელებისკენ... თუნდაც რად ღირს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური თავგადასავლისთვის თვალის დევნება, ქართველი ბიჭი იტალიის სერია A-ს პრინცად გვევლინება და ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას მემკვიდრედ მოიხსენიებენ... მისი თამაშის
დროს ხომ საქართველოში ერთხმად ნერვიულობენ, ერთად განიცდიან და სიხარულის ცრემლებსაც ერთად ღვრიან.

ოქტომბრის დასაწყისში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში გაიმართა. შემადგენლობა რომ გამოცხადდა, მამაკაცთა თანრიგში დიდ წარმატებას ველოდით. უნდა ითქვას, რომ ყველას გაუკვირდა - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბექა ღვინიაშვილის მაგივრად ლუკა მაისურაძის დანახვა, თუმცა 24 წლის ძიუდოისტმა თბილისში ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა.

უკვე ყველამ იცის, რომ ქართულმა დელეგაციამ ტაშკენტიდან 4 მედალი (1 ოქრო გრიგალაშვილისგან, 3 ბრინჯაო ბექაურისგან, მაისურაძისგან და თუშიშვილისგან) დაისაკუთრა. დღეს გესაუბრებით მე-4 საჭიდაო დღეზე, როდესაც "ჰუმოს არენის" ერთ-ერთ ტრიბუნაზე სიამაყით კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ დიახ, მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა.

9 ოქტომბრის დილა გათენდა. ტაშკენტში, ტრადიციულად, დილიდან ცხელოდა. 3 წარუმატებელი დღის შემდეგ პირველი მედლის მოლოდინში "ჰუმო არენისკენ" გავემართე. წინა დღეს ლაშა შავდათუაშვილის წარუმატებელი ჭიდაობის შემდეგ ხასიათი ცოტა წამხდარი მქონდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი მსოფლიოს პირველობას მოქმედი ჩემპიონის რანგში და არასახარბიელო ფორმით შეხვდა, რის გამოც უმედლოდ დარჩა...

მე-4 საჭიდაო დღეს ტატამზე ტატო გრიგალაშვილს ველოდით. რა ვიცოდით, წინ რამხელა სიხარული გველოდა...

ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ახალგაზრდა მარგალიტი პირველ წრეში ისვენებდა, მე-2 და მე-3 წრეში ფრანგი უმარ დიალოსა და დომენიკელი კორტორეალის ბარიერი გაიარა, მეოთხედფინალში კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე შეხვდა...

Sportall.Ge

როდესაც ძიუდოისტები ტატამისკენ სწრაფი ნაბიჯით მიიჩქაროდნენ, იაპონელი ჯუდოკის კიმონოზე ოქროსფერი არშია შევნიშნე. სწორედ აქ ამიტანა პირველად ნერვიულობამ... ტატოს უმძიმესი გამოცდა ელოდა. დარბაზში მასპინძელი უზბეკების შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი საქართველოდან ვიყავით ჩასულები. რა თქმა უნდა, "გრიგალას" მიმართულებით გამამხნევებელი შეძახილები ისმოდა, უზბეკებიც ჩვენი ბიჭისკენ იყვნენ. ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, საქმე "გოლდენ სქორამდე" მივიდა, სადაც 3 გაფრთხილებითა და ავტომატურად ტექნიკური გამარჯვებით ქართველი ნახევარფინალში გავიდა, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი კი რეპეშაჟისკენ გაემართა. "ჰუმო არენაზე" დამსწრე საზოგადოებამ, როგორც იქნა, ქართულ-იაპონურ დაპირისპირებაში ქართველი გამარჯვებული იხილა.

Sportall.Ge

ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საიდ მოლაი ასევე ტექნიკური გამარჯვებით დაამარცხა და ტატო ფინალშია...

ფინალურ ბლოკამდე ტრადიციული შესვენება გამოცხადდა. პირველად არ დავტოვე "ჰუმო არენის" მიმდებარე ტერიტორია, იქვე სკამზე ჩამოვჯექი საქართველოს დროშით ხელში და ვფიქრობდი მრისხანე მატიას კასესთან ფინალურ ბრძოლაზე, გაიმარჯვებს ტატო თუ კასეს გავატანთ ისევ ოქროს სინჯის მედალს ბრიუსელში? დრო გაიწელა. ალბათ, ასეც ხდება, როდესაც რაღაცის მიმართ მოლოდინი გაქვს...

როგორც იქნა, შესვენება დამთავრდა. ტატამზე ჯერ - 63 კილოგრამში მოასპარეზე ქალბატონები გამოვიდნენ. პირველი ადგილი იაპონელმა მეგუმი ჰორიკავამ არავის დაუთმო.

Sportall.Ge

დაიწყო კაცების ჭიდაობა. ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ქართველმა მაყურებელმა ჩვენებური აპლოდისმენტებით გავაცილეთ.


და დადგა მე-4 დღის უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიდაობის დროც. სპეციალურად მოწყობილი ჯიხურიდან ტატო და ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ნელი და გრაციოზული ნაბიჯით გამოვიდნენ... ნერვიულობამ კიდევ უფრო მოიმატა.

მსაჯმა ნიშანი მისცა და ჭიდაობაც დაიწყო. ძიუდოისტები გარდამავალ უპირატესობას ფლობდნენ. გვეშინოდა, არ გვინდოდა კიდევ ერთი მარცხი მატიასთან. საქმე "გოლდენ სქორამდე" მივიდა. 2 წუთის თავზე "გრიგალას" 2 გაფრთხილება ჰქონდა. უკვე შედეგიანი გდება გვინდოდა, თანაც კასე დაღლილი მოჩანდა, მაგრამ 2021 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალში დაშვებული შეცდომა არ უნდა გამეორებულიყო და ტატოს არც ერთი არასწორი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა, საჭირო იყო, რომ გდება გამოსულიყო, მაგრამ რისკი მინიმუმამდე უნდა დაგვეყვანა. ამის გაცნობიერების მომენტში კიდევ უფრო მეტად ავნერვიულდი, სკამზე გაჩერება მიჭირდა. სადაცაა მე-4 დამატებული წუთი უნდა დაწყებულიყო, რომ ტატომ ქამარი აიღო. ალბათ ამ მომენტში ყველამ გულში გაიფიქრა - "მიდი, ტატო, წამოვა" და მატიას კასე გაკრულია ბეჭებზე!


პირველი ქართული მედალი და თანაც ოქროსი, ისევე, როგორც ყველას, სიხარულისგან ემოციების შეკავება გვიჭირდა. სწორედ ესაა სპორტის სიდიადე, გავიწყებს ყველაფერს და გაძლევს იმ ემოციას, რაც სხვა დროს, სხვა ადგილზე არ მოვიდოდა შენამდე. სიხარულისგან ცრემლებსაც კი ვერ ვიკავებდი, ვუყურებდი ქართულ დროშებს, გახარებულ ქართველებს, ვგრძნობდი, რა ხდებოდა ტელევიზორთან მდგომი ჩემი თანამემამულეების გულში და ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ბედნიერება ტატოს ბედნიერებასთან არც კი მივიდოდა. ვიდექი და ტაშს ვუკრავდი. არ მინდოდა, ეს სასიამოვნო მომენტი დასრულებულიყო, რა დროსაც უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო, შევბრუნდი და ერთი მამაკაცი დგას, უზბეკეთის დროშაშემოხვეული, გამომიწოდა ხელი, ჩამომართვა და მითხრა, რომ დამსახურებული ჩემპიონი გყავთო. ხელმეორედ ავივსე სიამაყის გრძნობით. ამ ადამიანს მეორე და მესამე კაცები მოჰყვნენ და მე, ქართულ დროშაშემოხვეულ ბიჭს გამარჯვებას უცხოელი ხალხი მილოცავდა. არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია. ამჯერად უკვე დიდი სიამაყით ვიძახდი - დიახ, მე ქართველი ვარ, - 81 კილოგრამ წონით კატეგორიას ახალი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჰყავს და ეს ქართველი ტატო გრიგალაშვილია.

Sportall.Ge

ტატო გრიგალაშვილი მეექვსე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან გადმოხედა მსოფლიოს. ტაშკენტის დარბაზი იღბლიანი გამოდგა ქართველი ფალავნისთვის, რომელმაც ქართულადაც იჭიდავა უზბეკურ ტატამზე და ჩემპიონობის შემდეგაც ისეთი სიტყვები მოგვასმენინა, ნებისმიერ ქართველს გულის კუნჭულამდე რომ ჩაჰყვება და სიამაყით აავსებს: "ჩემპიონობის მიზეზი ქართული სული და გამარჯვების წყურვილია. ჩვენ ჩვენი სამშობლოს მეომრები ვართ და ეს გამარჯვებაც, პირველ რიგში, გულიდან მოდის!" – თქვა ტატომ დაჯილდოების შემდეგ. მეოთხედფინალში, გრიგალაშვილმა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს აჯობა და არც დაუმალავს, რომ იაპონელის წინააღმდეგ გაორმაგებული მონდომებით იჭიდავა: "ნაგასეს კიმონოს ზურგზე ოქროს არშიას ვხედავდი... ჩემი მიზანიც ეს არის – ზურგზე არშია ძალიან მნიშვნელოვანია!"


კვარცხლბეკის გზამდე 4-ივე მედალოსანი ერთად შეიკრიბა, გრიგალაშვილი და ბორჩაშვილი ერთმანეთს გადაეხვივნენ და წარმატებული საჭიდაო დღე ერთმანეთს მიულოცეს... ისმოდა აპლოდისმენტები, მოპირდაპირე იარუსიდან ყველანი ერთხმად ყვიროდნენ - "ტატოს გაუმარჯოს, გაუმარჯოს" და ჩვენი ვარსკვლავი იღიმოდა, ხვდებოდა და აწი უფრო მეტად მიხვდება, რისთვის უნდა იბრძოლოს.


გიორგი ჭანიშვილმა სიამაყით გამოაცხადა - ოქროსმედალოსანი საქართველოდან - ტატო გრიგალაშვილი. გადასცეს კუთვნილი მედალი და ჩაირთო საქართველოს ჰიმნი. სიამაყით ვიდექი ფეხზე და ვუსმენდი ჰიმნს, რომელიც არაერთხელ მიმღერია საფეხბურთო თუ საკალათბურთო მატჩების დაწყებამდე, მაგრამ ახლა მშვიდად მოსმენა მერჩივნა.

დასრულდა დაჯილდოება, მაგრამ დარბაზის დატოვება არ მინდოდა, ისევ ფეხზე ვიდექი დროშაშემოხვეული და ტაშს ვუკრავდი. ბედნიერი ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ამხელა გზის გავლა ღირდა, შორეულ უზბეკეთში საქართველოს ჰიმნს ამაყად მოვუსმინე, უცხოელებმა კი ჩემი ქართველობა მომილოცეს, ჩემი თანამემამულის წარმატება დააფასეს...

უკვე გასვლის დრო იყო, ამჯერად დროშა ჩანთაში არ შემინახავს, ისევ მხრებზე მქონდა შემოხვეული, ვტოვებდი "ჰუმო არენას" და რამდენიმე ქართველს ვხედავდი, რომლებმაც ჩემ მსგავსად დროშაშემოფარებულმა და ამაყად თავაწეულმა დატოვეს დარბაზი. სიამაყით მივდიოდი და მინდოდა ეს გრძნობა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო...
მკითხველის კომენტარები / 12 /
წინსვლა წარმატება უფლის წყალობა გქონდეს ტატო ამინ!
მანი
01:09 21-10-2022
0
ყოჩაღი გიორგი. ყველაფერი მისხალ-მისხალ გაქვს აღწერილი.მაგრამ ჩემი აზრით ერთი მცირე დეტალს დანამატები,რითაც იქ მყოფმა ქართველებმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი,თუ რა საამაყო ქვეყნის შვილები ვართ.ტატომ იმ მძიმე ფინალური ბრძოლის შემდეგ, როდესაც ორივენი ძლივს იდგნენ ფეხზე,ტატომ ჩაკიდა კაფეს ხელი და ორივეს გამარჯვების ნიშნად დიდხანს ზეაწეული ეკავა.არცერთ ჩემპიონს არც ქალებში და არც კაცებში მსგავსი რამ არ ჩაუდენია.მართლაც,რომ ღირსეული ქართველი ჩემპიონის რაინდული საქციელი იყო.
იმედა კურტანიძე
06:23 19-10-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული