მოკლედ, წონითი კატეგორიების რაოდენობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც 10-მდე გაიზარდა, თუმცა ოლიმპიური კატეგორია აქაც 6 იქნება, დანარჩენი კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვისაა განკუთვნილი. ამიერიდან ბერძნულ-რომაულში, მინიმუმ, ამ ოლიმპიურ ციკლში მაინც შემდეგი წონითი კატეგორიები იქნება: 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97 და 130, ამათგან კი ოლიმპიადის პროგრამაში შევა 55, 63,
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთისთვის რა გუნდიც გვყავს, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ჩამონათვალია. დავიწყოთ იმით, რომ მინიმალური ზღვარი დასწიეს - მართალია, 55 კილოგრამი არც ჩვენთვის და არც - ჭიდაობისთვის უცხო არაა, მაგრამ ჭამა-სმის მოყვარულ ქართველებს ასეთ მჩატე წონებში ყოველთვის გვიჭირდა ხეირიანი ფალავნები. თუმცა, გასაგებია, მსოფლიო ჩვენს გემოვნებაზე არ მოეწყობა და, პირიქით, ჩვენ უნდა მოვერგოთ არსებულ წესებს, მაგრამ ამ წონაში მიმდინარე ციკლში გაგვიჭირდება. თან, ეს ოლიმპიური წონაა.
მეორე ცუდი ისაა, რომ საერთოდ ამოვარდა 66 კილოგრამი, სადაც ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი გოგა გოგიბერაშვილი გვყავს. ისინი უპრობლემოდ გადაინაცვლებენ 67-ში, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს წონა არაა ოლიმპიური და ტოკიოს თამაშებზე მოსახვედრად მათ, სავარაუდოდ, 72-ში მოუწევთ ანაცვლება, რაც არ იქნება იოლი. განსაკუთრებით - გოგიბერაშვილისთვის, თორემ ბოლქვაძე ამ ბოლოს კი ჭიდაობდა 71-ში. თუმცა ეს მაინც არ იყო მისი წონა და უფრო იძულებით უხდებოდა იქ გამოსვლა. მისთვის ოპტიმალური წონა მაინც 66-67 კილოგრამებია, სადაც ევროპა-მსოფლიოზე ნამდვილად უნდა ჰქონდეს შედეგები.
ჩვენთვის კიდევ ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ საერთოდ ამოვარდა 80 კილოგრამი - ოლიმპიურშიც და ისეც, რაც ძალიან ცუდია ჩვენი გუნდის ლიდერის, ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილისთვის. ევროპა-მსოფლიოზე 82-ში კი იასპარეზებს, მაგრამ ოლიმპიადისთვის სად უნდა დადგეს - 72-ში თუ 87-ში? ორივე ძალიან გაუჭირდება, თუმცა 72-მდე დაკლება მთლად შეუძლებელი ჩანს და ისევ 87-ში თუ ეცდება ოლიმპიადაზე მოხვედრას.
მსოფლიოს ფედერაციის უცნაურობა იმაშიც ჩანს, რომ ოლიმპიურ წონებში 72 კილოგრამის შემდეგ 15-კილოიანი შუალედი აქვს. თუნდაც 82 რომ დაეტოვებინათ, დათუნაშვილისთვის იდეალური იქნებოდა, ახლა კი კაცი ლამის გამოეთხოვოს ოლიმპიადაზე მოხვედრის ოცნებას.
რაც შეეხება ზედა სამ წონას - 87, 97 და 130-ს, ჩვენებისათვის, არსებითად, არაფერი იცვლება. მართალია, აქამდე 98 კილოგრამი იყო, მაგრამ 1 კილოს დაკლება არაა დიდი პრობლემა. სამაგიეროდ, 86-ს დაემატა 1 კილოგრამი, რაც, პირიქით, კარგიც უნდა იყოს წონის დამკლები ფალავნებისთვის.
მსოფლიოს ფედერაციის მთავარი უცნაურობა ისაა, რომ ორივე საჭიდაო სტილში ისევ სხვადასხვა წონითი კატეგორიაა, რაც დამაბნეველია ყველასა და ყველაფრისთვის. აბა, ვინ აგვიხსნის, რატომ უნდა იყოს მძიმე წონა "თავისუფალში" 125 და ბერძნულ-რომაულში - 130?..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"