ამ ტურნირზე მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ ექსპერიმენტი ჩაატარა და შეჯიბრების ფორმატი შეცვალა: პირველ დღეს წინასწარი შეხვედრები ტარდებოდა, ფინალური ბლოკი კი მეორე დღეს იმართებოდა. თან
როგორი გამოხმაურება ჰქონდა ახალ ფორმატს, თავად რას ფიქრობს ამ ექსპერიმენტზე, როგორ აფასებს თავისი შეგირდების გამოსვლას და ვის გამოარჩევს მათგან? ამ ყველაფერზე ჭაბუკ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხვიჩა ქორიძე გვესაუბრება, ვისთვისაც ეს სადებიუტო ევროპირველობა იყო.
- ელოდით ასეთ წარმატებას ამ დონის შეჯიბრებაზე?
- გუნდურში ჩემპიონები გავხდით და პირადში ექვსი მედალი მოვიპოვეთ, მაგრამ ორი მედლის მოპოვება კიდევ შეგვეძლო 42-სა დ 85 კილოგრამებში. 42-ში დიმიტრი ხაჩიძეს 5 წამი დააკლდა ბრინჯაომდე, 85-ში კი ლუკა ხუციშვილი 4:0 იგებდა არც ისე ძლიერ უნგრელ ალექს ჟოკესთან, მაგრამ სუფთად დამარცხდა. მასაც შეეძლო მედლის მოპოვება და იმ შედეგს მივაღწევდით, რაც ევროპის ჩემპიონატზე წასვლამდე დაგეგმილი მქონდა. ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემთვის როცა ვფიქრობდი, რვა კაცზე ვაკეთებდი გათვლას.
ძალიან ბევრი ხარვეზიც გამოჩნდა, რაზეც მსოფლიოს ჩემპიონატამდე ვიმუშავებთ. ვერ ვიტყვი, რომ დავალებები ყველამ კარგად შეასრულა. ძნელია ხუთ თვეში იმის შეცვლა, რასაც ისინი წლების განმავლობაში სწავლობენ, თუმცა იყო სასიამოვნო სიახლეებიც: ჯვარედინ მოვლებაზე ჭიდაობა, გდებებზე და ახლოდან ჭიდაობა, გამართული დგომა, ყველა მუშაობდა შეტევაზე და ჩემთვის ყველაზე მთავარი დადებითი მომენტიც ეს იყო, რომ დავალებების დიდი ნაწილი შეასრულეს და ბოლომდე იბრძოლეს.
- ვის გამოარჩევთ გუნდიდან?
- ბექა გურულმა მშვენივრად იჭიდავა. აქვე გეტყვით, რომ ის სკოლაშიც ძალიან კარგი მოსწავლეა, კარგად სწავლობს. მისგან სამეულს ველოდებოდი, მაგრამ ჩემპიონობას - არა. ჩემი ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულა. შესვენებაზე რომ გამოდიოდა, რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს მართლაც ისე აკეთებდა.
გიორგი შოთაძეს რაც შეეხება, ერთ-ერთი გამორჩეული მოჭიდავეა და, ალბათ, სამომავლოდ კაშკაშა ვარსკვლავი უნდა იყოს თავისი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით, საქმისადმი დამოკიდებულებით. ხალიჩაზე რომ გადის, ერთი წამითაც არ შეგეპარება ეჭვი, რომ ან უკან დაიხევს, არ იბრძოლებს და ან შეცდომას დაუშვებს.
- ანუ სკოლაში კარგი სწავლა სპორტსმენისთვისაც საჭიროა...
- ეს აუცილებელია სპორტსმენისთვის. ჭიდაობას, სპორტსაც სჭირდება აზროვნება და ვინც სკოლაში გამოირჩევა აკადემიური მაჩვენებლებით, ჭიდაობაშიც გაცილებით უკეთ აზროვნებს. მაგალითად, ასეთივეა აკაკი ოსიაშვილიც - რასაც ეტყვი, ესმის, გიჯერებს და ასრულებს.
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსამზადებელ პროცესში რაღაცები შეცვალეთ კიდეც...
- თავიდან ბოლომდე შევცვალეთ. ჩვენი მიმართულება ასეთი იყო: უნდა ყოფილიყო ილეთებზე ჭიდაობა, თავაწეული, წელში გამართული დგომი, ახლოდან ჭიდაობა და რაც მთავარია - შეტევა! უნდა გვეჭიდავა პირველ ნომრად.
- ჩემპიონატის ახალ ფორმატზე რას იტყვით და თუ იცით, რა შეფასება დაიმსახურა მან უცხოელებში, საჭიდაო წრეებში?
- ძალიან რთული ფორმატია, თუმცა, რაკი ამის შესახებ ადრიდანვე ვიცოდით, თადარიგიც თავიდანვე დავიჭირეთ - შეჯიბრებამდე ისე მივედით, წონის პრობლემა არავის ჰქონია, ყველა თავისი წონით მივიდა იქამდე, 400-500 გრამი თუ ჰქონდათ დასაკლები.
ამ პროცესს მე და ჩემი ასისტენტები ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით, მათთან ერთად კი მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმ ლევან ლინკინს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ბიჭებს ენერგია ჰქონოდათ და დიდად დაგვეხმარა. წონის გაკონტროლება სრულიად შესაძლებელია. ბოლო ორ-სამ დღეში თუ იკლებენ 4-5 კილოგრამს, რატომ არ შეიძლება, ეს მთელი კვირის განმავლობაში გააკეთონ? ესენი პატარები არიან და აქედანვე უნდა მიეჩვიონ დისციპლინას, საკუთარი თავის გაკონტროლებას, რაც მერე გამოადგებათ ცხოვრებაშიც და სპორტშიც.
უცხოელებს ვისაც ველაპარაკე, ყველა უკმაყოფილო იყო - გერმანელებიც, რუსებიც და სხვებიც. ყველა ამბობდა, რომ ცუდი ფორმატია და მეც ასე ვფიქრობ. მეორე დღეს ჩვენებს დასაკლები არ ჰქონდათ, რადგან იმ დღეს 2 კილოგრამის გადამეტება უკვე შეიძლება, მაგრამ ამ წონას ხომ იჭერს და იკლებს საკვებს, ყველაფერს, ორგანიზმი მაინც სტრესშია. ჯობია, ეს მაინც ერთ დღეს იყოს, თუმცა ჩვენ ახლა მივეჩვიეთ ამას, თორემ ადრე, როცა მე ვჭიდაობდი, სამჯერ ვიწონებოდით.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სად მოემზადებით და ცვლილებები თუ იქნება გუნდში?
- 6 აგვისტოს წყალტუბოში ვიწყებთ შეკრებას, თუმცა პირველ ნომრებს ცოტა დავასვენებთ, დახლოებით 4-5 დღეში კი ინტენსიურ ვარჯიშს დავიწყებთ. გუნდში საკადრო ცვლილებებიც აუცილებლად იქნება - უმედლოდ დარჩენილი იმ ოთხი კაციდან სამი უთუოდ შეიცვლება.
დავტოვებთ მხოლოდ ხაჩიძეს, რომელსაც ურიგოდ არ უჭიდავია. ის კარგი ბიჭია, ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და შეცდომები კი ჰქონდა, მაგრამ მსოფლიომდე მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. დანარჩენ სამ წონაში - 46-ში, 85-ში და 100-ში ახალი მონაწილე გვეყოლება.
სადღეისოდ მეორე შემადგენლობა თურქეთში გვყავს გაგზავნილი შეკრებაზე, სადაც ტურნირსაც იჭიდავებენ. ამათ შემცვლელებს იმათგან შევარჩევთ და მათ ვინაობასაც მერე დავასახელებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"