დოპინგ-სკანდალი: ზოიძეს ოქროს აძლევენ, მელიას ვერცხლს ართმევენ

AutoSharing Option
ფოტოზე: რამაზ ზოიძე ამ ორთაბრძოლაში კი დამარცხდა, მაგრამ...
საჭიდაო სამყაროში მიმდინარე დოპინგ-სკანდალმა ახალი ვნებათაღელვა მოგვიტანა - სასიხარულოც და სამწუხაროც.

სასიხარულოთი დავიწყოთ: თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი გოგშელიძისთვის (97 კგ) ოლიმპიური ბრინჯაოს ვერცხლზე გადაცვლის შემდეგ, ამჯერად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხელვაჩაურელი ტალანტი რამაზ ზოიძე გამოცხადდა ევროპის ჩემპიონად 71 კილოგრამში, ოღონდ - 23-წლიანთა შორის.

აღნიშნულ შეჯიბრებას მარტი-აპრილის გასაყარზე უნგრულმა საჭიდაო ცენტრმა სომბათჰეიმ უმასპინძლა. ზოიძემ ფინალამდე მისთვის ჩვეული შემართებით გაიარა გზა და სამი ძლიერი მეტოქე დაამარცხა: უკრაინელი არტურ პოლიტაევი, რუსი ადლეტ ტიულუბაევი და თურქი მურატ დაგი, ფინალში
კი ვერაფერს გახდა აზერბაიჯანელ ისლამბეკ დადოვთან. სამაგიეროდ, დადოვთან დოპინგ-ლაბორატორია გახდა ბევრს: იქვე აღებულ სინჯებში მას აკრძალული ჰორმონალური პრეპარატის - კლომიფენის კვალი აღმოუჩინეს და ერთწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს, რამაც სათავე მიმდინარე წლის 27 აპრილს აიღო. შედეგად, წეს-კანონის მიხედვით, მას დაუყოვნებლივ ჩამოერთვა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი, რაც ქართველ ფალავანს გადაეცა.

მართალია, ამის შესახებ ჯერ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ოფიციალური წერილი არ მოსულა, მაგრამ მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ თავის საიტზე უკვე შეცვალა 23-იანთა ევროპირველობის საბოლოო ცხრილი 71 კილოგრამში, დადოვის გვარ-სახელი საერთოდ ამოღებულია სიიდან, ზოიძე კი პირველ ადგილზე წერია. შესაბამისად, მასპინძელთა გასახარად, ბრინჯაოსმედალოსანთაგან მეორეზე აინაცვლა უნგრელმა რობერტ ფრიჩიმ, რადგან ის დამარცხდა დადოვთან, მის ნაცვლად კი ბრინჯაო იტალიელმა რიკარდო აბრესციამ მიიღო, ვინც დამამშვიდებლის ფინალი მადიართან წააგო.

არ ვიცით, აზერბაიჯანელებმა გააპროტესტეს თუ არა აღნიშნული სანქცია, მაგრამ ახლა ეს არცაა მნიშვნელოვანი: იმ ტურნირიდან ყველა დასაშვები ვადა უკვე გავიდა და მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ ამიტომ შეცვალა ცხრილი, თორემ საკითხი ჯერ ისევ საკამათო რომ იყოს, ამას არ გააკეთებდა.

გიორგი მელიას ვერცხლი მოპარეს
სამწუხაროდ, ამ სასიხარულო ამბის გვერდით ერთ ევროპულ მედალს ჩვენც გამოვეთხოვეთ. თანაც - ასევე ბერძნულ-რომაულში: სამტრედიელ გიორგი მელიას (96) შარშან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოართვეს. მიზეზი ისევ დოპინგია და ისევ ის დაწყევლილი მელდონიუმი...

როგორც დავადგინეთ, მას ჩვეულებრივმა სამოქალაქო და არა სპორტულმა ექიმმა დაუნიშნა დამამშვიდებელი წამალი, რომელიც შეიცავდა ამ ნივთიერებას. როგორც გვითხრეს, ის ძალიან ფრთხილი სპორტსმენია და ხშირად თურმე ოფიციალურად დანიშნულ საკვებ დანამატებსაც არ იღებდა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იმ პრეპარატის მიღების შესახებ გუნდის ექიმს არ აცნობა. თუმცა მას, თურმე, მელდონიუმის ძალიან მცირე დოზა აღმოაჩნდა - 0,1, როცა დასაშვებია 1,0.

აქ ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა: მისი გვარ-სახელი არაა შეტანილი მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის საიტზე დოპინგისთვის დისკვალიფიცირებულთა ბაზაში, მხოლოდ მედალოსანთა სიიდანაა ამოღებული. ბუნებრივია, თუ მელდონიუმის გამოა დასჯილი, მაშინ რატომ არაა სიაში; ან ის დოზა დასაშვებზე თუ ასე ბევრად ნაკლებია, საერთოდ რატომ დასაჯეს? მედალი თუ ნამდვილად დოპინგისთვის ჩამოართვეს, მაშინ რატომ არ მისცეს დისკვალიფიკაცია, რაც ლამის ავტომატურ რეჟიმში ხდება? არადა, იმ ტურნირიდან ერთ თვეში მელიამ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზეც იჭიდავა და მოიგო კიდეც.

უცნაურია, რომ ის მედალი ხელუხლებლად აქვს შენარჩუნებული, როცა დოპინგზე მხილებულს იმ პერიოდში მოპოვებულ ყველა ტიტულს ართმევენ. იმ დროს მის საქმეზე კვლევა უკვე დაწყებული იყო და ან საერთოდ რატომ დაუშვეს მსოფლიოზე, რატომ არ მისცეს დისკვალიფიკაცია, ან მერე რატომ დაუტოვეს ის ჯილდო?

ამ საქმეში მსგავსი პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია, რაც ასევე უცნაურად ეჩვენება საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელ პალიკო კასრაძესაც. სიმართლე გითხრათ, როცა მისი გვარ-სახელი ვერც მედალოსანთა სიაში ვნახე და ვერც - დოპინგზე ჩავარდნილებში, ვიფიქრე, რომ ევროპის ჩემპიონატზე იჩხუბა (ამის შემდეგ მან ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონატზეც იჩხუბა) და ამისთვის მისცეს დისკვალიფიკაცია, მაგრამ კასრაძემაც დაგვიდასტურა და სხვა წყაროებმაც, რომ პრობლემა ნამდვილად მელდონიუმი იყო.

სამწუხაროდ, ფედერაციაში ამის შესახებ ვერაფერი გვითხრეს, თუმცა ამ ამბების განხილვა ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე ხდებოდა, წინა ხელმძღვანელობიდან კი საქმეში გასარკვევად ვერავის დავუკავშირდით.

უცნაური გადაწყვეტილება
კიდევ უფრო უცნაურია, დასაშვებ ნორმაში თუ იყო, მაშინ საერთოდ რაღას ედავებოდნენ? ან დასაშვები ნორმაც თუ სადავოა, მაშინ რაღას უშვებ საერთოდ?

არ გამოვრიცხავ, რაკი მელიამ იმ პრეპარატის შესახებ გუნდის ექიმს არ აცნობა და, შესაბამისად, არც არავინ შეიტანა სპორტსმენის ანკეტაში (თუ გუნდის ექიმი წინასწარ შეიტანს აკრძალულ წამალს სპეციალურ ანკეტაში და თან მერე ზემდგომებთან დაამტკიცებს, რომ ის წამალი აუცილებელი იყო ათლეტის მკურნალობისთვის, მაშინ ამას მხედველობაში მიიღებენ), ამიტომ დასაჯეს, თუმცა - მხოლოდ ასე მსუბუქად (ჩამოართვეს მედალი და არ მისცეს დისკვალიფიკაცია), თუმცა, როგორც კასრაძემ გვითხრა, ახლა ვადა-მ გაამკაცრა მიდგომა და ამასაც ნაკლებად ითვალისწინებენ. თურმე მათი პოზიცია ბევრად უფრო ხისტი გახდა: სპორტსმენი პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველა წამალზე, რომელსაც მიიღებს და ის გუნდის ექიმის დაუკითხავად არ უნდა დალიოს!

ცხადია, ამ ამბის ფინალი ჩვენთვის ცუდია, მაგრამ უვვ-მ კი ნამდვილად სახალისო გაგრძელება აირჩია. როგორც წესი, დოპინგზე ჩავარდნის შემთხვევაში სპორტსმენს ჩამოერთმევა მედალი და ის მის მომდევნოს გადაეცემა (როგორც ზოიძესთან მოხდა), ამ შემთხვევაში კი ვიცე-ჩემპიონის გრაფა, უბრალოდ, ცარიელია. სამაგიეროდ, უვვ-მ ერთბაშად სამი... ბრინჯაოს მედალი გასცა: უკრაინელმა ვლადენ კოზლიუკმა და თურქმა იბრაჰიმ სადულაჰ ტიგიმ ბუქარესტშივე, ტურნირზე მოიპოვეს ის, ახლა კი მათ გერმანელი ერჰან ცელიკიც დაემატა, ვისაც მელიამ ნახევარფინალში მოუგო.

ისე, ესეც უცნაურია: ჩვენებური დოპინგისთვის თუ დაისაჯა, მაშინ ვერცხლი რატომ არ გადაეცა უკრაინელს? სავარაუდოდ, რაკიღა დოპინგი არ ფიგურირებს, ვერცხლის მედალი ამიტომ დატოვეს გაუცემელი.

ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმედს, რომ ქართული მხარის (ფედერაცია, ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო) აქტიურობის შემთხვევაში, იქნებ ეს ჯილდო მელიას დაუბრუნონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
უნდა გააქტიურდეს სპორტის ფედერაცია! თორემ თორემ მსოფლიოს ჩემპიონობასაც ჩამოართმევენ!
0
მაგარი ლოგიკაა - გაძლევენ მოგწონს და თუ იგივე ლოგიკით გართმევენ მოპარვაა? ჟურნალისტები
ჯონდო
14:39 08-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული